საბურთალოს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორმა პარტია დატოვა

საბურთალოს რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორმა ნინო კვარაცხელიამ და მისმა რამდენიმე თანამოაზრემ პარტია დატოვეს.

როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მან რამდენიმე მიზეზის გამო მიიღო.

კვარაცხელია აცხადებს, რომ გიგა ბოკერიამ პარტიულ ღირებულებებს და პრინციპებს უღალატა.

კვარაცხელია ბრიფინგის გამართვას გეგმავს, მანამდე კი ყოფილი კოორდინატორი აცხადებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” ერთგულ აქტივისტებს შრომას არ უფასებენ.

“ის, რის თქმასაც დღეს საჯაროდ ვაპირებ, ბევრჯერ მითქვამს პირად შეხვედრებში და სოციალური ქსელის საშუალებით, მაგრამ ყური არავინ უგდო, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის ლიდერები შეხვედრებზე ხშირად საუბრობდნენ: თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია-ო, გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნებს და თქვენთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებებს-ო.

სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა და სიტყვები დარჩა ჰაერზე ნათქვამი. მაპატიეთ, მაგრამ ვერ გავხდები თანამონაწილე იმ საქმის, სადაც ერთგულ აქტივისტებს შრომას არ უფასებენ და მხოლოდ იყენებენ მათ, ეს მაშინ, როდესაც მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა და ამომრჩეველთან შეხვედრისას უამრავ ლანძღვა-გინებას იტანენ.

ბევრი ემორჩილება თავის ბედს და თვითონ ტოვებს პარტიას თქვენ ბატონებო და უპირველესად ბატონო გიგა ბოკერია უღალატეთ პარტიულ ღირებულებებს და პრინციპებს. დღემდე გყავთ პარტიაში ვირთხები და არაფერს აკეთებთ მათ მოსაშორებლად, ხოლო თუ ვინმემ კრიტიკული რამ გითხრათ მას მოღალატედ რაცხავთ, ხო და მინდა გითხრათ, ეს თქვენ მიღალატეთ მე. მე რომელიც ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდი თქვენს გვერდით უანგაროდ.

თუმცა იმათ, ვისაც ჩემზე ნაკლები ღვაწლი ჰქონდა, კარგი სამსახურები დაურიგეთ და ბოლოს გაგიდგნენ, გიღალატეს. იმიტომ ვიდექი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით, რომ მჯეროდა, ჭეშმარიტ ქართულ სახელმწიფოს აშენებდით და მომავლის ბედ-იღბალი გაწუხებდათ… ისევ იგივე შეცდომებს უშვებთ ბატონებო და არ გესმით პატრიოტების ხმა, მტერს ეძებეთ იქ, სადაც ისინი არ არიან.

ამიტომაც გადავწყვიტე საჯაროდ გამოსვლა, რომ მოგაწვდინოთ ხმა, იმედია აწი მაინც დაფიქრდებით, ხოლო მე და ჩემი თანამოაზრეები ვტოვებთ “ნაცმოძრაობას”, რითაც ასევე ვემიჯებით იმ ძალადობრივ სცენარს, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” უპასუხისმგებლო ლიდერების გამო შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში” , – წერს კვარაცხელია.

banner
წინა სტატიაში„ნაცმოძრაობისთვის“ ეს იქნება ბოლო არჩევნები, რომელშიც ექნებათ რაღაც შედეგი, მაგრამ ისეთი არა, რომ ვინმეს ამნისტია ეკითხებოდეთ”
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე: რომის პაპის საქართველოში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია