საბა მეტრეველი: ნეობოლშევიკური საზოგადოება ისევ მტრების, მოღალატეების, აგენტების, კუ დ იანების ძიებაშია

ბატონო საბა, გამოვიდა თქვენი ახალი წიგნი „ანა კალანდაძე და პოლიტიკური პოსტმოდერნიზმი“. უფრო კონკრეტულად, რას ეხება კვლევა და რა სიახლე ელოდება მკითხველს?

ანა კალანდაძე ერის საყვარელი პოეტია. რჩეულთა ხვედრია მკითხველთა ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება. ანა კალანდაძე, დიდ პოეტურ ტალანტთან ერთად, მაღალი პიროვნული კონსტიტუციითა და მარადიულ ფასეულობათა ერთგულებით გამორჩეული მოვლენა იყო ქართულ სინამდვილეში და, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თავისი თავმდაბლობითა და  ქართული სიდარბაისლით, ჩვენს მწვავე რეალობაში რიგით ადამიანად ცხოვრების კულტურას ამკვიდრებდა. რაც შეეხება წიგნს:  მასში 1946 წლის 25 მაისს ანა კალანდაძის სამწერლო ასპარეზე გამოსვლა შეფასებულია, როგორც დემონტაჟი საბჭოთა ლიტერატურული პრაქტიკის ერთიანი, ყოვლისმომცველი მეთოდის, სტალინური პერიოდის ესთეტიკური კოდექსის – სოციალისტური რეალიზმისა, რომელსაც პოლიტიკურ პოსტმოდერნიზმს ვუწოდებთ. 72 წლის წინ 22 წლის სტუდენტმა გოგონამ ბელადის – „დიდი სტალინის“ – სიცოცხლეშივე, თავისდა უნებურად, დაიწყო საბჭოთა კავშირის დანგრევა. ამ პერიოდისთვის მისი პოეზია არ აკმაყოფილებდა პარტიული ლიტერატურის ლენინურ პრინციპებს. ანა კალანდაძის მიერ 1945-1946 წლებში დაწერილი ლექსები შესწავლილი გვაქვს ეპოქის პოლიტიკურ-იდეოლოგიურ კონტექსტში, ხოლო მისი პირველი წიგნი (1953 წ.) განვიხილეთ სწორედ, ნომენკლატურული კრიტიკისა და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული პოლიტიკის დისკურსში. პოეტურ ასპარეზზე გამოსვლისას და შემდეგაც ანა კალანდაძემ შექმნა წმინდანთა გალერეა, მისი ლექსები ქართველ წმინდანებზე, მისი პოეზიის რელიგიური ნაკადი უკვე ადასტურებდა, რომ მეოცე საუკუნის ლირიკაში დაიწყო  ახალი ჰიმნოგრაფიული ეტაპი. მკითხველი წიგნში გაეცნობა პოეზიის დედოფლის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებსაც, კერძოდ, მის მეგობრობას მსახიობ ზინაიდა კვერენჩხილაძესთან, რომელსაც თავად „ღვთით, შეუმღვრეველს“ უწოდებდა, ასევე, – ქორწინებისა და გარდაცვალების დეტალებს. წიგნის რედაქტორია მწერალი და მეცნიერი  ქალბატონი მაკა ჯოხაძე, რომელმაც განსაკუთრებული რუდუნებითა და რედაქტორის მაღალი სტანდარტებით იმუშავა.

 

  • თქვენ ახსენეთ „მწვავე რეალობა“ – რით არის განსაკუთრებულად საშიში დღევანდელობა?

 

ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას განსაზღვრავს, ნეობოლშევიზმია – ეს ჩანს როგორც რელიგიურ ცინიზმსა და ეროვნულ ნიჰილიზმში, ისე საყოველთაოდ დამკვიდრებულ სიძულვილის ენასა და აგრესიულ რიტორიკაში. რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, სამწუხაროდ, ამტკიცებს და ადასტურებს, რომ ვერ დავძლიეთ საბჭოური მენტალობა. აბა, ერთი, მივიხედ-მოვიხედოთ ირგვლივ და დავაკვირდეთ, რა დღეში ვართ, როგორ წავესიეთ ქართველები ერთმანეთს და შედეგად მივიღეთ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო მეოცე საუკუნის 20-იან წლებში, შემდეგ – მეოცე საუკუნის მიწურულს.

შემაშფოთებელია ჩვენი პრესის, ტელევიზიის, სოციალური მედიის რეალური სახე – ისევ გაისმის: დაიჭირეთ, ციხეში ჩასვით… ალბათ, შორს არ არის ის დრო, როცა ამას მოვაყოლებთ: დახვრიტეთ, ჩამოახრჩვეთ! წესით, ეს ეტაპი გავლილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აგრესიასა და ძალადობაში ჩარჩენილი საზოგადოებისა და მისი შესატყვისი მედიაზირებული სივრცის წყალობით მივიღეთ  ასეთი მოცემულობა. უკვე აღარავის უკვირს ტელევიზიების პირდაპირი ეთერიდან პერმანენტულად, მიზანმიმართულად გინების, ბილწსიტყვაობის, უცენზურობის, სიძულვილის ენის, ცემის, აღვირახსნილი პარტიულობის „კულტურა“…

 

  • ტელევიზიებმა როგორ მოთოკონ ან აკონტროლონ სიძულვილის ენა?

მარტივად! მათ მიერ წახალისებულია ძალადობა, სტუმრადაც ეთერში იწვევენ გაუწონასწორებელ რესპოდენტებს. ტელევიზიისთვის მთავარია შოუ, როგორც თავად ამბობენ, ოღონდ „ყურებადი“ იყოს მათი გადაცემა, შესაბამისად, ჰქონდეს მაღალი რეიტინგი და არად დაგიდევენ იმას, რომ ამ ძალადობას უყურებს მომავალი თაობა და ის გადაედება მთელ საზოგადოებას. ოღონდ აჩვენონ მძაფრი დაპირისპირება, აგინონ ერთმანეთს, ლანძღონ უშვერი სიტყვებით, ათრიონ ერთმანეთი – ამ ტიპის სანაახობაა ახლა ტელესივრცისთვის პრიორიტეტული.

 

 

  • წინასაარჩევნოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთმა პოეტმა, ივრისპირელის ფსევდონიმით, დაწყევლა და შეაჩვენა „მოღალატე“ (როგორც თავად ამბობს) სალომე ზურაბიშვილი და მისი მომხრეებიც. ლექსში ვკითხულობთ, რომ, ვინც მას ხმა მისცეს: „ძაღლ იყოს იმის მკვდრისადა, გაუბედურდეს ცხოვრებით, მისი სახლ–კარი დაიქცას! სიცოცხლე აღარ ეღირსოს, ცრემლად მოექცეს ყოველი, გაწყდეს, გათავდეს შვილ–ძირით, გეენის ცეცხლში დაიწვას“… თქვენ, როგორც ლიტერატურის ისტორიკოსი, რა შეფასებას მისცემთ ამ ფაქტს.

ჯერ ერთი, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს, მართლაც,  ჩემი თაობის ამ გამორჩეული ნათელი სახის კაცის დაწერილია. და, თუ ეს რეალობასთან წილნაყარია, შეძრწუნებულს მახსენდება ქართული ლიტერატურის ისტორიის უმძიმესი ეტაპი – პროლეტარული მწერლობა და მისი სააზროვნო ეტიკეტი – პოეტური ლექსიკა. მაშინ კლასებს შორის ბრძოლისა და დაპირისპირების გამომხატველმა პოლიტიზებულმა ლიტერატურამ, შორს მდგომმა ყოველგვარი მარადიული ღირებულებებისაგან, გაუცხოებულმა ტრადიციისაგან და გაჟღენთილმა მდარე ხარისხის, არაფრისმთქმელი ესთეტიკის (შესაძლოა ითქვას, უესთეტიკო) ნაწარმოებებით, კლასობრივ ზიზღსა და პროტესტში წარმოშობილი პოეზია შექმნა და დაუტოვა შთამომავლობას. ამის საუკეთესო მაგალითია ფრიდონ ნაროუშვილის ლექსები. სანიმუშოდ ეს სტრიქონებიც გამოდგება: რომ რესპუბლიკა სოციალისტური / მძიმე ინდუსტრიით იყოს მოფენილი, / მისი ორგული და მავნებელი / დიქტატურის ქუსლით იყოს გათელილი“;  ან: „როგორც პოეტმა – პოლიტიკურმა, უნდა შეასრულო შენი გაკვეთილი, / სოციალიზმის ყველა მავნებელი / დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი“.   კონსტანტინე ლორთქიფანიძე კი ასე წერდა: მე ბოლშევიკის გარდა სხვა ვინმე / არ მიმაჩნია ადამიანად“.

საბჭოთა ხელისუფლება ებრძოდა ყველას, ვინც არ იღებდა, ვისაც არ მოსწონდა „წითელი უღელი“. ახლა პოლიტიკურ პარტიებს შორის ცივი ომია გაჩაღებული. თითქოს არ ჩანს მესამე ძალა – ნეიტრალური, რომელიც დააბალანსებს ამდენ სიძულვილს. პოეზია თავისი არსით, დანიშნულებით სიკეთისა და სიყვარულის მსახურებაა, მარადიულ ღირებულებებთან ზიარებაა. დღევანდელ პირობებში პოეტის ფუნქცია  უნდა იყოს არა ერის გახლეჩა და დაპირისპირება, არამედ თანხმობა და ქართველობის შერიგება; არა სიძულვილის ენა, რომელიც აღვივებს მტრულ დამოკიდებულებას, დისკრიმინაციასა და ზრდის დაპირისპირების მუხტს, არამედ ჰუმანიზმისა და კეთილშობილების, ადამიანთა შორის ყველაზე ადამიანური გრძნობების გაღვივება.

ახლა რა გამოდის, ერთმა ქართველმა პოეტმა, ფაქტობრივად, ანათემას გადასცა, შეაჩვენა თავისი თანამოძმეები – ამომრჩეველთა მეორე ნახევარი; იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ის ძალა, თავად რომ უჭერს მხარს. ქართულ ლიტერატურაში არ მახსენდება მურვან ყრუს, თემურ ლენგის, შაჰ-აბასებისა და ხოჯა-აღა-მაჰმად-ხანებისადმი მიძღვნილი ასეთი წყევლაკრულვიანი საკითხავი. ეს შემთხვევა ადასტურებს ლიტერატურის დეჰუმანიზაციასა და ლიტერატურის პარტიულობის აბსურდულობას. გარდა იმისა, რომ, ერთდროულად, ეს არის არაეთიკური (აღარაფერს ვამბობ ესთეტიკაზე) და ქრისტიანული ზნეობისგანაც ძალზე შორს მდგომი, ამასთანავე, ძალადობაა ამომრჩეველზე. მსგავსი პრეცედენტი პოეტური დისკურსის ტოტალური  გაუკუღმართებაა, რაც პირდაპირი ნიშანია იმისა, თუ რას უშვრება ადამიანს პოლიტიკური ნიშნით აზროვნება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ლექსის პასუხად მეორე მხარემ (ვთქვათ, პოეტმა რეზო ამაშუკელმა) დაწეროს წყევლა-გინება გრ. ვაშაძისა და მისი თანამზრახველებ-ამომრჩევლებისა. მაშინ რა ვქნათ?! ასე, ხატზე გადავცეთ და შევაჩვენოთ ერთმანეთი?! ესაა ჩვენი ქრისტიანობა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება?! ასე უნდა გვესმოდეს პოეტისა და პოეზიის მისია?!

ფაქტი ჯიუტია – პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოება ისევ მტრების, მოღალატეების, აგენტების, კუდ იანების ძიებაშია – სწორედ, ესაა ნეობოლშევიზმი! ჩვენი ცნობიერება აღსავსეა ფობიებით. საბჭოთა ტოტალიტარული სისტემიდან კოლონიური, ტრავმული მეხსიერება მოგვყვება და დღემდე დაუძლეველი გახდა ქართველი ადამიანისათვის მოსკოვი – კრემლი. ჯერ იყო წნეხი საზოგადოებაზე, რომ „ოცნებას“ რუსეთში შევყავდით. ახლა ვინც „ნაცების“ კანდიდატს არ უჭერს მხარს, ყველა კრემლის აგენტი და მოღალატეა; ამასვე ფიქრობს მეორე მხარეც – ასეთია ქართული მენტალობის დილემა.

 

  • ასეთ პირობებში არის გამოსავალი?

არის!  პოლიტიკურ კულტურასა და კორექტულობაში, განსხვავებულის მიღებასა დ ა მასთან თანაცხოვრებაში. პარტიულმა პატრიოტებმა (რომ ჰგონიათ, მხოლოდ ჩვენ გვიყვარს სამშობლოო) პლურალიზმი და საწინააღმდეგო პოზიციის შემწყნარებლობის კულტურა დაიბრუნონ; არა დეკლარირებული ქრისტიანობა ან ევროპელობა, არამედ საქმით დამტკიცებული ერთგულება ქრისტიანული ფასეულობებისა დ ა დემოკრატიული  ღ ირებუ ლ ებებისა. განსხვავებული აზრის, მსოფლმხედველობის, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობის გარეშე ვერ ავაშენებთ ქართულ სახელმწიფოს და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს. კიდევ ერთი, უნდა დამთავრდეს საზოგადოების ფსიქოზური პოლიტიზება, ყველამ თავისი საქმე აკეთოს ერთგულებითა და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით. ვიფიქროთ არა ძალაუფლებასა და თანამდებობაზე, არამედ ჩვენს მრავალტანჯულ სამშობლოზე!

 

 

ესაუბრა ბერდია კალანდია

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემდეგი სტატია„დაკავებულთა წრე გაფართოვდება…”- მეზვრიშვილი