საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ქართული და ბერძნული მხარე კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2017 21:10

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა ლეგალიზაციის ხელშესაწყობად ქართული და ბერძნული მხარე კოორდინირებულ მუშაობაზე შეთანხმდა

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ლეგალიზაციის ხელშეწყობის საკითხის განსახილველად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთის მიგრაციის პოლიტიკის მინისტრს იოანის მუზალასს შეხვდა. შეხვედრის მიზანს ამ პროცესში ორ ქვეყანას შორის ერთიანი, კოორდინირებული მიდგომის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ ბერძნული მხარე შესაბამის ტექნიკურ დახმარებას გაგვიწევს მიგრაციის შესახებ საბერძნეთის 2014 წლის კანონისა და მასში შესული შესაბამისი შესწორებების ინტერპრეტაციის, ასევე, მათი პრაქტიკული რეალიზაციის საკითხში.

ფოკუსირება მოხდება კანონის იმ მუხლებზე, რომლებიც, გამონაკლისის სახით, საბერძნეთში მცხოვრებ ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების უფლებას აძლევს. მხარეები ასევე დაიწყებენ მუშაობას ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად, რომელთა საფუძველზეც ე.წ. „მესამე ქვეყნების“, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ახალი კატეგორიებისათვის, გაიხსნება საბერძნეთის რესპუბლიკაში ლეგალურად ცხოვრების შესაძლებლობები. მხარეების მიერ, პირველ ასეთ შესაძლო კატეგორიად განისაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე მზრუნველი ადამიანები.

დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, საქართველოს საელჩო გეგმავს თანამშრომლობას საბერძნეთში მოღვაწე ქართველ იურისტებთანაც, რომელთაც საბერძნეთის კანონმდებლობასთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება გააჩნიათ, ხოლო ბერძნული მხარე თავის მხრივ,გამოყოფს სამართლებრივ საკითხებზე პასუხისმგებელ შესაბამის პირს.​

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2017 21:10