საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“საფრანგეთის მიერ „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე და შრომითი მიგრაციის სხვა პროექტებზე საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მოახდინა „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ“ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება.

შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს საფრანგეთში დასაქმების მიზნით დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემას საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის ახალგაზრდა სპეციალისტებზე, ასევე საფრანგეთის უმაღლესი სასწავლებლის (მათ შორის ფილიალის) კურსდამთავრებულ სტუდენტებზე, რომლებსაც სურთ საფრანგეთში პროფესიული გამოცდილების მიღება, შემდგომში საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით. (შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმება საქართველოში).

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკიტხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები, (შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, როგორც საფრანგეთის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა ჯამში) . შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე შეთანხმების პრაქტიკული იმპლემენტაციისთვის, მათ შორის საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპულ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

IOM-ის მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით.

2018 წლის აგვისტოში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ამ მიმართულებით. ამ კუთხით ასევე მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. დროებითი ცირკულარული/შრომითი მიგრაციის სფეროში გააქტიურება ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას” – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე გამოძიება დროულად უნდა დაიწყოს – “სამართლიანი არჩევნები” პროკურატურისგან გამოძიების შედეგების გასაჯაროებას ითხოვს
შემდეგი სტატიასაბა მეტრეველი: ნეობოლშევიკური საზოგადოება ისევ მტრების, მოღალატეების, აგენტების, კუ დ იანების ძიებაშია