გიორგი კვირიკაშვილი – 26 მაისის აღნიშვნის ძირითადი თემატიკა “ვეფხისტყაოსანი” იქნება

26 მაისის აღნიშვნის ძირითადი თემატიკა “ვეფხისტყაოსანი” იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება.

“ჩვენ წელს დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ვზეიმობთ შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს. ამ დღესასწაულის განმავლობაში ძირითადი თემატიკა იქნება დაკავშირებული “ვეფხისტყაოსანთან”, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მართლა გვაქვს განუმეორებელი განძი, რომელიც ვფიქრობთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა წარმოვაჩინოთ და მომავალი თაობები აღვზარდოთ იმ ფასეულობებზე, რომელზეც არის საუბარი გენიალურ ნაწარმოებში. დღესასწაულების ძირითადი თემატიკა იქნება “ვეფხისტყაოსანი”. დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ეს თანხები გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღესასწაული ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა რაიონში გაიმართება.

“სხვადასხვა სამინისტროები იქნებიან წარმოდგენილი სხვადასხვა რაიონში. ტრადიციულად იქნება ჯარისკაცების ფიცის დადების ცერემონია”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.