„სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს თბილისში აქციის გამართვას გეგმავს

თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ „სახალხო მოძრაობა“ 10 ოქტომბერს, თბილისში აქციის გამართვას გეგმავს. მისი თქმით, აქცია იქნება ხელისუფლებისთვის გამაფრთხილებელი.

„კვირას, 10 ოქტომბერს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე „სახალხო მოძრაობა“ ვაანონსებთ დიდ, მრავალათასიან აქციას. ვაანონსებთ გამაფრთხილებელ აქციას სავარაუდო კვლავ გაყალბებისთვის და ვადამდელი არჩევნებისთვის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. ეს ყველაფერი ერთად არის ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის საფუძველი – ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, შიმშილი, რომელიც ებრძოდა და ებრძვის რუსეთს და ის საჩუქარი, რომელიც ვლადიმერ პუტინს გაუკეთეს. ეს ადამიანი შიმშილობს, მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება იმ 43 პროცენტს, რომელზეც საუბრობენ. ზუსტად იმისთვის, რომ გაყალბება არ მოხდეს, მღელვარე რუსთაველი უნდა დაინახოს რუსეთმა, ისეთი, როგორიც 20 ივნისს ვაჩვენეთ. სირცხვილია, რომ რუსეთზე მომუშავე პრეზიდენტი მოვაკვლევინოთ ოსტატურად რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებას“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, აქცია 14 ოქტომბერსაც გაიმართება.

„ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ქალბატონებს მინდა მივმართო, ახლა უნდა ვივაჟკაცოთ. ძალიან საინტერესო სიტყვა არსებობს ქართულ ენაში – დედაკაცი. ორსქესიანობას კი არ ნიშნავს, ეს ძლიერ ქალბატონს ნიშნავს და ვიცი, საქართველოში ძლიერი ქალბატონები არსებობენ. ამ ძლიერ ქალბატონებს ველოდები, ვისაც შეიძლება, სულაც არ მოსწონდათ და ფანები არ იყვნენ ყოფილი პრეზიდენტის, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი პრეზიდენტი დღეს შიმშილობს, ცუდ პირობებშია და უნდა ვივაჟკაცოთ ჩვენი მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად. 10-ში დავიწყებთ და მივატანთ 14-მდე“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, „სახალხო მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას არ შეუერთდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და „ევროპული საქართველო“ და აღნიშნა, რომ ეს მათი პრობლემაა.

„დღეს მე მოვისმინე სამწუხარო ამბავი, როდესაც დაჭერილია ადამიანი, პოლიტიკოსებმა გლობალურად უნდა განაზოგადონ, რომ ეს შენი ქვეყნის სირცხვილია. სამწუხაროდ, პარტიებისგან, რომელთა არსებობასაც ვეღარ ვნახავთ, დღეს სამწუხარო განცხადება მოვისმინე „სტრატეგია აღმაშენებლისგან“, „ლელოსგან“ და „ევროპული საქართველოსგან“, რომ ისინი არ მიიღებენ 14-ის აქციაში მონაწილეობას. მათი პრობლემაა, ეს ხალხის პრობლემა ვერ გახდება. მათაც ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი სახალხო სიტყვას იტყვიან. საკუთარ თავებს შეუშლიან ხელს, ხალხი მიტაცებულ სახელმწიფოს დაიბრუნებს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

წინა სტატიაშინანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ: ნანგრევებში მოყოლილ 12 წლის ბავშვს და დედას ვერ პოულობენ
შემდეგი სტატიანანგრევებში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი იპოვეს, ცოცხალია და კონტაქტზე გამოვიდა