საბა მეტრეველი: დედა არ გვახსოვს შვილებსა…

სიბნელევ, საქართველოს ცაზე დაძრულო

 

ზოგჯერ ფიქრობ და რწმუნდები, რომ ბოლომდე მაინც ვერ იტყვი ისე, როგორც დედას შეეფერება, ვერ მიანიშნებ, ვერ ამოწურავ… სიტყვა, რომელმაც არ იცის ასაკი; სიტყვა, რომელიც ადამიანს უბრუნებს ბავშვობას, აძლევს ძალას, რომ სწამდეს და უყვარდეს; სიტყვა, რომელსაც არ სჭირდება ფიქრი, ის თავად ფიქრობს შენზე, სიტყვა, რომლის მადლითაც დგას ეს სამყარო.

უცნაურია, რაზე არ მღეროდა ქართველი კაცი, დედაზე კი თითქმის არა გვაქვს ხალხური სიმღერა. რაც გვაქვს, ბოლო პერიოდისაა. რით შეიძლება აიხსნას ეს? რატომ არ უმღეროდა ქართველი ადამიანი დედას? – იმიტომ ხომ არა, რომ დედამ დაასწრო თავისი „იავნანით“ და ადგილი აღარ დატოვა სხვა მელოდიისთვის?!  ყოველთვის იგრძნობოდა ჩვენი გულგრილობა მშობელი დედის მიმართ და ამიტომაც ითქვა: „დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, / მიტომაც წუთისოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსა“ – და გამართლდა ეს ნათქვამი! რამდენი გამწარებული დედაა ჩენ ირგვლივ, შვილისგან დაუფასებელი, მიტოვებული, უარყოფილი ან რამდენი დედაა შვილის აგრესიის მსხვერპლი. რა ვუყოთ, რით ვანუგეშოთ ჩვენ ირგვლივ და ჩენ გვერდით ატირებული თუ ცრემლგამშრალი დედები, მუდმივად გალოთებული (განარკომანებული) შვილების გინებასა და შეურაცხყოფაში რომ ათენ-აღამებენ?! როდის უნდა იგრძნონ შვილისგან პატივისცემა, თანადგომა, სიყვარული… დავმალოთ ასეთი ფაქტები თუ მიზეზებზე ვიფიქროთ? რატომ მივედით აქამდე? რატომ ხდება, რომ საკუთარ ნაჭირნახულევ სახლ-კარს ტოვებენ (თავსაფრიანი დედაკაცივით) და მოხუცთა თავშესაფარში ასრულებენ ცხოვრებას?! რა სატანა ჩაუდგა კაცობრიობას ისეთი, რომ საფიცარი დედა დაავიწყა? უარესიც, რა ვუყოთ იმ ცოდვა-მადლის ტრიალს, ერი საკუთარი დედის მაგინებლად რომ იქცა?! ვიზეიმოთ?! გვაქვს საქმე სადღესასწაულოდ? ნუთუ გჯერათ, რომ გამწარებულ და შეურაცხყოფილ დედებს ვინმე გამოცხადებულ 3 მარტს აგრძნობინებს თავს ბედნიერად, მიულოცავს, გაახარებს, აკოცებს, ჩაეხუტება?!..

ღმერთმა ნუ ქნას, დედის თავგადაკლული მოყვარული და დამფასებელი შვილები არ გვყავდეს, მაგრამ რით მოვურჩინოთ ტკივილი ჩაგრულთა კატეგორიას? როგორ დავძლიოთ ირგვლივ ამდენი ძალადობა და სიძულვილი, დაუნდობლობა და სისასტიკე-ბილწსიტყვაობა?! ნოდარ დუმბაძემ თავის გახმაურებულ რომანში „ნუ გეშინია, დედა“ უკრაინელ პეტრო შერბინას ათქმევინა: ქართველები  რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ… ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს – მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის“.

 

ახლა მართლა მენატრება ისეთი ქართველი, დედას რომ იფიცავს. რას აღარ მოესწრები კაცი!!!

რამდენ საფიქრალს აღძრავს დედის დღე, მხოლოდ მილოცვისთვის კი არა, ჩვენი დღევანდელობის გასააზრებლად, დედაშვილობის უწმინდესი გრძნობის მოსაფრთხილებლად და იმადაც, გადავხედოთ იმ რეალობას, რომელშიც ვიმყოფებით და, რომელიც ზუსტად უპასუხებს მიმდინარე პროცესს – გვიყვარს დედა?! გვახსოვს დედა?! თუ ეს ისე, მოდისთვის ან სადღეგრძელოსთვის გადასანახი გრძნობა და პათეტიკაა. შესაძლოა, კაცმა ტრაგიკული ირონიითაც კი ისაუბროს დარღვეული ურთიერთობების შესახებ, ვერც იმ ჯოჯოხეთს გავექცევით, წამდაუწუმ რაც ჩაგვესმის საკუთარი დედის მაგინებელი „რაინდი“ ქართველი ერისგან!

მშობლებისა და შვილების ურთიერთობა მარადიული საკითხია და ის აქტუალობას არც მომავალში დაკარგავს.  თანამედროვე მედიაზირებულ სამყაროში არაფერი იმალება და უკვე ცისფერი ეკრანებიდან დიდი ხანია ისმის ყურთაგან გაუგონარი ძალადობა და სიძულვილი, რომლებიც დაკავშირებულია შვილებისა და მშობლების თანაცხოვრებასთან.

რა თქმა უნდა, არსებობენ ბედნიერი ოჯახებიც, რომლებშიც მშობლებს და შვილებს შორის ჯერ კიდევ სრული იდილია და ჰარმონია სუფევს. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ვერ ცვლის იმ სირთულეს, რომელიც ამ ტიპის ურთიერთობას ახლავს.

თანამედროვე ადამიანი დაპირისპირებულია არა მხოლოდ, სამყაროსთან, ტრადიციასთან, მეორე ადამიანთან, არამედ, უპირველესად, – საკუთარ თავთან და ამ ორთა ბრძოლაში, ამ ნერვულად ისტერიზებულ ყოფაში მთავარი აგრესიის ობიექტი დედა ხდება – მან უნდა გადაიტანოს, მოითმინოს, დაითმინოს შვილის აგრესიაც, სიძულვილიც, უცნაურობა-უხეშობაც და უმადურობაც. ჩვენს პიროვნულ-ადამიანურ კოდს საფრთხე ემუქრება და ისტორიული კანონზომიერების პროცესდანაც ხშირად გასული ვართ.

დეკლარირებულ ქრისტიანებს გვავიწყდება ბიბლიური მე-5 მცნება: „პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვნე ქუეყანასა ზედა“ (გამ. 20:12). ან უფლის შეგონება: „ბოროტის მეტყუელი მამისა ანუ დედისა თჳსისაჲ სიკუდილით მოკუდეს“ (გამ. 21.17). სხვათა შორის, ძველი რჯულის სამართალი ითვალისწინებდა სასჯელს მშობლის შეურაცხმყოფელი შვილისათვის: „რომელმან სცეს მამასა თჳსსა, ანუ დედასა, სიკუდილით მოკუდეს“ (გამ. 21:15). ზუსტად მსგავს კანონს შეიცავს ხამურაბის (დაახ. ძვ. წ. 1810 – 1750) კანონთა კრებული: „უკეთუ შვილმა მამას გაარტყა, ხელის მტევანი უნდა მოაჭრან“.  ეს ფაქტები მოწმობენ შვილებსა და მშობლებს შორის არსებულ წინააღმდეგობას უხსოვარი დროიდან. გადის დრო და ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება. ადამიანი მტაცებელ ცხოველს ემსგავასება და ყველაფერი არაადმანური მოსალოდნელია მისგან. მაგრამ, ეს რა ნუგეშია ჩვენთვის, ერისთვის, რომლის სოციო-კულტურულ წიაღში დედის როლი და ადგილი განუზომლად მნიშვნელოვნებდა. შესაძლოა ითქვას, რომ დედაშვილობის იდეა ერთ-ერთი მყარი ორიენტირიც კი იყო ეთიკურ-ესთეტიკურ შეხედულებათა სისტემაში. 3 მარტს დედის დღეს ვზეიმობთ და ამ ფონზე ყოველთვის მწარედ მახსენდება მიუსაფართა ბედი, სათნოების სახლებში გამოკეტილი მოხუცი დედები – საკუთარ კერას, სიმწრით ნაამაგარ სახლ-კარს მოწყვეტილები, შვილებისა და შვილიშვილების მონატრებაში გაცრეცილები, ხვალინდელი უიმედო დღის მოლოდინში მბჟუტავნი. ამდენი ჩამქრალი ღიმილი, უთქმელი სევდა, მოურჩენელი ტკივილი… რა გაანელებს ამ დარდსა და ვარამს, რა?!

მართალია,  თავშესაფარში ხანდაზმულები სხვადასხვა მიზეზით ხვდებიან: ზოგი უსახლკაროა, ზოგი – მარტოხელა, თუმცა მათი უმრავლესობა იქ იმიტომ ცხოვრობს, რომ ”ზედმეტი ადამიანები” აღმოჩნდნენენ, ზედმეტი – საკუთარი შვილებისათვის; მათი პირადი კაპრიზებისა და უხასიათობის მსხვერპლნი. თუმცა, დედის გულში ვინ ჩაიხედა?! და თავად გულგატეხილები იშვიათდ თუ იტყვიან აუგს საკუთარ გაზრდილზე,  მაინც  შვილის საქციელის გამართლებას ცდილობენ და შეთხზავენ, თითქოს უფრო ფინანსური პრობლემების გამო მიატოვეს კერა, რომ უმეტესად რძლებმა აიძულეს, სახლი მიეტოვებინათ. მაგრამ, მარტო თავსაფრიანი დედაკაცის სულისშემძვრელი ისტორიაც საკმარისი იქნება ქართველი ადამიანსათვის იმ მწარე გაკვეთილად, ზოგჯერ ყველაზე განათლებული და, ამასთანავე, ყველაზე ტუტუცი შვილის ფილოსოფიით რომ ვიმკით.

დიდი ხანია, კაცობრიობას დედის მიმართ უმადურობა და უსულგულობა მძიმე ცოდვად აწევს. არა აქვს მნიშვნელობა, სად იწვის დედის გული, რომელ ქვეყანაში ტირის მალულად, ზოგჯერ – გამშრალი ცრემლითაც… დედა ერთია ქვეყანაზე, სამშობლოსავით და ღმერთივით ერთადერთია და მისი ტკივილი თუ სიხარული პლანეტის საფიქრალი უნდა გახდეს.

ამბავი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, არ მომხდარა საქართველოში (კიდევ კარგი!), თუმცა როგორი ნაცნობია, თითქოს სადღაც აქვე, ჩვენ გვერდით, ჩვენს მეზობლად ან იქნებ ჩვენსავე ოჯახში გათამაშდა, როგორც ტრაგედია! ყოველი ჩვენგანი რომელიღაც პასაჟს მაინც ვიგრძნობთ, პრივატულად საჩვენოს, თითქოს ჩვენი ფარული ისტორიის ნაწილს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჭკუის სასწავლებლად მაინც ვერ უშველის საკუთარ თავს დაკარგულ კაცობრიობას, მაგრამ, იქნებ ვიღაცის სულს მაინც შეძრას!!!

„დედაჩემს მხოლოდ ერთი თვალი ჰქონდა, ამიტომ მისი ასეთი მდგომარეობის ძალიან მრცხვენოდა. ოჯახის სარჩენად სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა. დაწყებითებში ვსწავლობდი, როდესაც ერთხელ ჩემი ცალთვალა დედა მომიახლოვდა. ძალიან შემრცხვა, მეგობრებთან ეს როგორ გამიბედა-მეთქი? დედაჩემს სიძულვილით შევხედე და იქიდან გავიქეცი. მეორე დღეს კლასში ერთი მეგობარი მეუბნება: „ააა, მართლა, დედაშენს ცალი თვალი აქვს?!“. ეს რომ გავიგონე, მინდოდა, მიწა გამსკდარიყო და შიგ ჩავვარდნილიყავი ან კიდევ, – დედაჩემი გამქრალიყო.

იმ დღეს შინ რომ მივედი,  ვუთხარი:  „მე სასაცილო მდგომარეობაში მაგდებ, ამიტომ უკეთესი იქნება, რომ მოკვდე!“.

დედაჩემს ხმა არ ამოუღია. რაც ვუთხარი მაგის გამო არც კი შევწუხებულვარ, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი. მისი გრძნობები არ მანაღვლებდა. დანახვაც კი არ მინდოდა დედის.

სკოლა კარგ ნიშნებზე დავამთავრე და სასწავლებლად სინგაპურში წავედი. შემდეგ სახლი შევიძინე, ცოლი მოვიყვანე, ბავშვები გვეყოლა. ერთი სიტყვით, ცხოვრებისგან კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი.

ერთხელ, დედაჩემი ჩემს სანახავად სინგაპურში ჩამოვიდა, რამდენიმე წელი არ ვუნახავვარ, შვილიშვილებსაც კი არ იცნობდა. კარებთან რომ მოვიდა და ბავშვებმა ცალთვალა მოხუცი დაინახეს, დასცინეს. მე კი დედაჩემს დავუყვირე: „ჩემთან როგორ გაბედე მოსვლა და ბავშვებს რა უფლებით მიშინებ, ახლავე წადი აქედან-მეთქი“. მან კი ხმადაბლა მითხრა: “ბოდიში, არასწორ მისამართზე მოვედი, ალბათ!“

გავიდა დრო. სკოლის დამთავრების რომელიღაც წლისთავზე დამპატიჟეს. წავედი. დედაჩემი არც კი მომნატრებია, უბრალოდ, გამოშვების საღამოს დამთავრების შემდეგ ძველი სახლის სანახავად შინ გავიარე. მეზობლებმა დედაჩემის გარდაცვალების შესახებ მითხრეს და მისი დატოვებული წერილი გადმომცეს:

 „საყვარელო შვილო, ყოველთვის შენზე ვფიქრობ! ძალიან ვწუხვარ, სინგაპურში რომ ჩამოვედი და ბავშვები შეგიშინე. როცა გავიგე, გამოშვების წლისთავზე უნდა ჩამოსულიყავი, ძალიან გამიხარდა, მაგრამ შენს სანახავად ლოგინიდან წამოდგომას ვერ შევძლებდი, თან შემეშინდა, შენ ხომ ყოველთვის გრცხვენოდა ჩემი არსებობისა… ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მინდა,  ერთი რამ იცოდე: პატარა რომ იყავი, უბედური შემთხვევის გამო,  ერთი თვალი დაკარგე. მე, დედაშენს, არ შემეძლო, შენ ცალთვალა ყოფილიყავი,  ამიტომ  ჩემი თვალი მოგეცი. ახლა ამით ვარ ძალიან ბედნიერი  და ვამაყობ, ჩემი თვალით რომ უყურებ სამყაროს!!!”

                                                                                                                     დედაშენი…

 

… რამდენი რამ გვსმენია დედის გულმოწყალების შესახებ, მისი დაუსრულებელი სიკეთისა და შვილისთვის გაღებული მსხვერპლის შესახებაც, მაგრამ მთელი ცხოვრება დამდევს კიდევ ერთი სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც მინდა თქვენც გაგახსენოთ.

1982 წლის 19 თებერვალს გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა მიხეილ მიქაძის წერილი „სიკვდილის შემდეგ გასაგზავნი ბარათები“. ძირითად შინაარსს მოკლედ მოგითხრობთ: ქალბატონი ნატო პედაგოგი იყო, ინგლისურს ასწავლიდა თბილისის ერთ სკოლაში, ერთადერთი შვილი ჰყავდა, მერაბი. ობლობაში გაზარდა, ეგონა გზაზე დავაყენეო, მაგრამ მეოთხე კურსის სტუდენტი იყო, როცა ქალიშვილის მოტაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით 7 წელი მიუსაჯეს.  როცა განაჩენი ძალაში შევიდა, დედამ წერილი მიიღო: „ჩემი ბრალია ყველაფერი, მე დავღუპე მერაბი, თავს არ ვიმართლებ, მაგრამ მინდა სიმართლე იცოდეთ. თქვენ ხომ იცით, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, განაწყენდნენ, მერაბთან სიარული ამიკრძალეს, სამაგიეროდ, ადრევე სასიძოდ შეგულებული ახალი საქმრო მომგვარეს – ფულიანი და გავლენიანი კაცის შვილი. ამიტომაც გავიპარეთ სახლიდან მე და მერაბი და ცოლ-ქმარი გავხდით. მესამე დღეს მამაჩემი და სასიძოდ შეგულებული ის ბიჭი ორი მილიციონერის თანხლებით თავს დაგვესხნენ და წამოგვიყვანეს. ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს, პროკურატურაში როგორ მოხვდა საჩივარი ჩემივე ხელმოწერით. გამომძიებელთან დაპირისპირების დროს მერაბმა სწორედ ეს მკითა: შენი დაწერიალია ეს საჩივარიო?! მე ტირილი დავიწყე და მერე მთელი დაკითხვის განმავლობაში ვტიროდი, თავი არ ამიწევია… დეიდა ნატო, პატიებას არ გთხოვთ არც თქვენ, არც მერაბს. ვიცი, ამის პატიება არ შეიძლება… მე გავათავისუფლებ მერაბს პატიმრობიდან და, თუ მოისურვებს ამას, მისი მეუღლეც გავხდები“. დაგვიანებული იყო ყველაფერი, აზრი არ ჰქონდა ამ წერილის პროკურატურაში მიტანას. არც მერაბმა ისურვა თურმე: ეს სინდისის ქენჯნით შეწუხებული ქალის ცრემლებია, რომლებსაც მალე შეიშრობს. მართლა რომ ვყვარებოდი, სიკვდილის პირას რომ მიეყვანათ, იმ საჩივარს ხელს არ მოაწერდა. ახლა ვინ დაუჯერებს და, რომ დაიჯერონ, ცილისწამებისთვის დააპატიმრებენ, ამიტომ სჯობს, მე ვიჯდე ციხეშიო.

ქალბატონი ნატო შვილის დარდს გადაჰყვა, მოტყდა, ერთბაშად დაბერდა თურმე. არადა, არ უნდოდა სიკვდილი: შვილს ვჭირდები, მის ჩამოსვლამდე უნდა გავძლო, ჩემს მეტი არავინ გააჩნიაო. გული სწყდებოდა, მეგობრებმაც დაივიწყეს, ყველას ბოროტმოქმედი ჰგონიაო. სიკვდილის მოლოდინში მყოფმა წერილები დაწერა, -სიკვდილის შემდეგ შვილთან ციხეში გასაგზავნი ბარათები. მეზობელს დაუტოვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ გაეგზავნა მერაბისთვის: არ მინდა გაიგოს, რომ ცოცხალი არ ვარ. ცოდვაა, ჩემს მეტი არავინ ჰყავს. ადამიანი ხომ ადამიანის  სიყვარულითაა – იმით, რომ გიყვარს და იცი, რომ უყვარხარ. მას კი ჩემს შემდეგ აღარავინ დარჩა, არც საყვარელი, არც მოყვარული და, ვაითუ, გული გაუტყდეს, ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს და ვერც დაბრუნდეს პატიმრობიდანო.

ახლა ცრემლი მახრჩობს! რამდენი უსამართლობა და ბოროტება ხდება ირგვლივ. კიდევ როგორ დგას ეს სამყარო ფეხზე? – და პასუხი მხოლოდ ერთი მაქვს, – ქალბატონი ნატოსნაირი დედები რომ დააბიჯებენ ამ ცისქვეშეთში, ჯერ იმიტომაც ფეთქავს ეს კარგა ხნის დასამხობი პლანეტა. უფრო დიდი სასწაული იმ ბარათებშია, რომლებსაც გაგაცნობთ და, რომელთა შესახებაც შეძრული წერდა ჟურნალისტი მ. მიქაძე 1982 წელს. გაზეთში დაიბეჭდა მხოლოდ ორი წერილი – ერთი შვილის დაბადების დღეს გასაგზავნი და მეორე, უკანასკნელი დანაბარები-ანდერძი:

„მერაბ, შვილო, დღეს შენი დაბადების დღეა. მოგილოცავ, დედიკო! უკვე 24 წლის ვაჟკაცი მყავხარ, მეორედ ვიხდი შენი დაბადების დღეს უშენოდ. ცოტა მოწყენილი კი ვარ, მაგრამ რა ვქნა. აი, ჩამოხვალ და მერე სულ ერთად ვიქნებით. დილით ადრე გამეღვიძა… შენი დაბადების დღე პირველად ჩიტებმა მომილოცეს. ჯერ მზე ამოსულიც არ იყო, ჩვენს ფანჯარასთან რომ მოფრინდნენ და ჟივჟივი ატეხეს: ოქრის ნისკარტი-მეთქი, ვუთხარი და საკენკი  დავუყარე. აკენკეს და გახარებულები გაფრინდნენ. იქნებ, შენთან გამოფრინდნენ, დედიკო, დედის მოკითხვისა და დედის ლოცვის გადმოსაცემად?! საღამოს შენი ამხანაგები მოვიდნენ. თითქმის უკლებლივ მოვიდნენ ყველანი… საჩუქრები მოგიტანეს, მე კი ჩემებური სამეფო ტორტი „გენერალსკი“ გამოვაცხვე და „გენერალსკი“ ჩაით გავუმასპინძლდი. შენ კი როგორ გაატარე, შვილო, შენი დაბადების დღე?! ალბათ, არც გაგიმხელია, ხომ?! მე ახლა უკეთ ვარ, მგონი მირჩება ფეხი. შენს სანახავად ჯერ ვერ შევძლებ წამოსვლას, მაგრამ ლოგინად წამოდგომა კი შემიძლია და ცოტ-ცოტა საოჯახო საქმის კეთებაც“.

„სინამდვილეში კი არ ყოფილა არც ჩიტები, არც დაბადების დღის მოსალოცად საჩუქრებით მოსული ამხანაგები, არც სამეფო ტორტი და ჩაი… და იმ დროს, როცა მერაბი ამ ბარათს წაიკითხავდა, დედამისი უკვე ცოცხალი არ იქნებოდა“.

მეზობელმა პირნათლად შეასრულა დედის თხოვნა, დროზე აგზავნიდა წერილებს, თუმცა 37-ვე წერილის გაგზავნა საჭირო აღარ გახდა. მერაბი სამი წლით ადრე გაათავისუფლეს. შინ დაბრუნებულს ეგონა, დედა შემოეგებებოდა. სახლში შესულს კი მაგიდაზე მისი უკანასკნელი წერილი დახვდა:

„მერაბ, შვილო! არ ვიცი, შევძელი თუ არა შენი მოტყუება. შენ ჩემგან ტყუილს არ ელოდი… მაპატიე, დედიკო, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ჩემს ცხოვრებაში, სიცრუის თქმა რომ დამჭირდა, თუმცა ეს სიცრუე არ იყო. მე სიკვდილის შემდეგაც მუდამ შენთან ვიქნები. შვილო, როცა შენ რაიმეს გაკეთებას დააპირებ და გულში გაიელვებ, გაუხარდებოდა თუ ეწყინებოდა ეს დედასო, იცოდე, რომ იმ წუთს მე შენ გვერდით ვარ! მადლობელი ვარ ღმერთის, საფლავში არ მიმყვება დარდი, რომ შენ ვერ აღასრულებ იმ კაცურ ვალს, რომელიც წუთისოფლის შვის აკისრია. იყავი ასეთი, როგორიცა ხარ და ბედიერი იქნები. რა მდგომარეობაშიც უნდა ჩავარდე, არასოდეს ცხოვრება მძიმე ტვირთად არ მოგეჩვენება, თუ გეცოდინება, რომ ტანჯვა ედნიერების შემადგენელი ნაწილია. იქნებ დედა შვილს ამას არ უნდა ეუბნებოდეს, მაგრამ მაინც გეტყვი: სხვისთის თავგანწირვაც ბედნიერებაა, თუნდაც ის, ვისთვისაც თავს სწირავ, არ იყოს ამის ღირსი… გიბარებ ლოცვით და ფიცით: ისე ნუ იზამ, შენს შვილებს შენსავით გულს ენაკლულებოდეს, – და-ძმა არა გვყავსო. მარტო შენი და შენი შვილების ნაბიჯები თუ გაათბობენ ჩემს საფლავს!“.

ქალბატონი ნატო ამ უკანასკნელი ბარათის დაწერის დღეს გარდაიცვალა! თითქოს საგანგებოდ გამოიზოგა ენერგია და სიცოცხლე – დასძენს მ. მიქაძე.

ამ წერილის გამოქვეყნებიდან 35 წელი გავიდა. დიდი ხანია დავეძებ მერაბ მაისურაძეს, რომლის დედაც იყო ქალბატონი ნატო, მაგრამ ვერ მივაკვლიე. თუ ვინმეს გეცნოთ ეს ისტორია და შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, დაგვიკავშირდით!

3 მარტი დედის დღეა. „ ვისაც დედა ცოცხალი აღარა ჰყავს, ალბათ დამემოწმებიან, რომ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო გენატრება დედა და სიყვარულიც უფრო გიცხოველდება მის მიმართ. სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, ვერა გრძნობ სიკვდილის მზერას, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის, თავისი სუსტი ბეჭებით სიკვდილს წინ ეღობება და მისი მწველი მზერისაგან გიფარავს, თვითონ იწვის სიკვდილის ალმოდებულ მზერაში – წერდა გოდერძი ჩოხელი.

ჰოდა, მეც მინდა ჩვენსა და სიკვდილს შორის ჩამდგარ დედებს მივულოცო ეს დღე. გეზეიმებოდეთ მუდამ და, თუ ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გსურთ და გეკადრებათ, ქალბატონი ნატოს სიტყვებით ინუგეშეთ თავი: ტანჯვა ბედნიერების შემადგენელი ნაწილია!

თუ შესაძლებელია, ამ ქვეყნიდან წასულ სრულიად უცნობ, მაგრამ მაინც ძალზე ნაცნობ და ახლობელს   მიულოცო  დედის დღე,  ქალბატონ ნატოს მივულოცავდი და ვეტყოდი: ადამიანად ყოფნა ძნელია, არ მთავრდება დარდი და სევდა, არა აქვს ბოლო ჩვენს უსინდისობასა და უსამართლობას, მაგრამ, როცა გაზეთში ამოკითხული თქვენი ისტორია გამახსენდება, ვრწმუნდები, რომ  ამ, მართლაც, უსწორმასწორო და გაუტანელ წუთისოფელს თქვენისთანა თავგანწირული დედები  მატებენ  აზრს  და  საზრისს!!!

 

საბა მეტრეველი

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი:რატომ არ ვიცავ რუსთავი 2 ს!
შემდეგი სტატია“რუსთავი2”-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად-ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმის შესახებ განაცხადებს