„სააკაშვილმა მითხრა, შენზე ერთგული არავინ მყავსო!“

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი დუმილს არღვევს

მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსის, გენერალ გოგი თათუხაშვილის განცხადებებმა, რომელიც მან ,,ვერსიასთან” გააკეთა, საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია… გენერალი ამბობს, რომ სათქმელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ასე რომ, ,,ვერსია” სტრასბურგში მცხოვრებ გენერალთან საუბარს განაგრძობს და ამჯერად, ექსკლუზიური არა- ჩვეულებრივი ინტერვიუს მესამე ნაწილს გთავაზობთ.

_ ბატონო გოგი, საფრანგეთში როგორ ცხოვრობთ, რას საქმიანობთ?
_ საქართველოშიც ისე ვცხოვრობდი, როგორც ჩემი ხალხი. საფრანგეთშიც ისე ვცხოვრობ, როგორც ჩვეულებრივ ქართველ ლტოლვილს შეეფერება. მილიონიანი ვილები და ბინები, როგორც ჩვენს ბევრ თანამემამულეს, ყოფილ და ამჟამინდელ მინისტრებს, გენერლებსა და პოლიტიკოსებს აქვთ, ნამდვილად არ მაქვს.
ბევრი ღამე ქუჩაში გამითევია და მშიერიც ვყოფილვარ. ძირითადად, სოციალურ სასადილოებში მივირთმევდი და ამის სულაც არ მრცხვენოდა _ თანამემამულეებთან შევაქე კიდეც, რომ მშვენიერი კვებაა. ეს ზოგიერთს არ მოეწონა, ამას როგორ ამბობთ, გენერალი ბრძანდებითო. მივუგე, ალბათ, შევარდნაძის ჯარში არ გიმსახურიათ, შედარებაც კი სირცხვილია-მეთქი…
საფრანგეთში ჩამოსვლამდე საკმაოდ გრძელი გზა განვვლე. ვიზისთვის, შალვასთან ერთად, რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საფრანგეთის საელჩოს მივმართე, მაგრამ ყველამ უარი მითხრა, დამბლოკა.
ამის შემდეგ აზერბაიჯანში გადავედი, მაგრამ იქაც აეროპორტშივე დაგვბლოკეს _ არ გაგვატარეს. წავედი სომხეთში. იქაც დამბლოკეს.
_ თუ ყველგან დაგბლოკეს, საფრანგეთამდე როგორ ჩააღწიეთ?
_ ხომ იცით, ფული ჯოჯოხეთს ანათებს!..
ბოლოს, მაინც სომხეთიდან გავფრინდი…
ლიტვის ეროვნულ გმირზე, თავდაცვის პირველ მინისტრზე ადრეც მისაუბრია.
_ ეს რა შუაშია?
_ ამ ადამიანმა ჯერ კიდევ 2008 წელს შემომთავაზა, თათუხაშვილების ამბავი ვიცი, არაფერს გეუბნებით, უნდა იომოთ, მთელი ოჯახი _ ქალები და ბავშვები ჩემთან გამოუშვი, უსაფრთხოდ მეყოლებაო.
ასევე 2012 წლის არჩევნების წინ გამაფრთხილა, დიდძალი რუსული ფული მოდის საქართველოსკენ, ოლიგარქთან ერთად, მთელ საქართველოს იყიდიან. კონკრეტულად, შენ და შალვა, სჯობს, გამოერიდოთ. შენს ოჯახს სამაგალითოდ დასჯიან, სხვები რომ დააშინონო.
მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, აუდრიუს ბუტკიავიჩუსი მიწვევითა და საელჩოში შენგენის ვიზის ჩარტყმით, ამასთან, ფინანსურად და საცხოვრებლითაც ძმურად დამეხმარა. შალვა საბუთების ასაღებად საელჩოში არც მივიდა, არაფერი დამიშავებია, არაფერში ვარ გარეული და არაფერი მემუქრებაო.
ლიტვაში რამდენიმე თვე ვცხოვრობდი. როცა აუდრიუსმა შეამჩნია, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურები გააქტიურდნენ, პირადი დაცვა დამინიშნა, რომელიც არ მშორდებოდა. მადლობის მეტი რა მეთქმის?!
აუდრიუსი საქართველოზე შეყვარებული პოლიტიკოსი და სტრატეგია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს გამარჯვება და რუსული ორბიტიდან გასვლა, რადგანაც გასაგებია, რომ რუსულ ორბიტაზე საქართველოს დაბრუნების შემთხვევაში, უკრაინის ჯერი დადგებოდა, შემდეგ კი _ ბალტიისპირეთის.
სპეცსამსახურების მუშაობა ძალიან რომ გააქტიურდა, თავდასხმის რამდენიმე მცდელობაც იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, ვილნიუსი დამეტოვებინა და საფრანგეთში წავსულიყავი. ამას აუდრიუსის უკმაყოფილება მოჰყვა. შემომთავაზა, დაცვას გავაძლიერებ და დარჩიო.
შეკამათების შემდეგ დამთანხმდა, გამაცილა, გარკვეული დროისთვის საკმარისი თანხაც გამატანა და მითხრა, თუ ანალოგიური საფრთხე იქაც შეგექმნება, დამირეკე, მაშინვე იქ გავჩნდები და უკან წამოგიყვანო. კიდევ და კიდევ, მადლობა მას.
მეხუთე წელი სრულდება, საქართველოდან წამოვედი. საქართველოში რუსეთის ერთი აგენტიც არ დაუჭერიათ.
_ იქნებ, არ არიან და ვის დაიჭერენ?
_ რუსეთია სუსტი, პუტინია უვიცი თუ აგენტები არ არიან? _ რასაკვირველია, ბედოვლათები ჩვენ ვართ, თუმცა რომელ დაჭერაზეა საუბარი, როცა ისინიც გამოუშვეს, ვინც დაჭერილი იყო!
დღესაც მთელ მსოფლიოში _ აშშ-სა თუ ევროპის ყველა ქვეყანაში ებრძვიან, ავლენენ და შიფრავენ რუსულ აგენტურას. საქართველოში კი მთავრობის წევრები საკუთარ თავს ხომ არ დაიჭერენ? აბა, ლიტვაში ვის სურდა ჩემი ლიკვიდაცია? სროლა დასწრებაზეა, ჩხუბი _ მორევაზე…
ისევ მიშას სიტყვებს გავიხსენებ.
_ რომელ სიტყვებს?
_ ერთხელ, პირადი დაცვის ბიჭებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარა. საუბარი თავისი დაკვირვებით დაასრულა, რატომაა, რომ ბატონ გოგის იარაღი მუდამ თან აქვს და არასოდეს აჩენს? ის სწრაფად მოქმედებს და როცა უკან აბრუნებს, თქვენ მხოლოდ მაშინ იღებთო.
_ ისე, მიშა ადვილი დასაცავია ან დაცვა როგორ მუშაობდა?
_ ვანო, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ…
საფრანგეთში ჩამოსვლისთანავე, მრავალი დარიგების მიუხედავად, ვიზიანი პასპორტი არ უნდა გამოაჩინო, რადგან ტრაილერით უნდა იყო ჩამოსულიო, პრეფექტურაში მაინც გამოვაჩინე _ ზღაპრების მოყოლას ვერ დავიწყებდი. ასევე, სანამ პრეფექტურაში მივიდოდი, სადაც ყველა ლტოლვილი ბარდება, ძალოვან სტრუქტურებში მივედი. გაიმართა შეხვედრები.
_ ვისთან?
_ შეხვედრებზე ჩემსა და შალვაზე, ასევე სპეცოპერაცია ,,კოდორი-2007”-ზე ვსაუბრობდი; ისიც ვთქვი, საქართველო გაიყიდა და რუსეთის მომდევნო შეტევა უკრაინაზე იქნება-მეთქი…
ძალოვნები, ასევე სხვადასხვა ორგანიზაცია მეუბნებოდა, სხვა ლტოლვილებისგან განსხვავებით, თქვენი საქმე ჩვენთვის ცნობილია, ეს განსხვავებული საქმეა და დადებითი პასუხი ოპერატიულად იქნებაო.
2013 წლის აპრილში, სტრასბურგში საქართველოს მაშინდელი პრემიერი ჩამოვიდა. მთელი სტრასბურგი _ ევროპარლამენტის თავმჯდომარით დაწყებული, ალბათ, რიგითი სტრასბურგელით დამთავრებული, მხრებს იჩეჩავდა და იცინოდა მის გამოსვლაზე. გასაგებია ,,ოცნებელთა” ზეაღმატებული ტონი თავიანთი ,,მეფის” საამებლად, მაგრამ გასაკვირია ამ შეხვედრების შესახებ ე. წ. ნაციონალური მოძრაობის წევრების დუმილი. იქ სხვებიც იყვნენ და მალევე გახდა ცნობილი, თუ რა ხდებოდა ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე.
ეს პოლიტიკაა…
რაც შემეხება მე, საქართველოს საკონსულო და მისი პირადი დაცვის წევრები ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში მივიდნენ. ვიზიტის დეკლარირებული მიზეზი ივანიშვილის უსაფრთხო მოძრაობა იყო ქალაქ სტრასბურგში _ გზების გადაკეტვა, კორტეჟით გადაადგილება და ა.შ.
ინფორმაციისთვის: ევროპარლამენტის წევრები სამსახურში ველოსიპედით დადიან. რომელ კორტეჟსა და გზების გადაკეტვაზეა საუბარი? არ იცოდნენ, უარს რომ მიიღებდნენ? ეს მოთხოვნები ძირითადი მიზნის გადასაფარად საბაბი იყო.
_ მიზეზი რა იყო?
_ შენს დოყლაპიებს ასწავლე, ჩანთით რომ შედიან, ისევ ჩანთით უნდა გამოვიდნენ, თორემ ყველაფერი ეს ძალიან ცუდი შესახედი და ადვილი დასაფიქსირებელია!
მათი ვიზიტიდან ათ დღეში მომივიდა წერილი, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ დამეტოვებინა. ამ წერილის შემდეგ, ფრანგმა ჩინოვნიკებმა თანადგომა გამომიცხადეს, რომ საფრანგეთი არ დამეტოვებინა. მეტიც, მომცეს ტელეფონის ნომრები, ელექტრონული ფოსტა, რათა პატარა პრობლემის შემთხვევაშიც კი შევხმიანებოდი.
ასე ვიყავი ორი წელი საფრანგეთში, ადამიანის უფლებების დაცვის კონვენციით გათვალისწინებული ყველანაირი დახმარების გარეშე.
საფრანგეთს ჩემი დაპატიმრება და დეპორტაცია ნებისმიერ დროს შეეძლო, თუმცა ამაზე არ წასულა. პრეფექტის მადლობელი ვარ. ისე, მიზეზი ჰქონდათ. რადგან დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, ჩემზე პასუხისმგებელი ლიტვა იყო.
შემდეგ იყო სასამართლო და… ადვოკატი სოფი კლინგი, რომელსაც პირდაპირ დავუდე ინფორმაცია ჩემსა და შალვაზე. ასევე, ბალტიისპირეთიდან ჩემი მასპინძლის, მისი მეუღლის, დაცვის წევრების წერილები, რომელზეც საუბარი დევნასა და თავდასხმებზე იყო.
_ ადვოკატი ძვირი დაგიჯდათ?
_ არა, უფასო იყო, სახელმწიფო ხარჯებით დანიშნული. ფული არ მქონდა, პაპისეული ოქროს ჯაჭვი ვაჩუქე, ჯვრიანად, ოღონდ შვილი და ოჯახი გადამირჩინე-მეთქი. საერთოდ არ გამოცხადდა პროცესზე, თუმცა წინა დღეს ვნახე, დამატებით რაიმე საბუთი არ მჭირდებაო და არაფერი უთქვამს, რომ მეორე დღეს პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.
მოვალეობა შეასრულა სხვა სახელმწიფოს ადვოკატმა, რომელმაც პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე იქვე გადახედა საქმეს. სხვა შედეგი ვერც იქნებოდა, გაგრძელდა ჩემი ,,დუბლინი”.
მერე გავეცანი ანუ ხელთ ჩამივარდა მასალა, ადვოკატმა რაც სასამართლოს მიაწოდა. ვიღაცის დოსიეში მხოლოდ ჩემი გვარი იყო შეცვლილი. გაოცებული დავრჩი, რაღას ვიზამდი? ან იმ შემცვლელ ადვოკატს რა უნდა ექნა?
სხვათა შორის, ამ ე. წ. დუბლინს ზოგიერთს ორ თვეში უხსნიან, ზოგს მაშინვე, ზოგს კი _ სამ-ექვს თვეში. ეს პროცესი მე ორ წლამდე გამიგრძელეს.

სასამართლოს შემდეგ რამდენჯერმე მივმართე შესაბამის ორგანიზაციებს ,,დუბლინის” მოხსნაზე. საბუთების ბევრი შესწავლა არ სჭირდებოდათ, მაგრამ პირდაპირ მეუბნებოდნენ, არაო. ჩემთვის გასაგები იყო, ,,არა”-ს რატომაც ამბობდნენ.
ორწლიანი ვადის შემდეგ, აღარც მივდიოდი. უკვე თვითონ დამიკავშირდნენ, არ აპირებ ჩაბარებასო? ორგანიზაციებს შორის ე.წ. გადაბრალების ომიც ატყდა, რადგან ჩემი პროცესი ყველანაირი კანონის ავლით, გაუგებრად დაიხლართა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა, მომეცა საშუალება, მივმართო ,,ოფრას” _ ეს ლტოლვილთა სამინისტროა პარიზში. გასაუბრების ბოლოს მკითხეს, საუბრით კმაყოფილი ვიყავი თუ არა. მივუგე, პრაქტიკულად, არაფერი გიკითხავთ და შესაბამისად, არაფერი მითქვამს. შემპირდნენ, დამატებით გამოგიძახებთო.
_ გამოგიძახეს?
_ არა.
მომდევნო ეტაპი გაგრძელდა სასამართლოში, სადაც 11 საათზე ვიყავი დაბარებული, მაგრამ წინა დღეს შემატყობინეს, რომ 9 საათზე უნდა მივსულიყავი და საქმეს თვითონ ტრიბუნალის თავმჯდომარე განიხილავდა. ფრანგებმა მითხრეს, ეს ან ძალიან კარგია, ან ძალიან ცუდიო.
ხუთსაათნახევრის განმავლობაში ეს, პრაქტიკულად, ბრძოლა იყო.
_ ანუ?
_ ერთ პატარა ეპიზოდს მოვყვები:
საქართველოში არაა მთავრობა პრორუსული, პუტინის და რატომ ამბობთ, კრიმინალები არიან, ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეაო. ,,გაზპრომი” თურმე, საქველმოქმედო ორგანიზაცია ყოფილა. მივუგე, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, რომ პუტინისაა და კრიმინალები არიან, ჩემზე კარგად იცით, საფრანგეთის მოქალაქე როგორც გახდა, თვითონ გაქვთ საქმე აღძრული მის წინააღმდეგ თაღლითობის გამო და გინდათ საწინააღმდეგოში დამაჯეროთ-მეთქი?
იქვე მივხვდი ანუ გასაგები იყო, რატომ დაინტერესდა ჩემი საქმის განხილვით მისი უდიდებულესობა, ტრიბუნალის თავმჯდომარე. მიუხედავად იმისა, რომ აქაური კანონების თანახმად, პასუხი ორ კვირაში უნდა მოსულიყო, ორი თვე დაიგვიანა. აღნიშნულ ვადებში ვერ ჩაეტია _ რატომღაც ბევრი ფიქრი დასჭირდა. რასაც ჭამ, ხომ უნდა შეგერგოს!
სასამართლოს დუმილს წერტილი საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ვიზიტმა დაუსვა. მისი ვიზიტიდან ათ დღეში ტრიბუნალის თავმჯდომარემ ხელი ნეგატიურ პასუხზე მოაწერა.
მოკლედ, იგივე დატრიალდა, თუმცა არავინ მეუბნებოდა, ქვეყანა დატოვეო. პირიქით, არ უნდა წახვიდეო. პროცესუალურად მომდევნო ეტაპი სხვა ინსტანციის სასამართლო იყო. უფასო ადვოკატზე უარი მითხრეს, ჩემს ადვოკატს კი არ ჰქონდა უფლება, ჩემი ინტერესები დაეცვა იმ სასამართლოში.
ირაკლი ზაქარეიშვილმა ძალიან პატარა წერილით მიმართა ოფიციალურ სტრუქტურებს, რა მიზეზით ჩავბარდი, რომ მე, ჩემს ოჯახსა და განსაკუთრებით, ჩემს უფროს ვაჟს ,,კოდორი-2007”-თან დაკავშირებით საქართველოში საფრთხე მემუქრებოდა, მაგრამ ერთმა სტრუქტურამაც არ უპასუხა. ყველგან გამომიძახეს და მთელი ალიაქოთი ატყდა.
ცნობისთვის: ლტოლვილად ჩაბარებულებს, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, ყველას მსგავსად უწერია. ასე რომ, ზაქარეიშვილს სააჟიოტაჟო არაფერი მოუთხოვია. უბრალოდ, მათთვისაც გასაგები იყო, რა მოხდა და როგორ.
გასაგებია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა არ უპასუხეს, მაგრამ ადვოკატმა კლინგმაც თავი შეიკავა, რასაც აუცილებლად დავაფიქსირებ ევროსასამართლოში.
ზემოაღნიშნულზე იმ თარჯიმნების დასტურის წერილები მაქვს, რომლებიც სხვადასხვა სტრუქტურასთან საუბარს მითარგმნიდნენ.
საქმის ასეთი მდინარებით გაოცებული არიან აქ მყოფი ქართველები, სხვადასხვა ეროვნების ხალხი, ფრანგები.
ყველაფერ ზემოდან გამომდინარე, სულაც არ მიკვირს, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი ურეკში რომ გადაწყდა _ ასეც იქნებოდა. დიდი ჩანთით, ,,გაზპრომი” რომ აწერია, ჯადოსნური საქმეები კეთდება.
რაც შეეხება მუშაობას, ზოგიერთებივით არ ვიტყვი, რომ აქ ფრანგულ ჟანდარმერიას ვამზადებ, ან სპეცკურსს ვუტარებ ლეგიონერებს. ვმუშაობდი ,,ემაუსა” და სხვადასხვა ორგანიზაციაში. კომპიუტერების სახელოსნოში, მუშად… ეს სულაც არ მრცხვენია. ჩემი წინამორბედი ემიგრაციაში მცხოვრები გენერლები, ვისაც სამშობლო არ გაუყიდია, ანალოგიურად საქმიანობდნენ. ზოგს მაწვნის გაყიდვით უწევდა თავისა და ოჯახის რჩენა. ეს ჩვენი არჩევანია!
ქუჩაში დარჩენილი, გარკვეული დროის განმავლობაში, თუშიშვილებმა შემიფარეს. ნიკო დალაქიშვილმა მანქანა ,,ფორდ ესკორტი” მაჩუქა. მაისურაძემ _ ,,ჰიუნდაი”.
წელიწადზე მეტი, თითქმის ორმოცდაათი წლის ,,ქარავანში” ვიცხოვრე. გასულ ზამთარს, წყლის დალევა მინდოდა პლასტმასის ,,ბიდონიდან” და ვერ დავლიე _ გაყინული იყო 14-გრადუსიან ყინვაში. მე კი იქ მეძინა. გადავრჩი, არ გავიყინე.
მოკლედ, ყინვაგამძლეც გავხდი, სხვა სიკეთეებთან ერთად _ ,,რაც არ გკლავს, გაძლიერებს!”
ერთ-ერთი ორგანიზაციის შეფთან, რომელიც გადამდგარი სამხედროა (აქვე აღვნიშნავ, საფრანგეთში გადამდგარ სამხედროებს, თუკი მუშაობის სურვილი აქვთ, მაქსიმალურად ასაქმებენ დანაშაულის პრევენციის, სოციალურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში) ჩამომიყალიბდა ძალიან პოზიტიური ურთიერთობა. შესაძლებლობისა და კანონის ფარგლებში მიდგას გვერდით. როცა გაიგო, რომ ქარავანში ვცხოვრობდი, შემომთავაზა ადგილობრივი პენსიონერების ოჯახი. რომელმაც თავის მხრივ შესთავაზა ორგანიზაციას ერთი სართული საკუთარ სახლში.
ოთხი შვილი ჰყავთ, ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქში. ასე აღმოვჩნდი მადამ და მუსიო სიგვალდებთან. საოცარი სიკეთის და დახვეწილობის ადამიანები არიან, მაქსიმალურად ცდილობენ, გვერდით ამომიდგნენ, თან აქეთ მიხდიან მადლობას, რომ ასეთი კარგი ვარ და ვაძლევ შანსს, ოდნავ დამეხმარონ…
ასეთი ხალხი რომ არ არსებობდეს, იცით, რა ნაცრისფერი იქნებოდა სამყარო?!
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემზე შეყვარებული სიგვალდები, როგორც ჩანს, თავიანთ დიდ სამეგობროს უყვებიან ჩემზე, რის შედეგადაც საფოსტო ყუთში პოულობენ კონვერტებს წარწერით _ ,,გოგის”, რომელშიც მეტ-ნაკლები რაოდენობის თანხაა.
როდესაც აღებაზე ხელები გავასავსავე, მითხრეს, რომ ეს მათი არაა, ჩემია და აუცილებლად უნდა ავიღო, რადგანაც გამომგზავნის სახელიც კი არ აწერია, უკან რომ დაგვებრუნებინა. რაღას ვიზამ?..
ცხადია, არასოდეს დამავიწყდება და ყოველთვის დავალებულად ჩავთვლი თავს მათ წინაშე. კომპიუტერიც კი, რომლის საშუალებით გამზადდა ეს ინტერვიუ და საერთოდ, სამყაროსთან ვკონტაქტობ, მათია, რადგანაც ჩემი 2003 წლის HP სულს ღაფავს და, მათივე რჩევით, შევინახე, რათა ინფორმაცია არ დამეკარგოს.
ისე, დაბადების დღეც გადამიხადეს და ზუსტად შერჩეული ზომის ,,ადიდასის” სპორტულები მაჩუქეს.
_ ბატონო გოგი, მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა გაქვთ? ბოლოს როდის შეხვდით?
_ მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გასცა ბრძანება, მოემზადებინათ პროექტი დაჯილდოებებზე. ,,გორგასლის ორდენის” ყველა კანდიდატზეა წარდგენილი შესაბამისი მასალები, ჩემს გარდა _ ორჯერ შეუტანეს ბრძანება, მაგრამ თათუხაშვილი ამოგდებული იყო.
მოითხოვა, ხელს არ მოვაწერ, სანამ თათუხაშვილს არ ჩასვამთო. ამიტომაც, შესაბამის დოკუმენტაციაში ჩემს შესახებ არც მასალაა და არც წარმდგენი.
ასე გავხდი ,,გორგასლის ორდენის” კავალერი. პირველი 1993 წელს მივიღე. საქართველოში სამივე ,,გორგასალი” იმას ნიშნავს, ან დაგიჭერენ, ან გაგაქრობენ!
როცა შემატყობინეს დაჯილდოების შესახებ, ჩემი პირველი რეაქცია უარყოფითი იყო, მაგრამ როდესაც გავიგე, რამდენი წვალება დასჭირდა მიშას ჩემი დაჯილდოებისათვის, გული მომილბა, თუმცა მავანმა, ვისაც არ ეპიტნავებოდა ეს დაჯილდოება, თავისი მიზანი მაინც შეასრულა _ ბრძანებაში სახელი არასწორად ეწერა და დაშვებული იყო სხვა უზუსტობებიც.
მოგვიანებით, უკვე ბატონ ,,ზებრას” მოუწია, ხელახლა გაეკეთებინა ეს ბრძანება. ასე რომ, ჩემი პირველი ხარისხის გორგასალი საქართველოს ბოლო ორი პრეზიდენტის ხელმოწერითაა.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა მომისამძიმრა შალვას დაღუპვა.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიტიკოსებს _ შალვა ნათელაშვილს, ირინა სარიშვილს, სალომე ზურაბიშვილს, მემარჯვენეებს, ა.შ., რომლებიც თავიანთი ღია თუ ფარული თანადგომით, ჩემი ოჯახის გვერდით იყვნენ უმძიმეს წუთებში. ,,ოცნებში” ჩემს წინააღმდეგ ღიად 8-10 კაცი გამოდის.
ევროპარლამენტში რომ საქართველოს საკითხი განიხილებოდა, მთელ მსოფლიოს ეგონა, ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები ესწრებოდნენ. ჩემთვის და სხვა ბევრისთვის გვერდიგვერდ ისხდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ,,ზებრა”. სხდომის შემდეგ მიშას დაგეგმილი ჰქონდა სასწრაფო ვიზიტი გერმანიაში, მერკელთან. შევხვდით, საუბრის დაწყებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სალაპარაკო ბევრი იყო და ვიცოდი, ძალიან ეჩქარებოდა.
კონკრეტულად შევეკითხე, ჩემზე ერთგული ვინმე გყავს-მეთქი? მომიგო, არა, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ-მეთქი.
სტრასბურგის აეროპორტში შეგროვილ თანამემამულეებთან, პრაქტიკულად, სიტყვით გამოვიდა ჩემი ქება დიდებით და მათ ჩემი თავი გააცნო. სურათიც კი გადაგვიღეს.
_ საქართველოში დაბრუნებას არ აპირებ თუ დაჭერის გეშინიათ?
_ ხუთი წელია, ყოველ დღეს ვათენებ და ვაღამებ ფიქრით, როდის ჩამოვალ საქართველოში. შორიდან ვაკვირდები პარლამენტში, ქუჩაში ხელისუფლება და ოპოზიცია როგორ კინკლაობს ხალხის დასანახად, საღამოს კი ერთად ქეიფობენ, საერთო ბიზნესები აქვთ. წურბელები, რომლებისთვისაც არაფერია წმინდა! ხალხს არჩევანის უფლება აქვს წართმეული.
მთავარი არაა, როგორ დავიბადეთ, არც ისაა მთავარი როგორ ვიცხოვრეთ, ყველაზე მთავარია, როგორ წავალთ!
ზუსტად იმ ეტაპზე ვარ, როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორ წავალ. დასაკარგი არაფერი მაქვს! მზად ვარ, ჩემი სიცოცხლე საქართველოს შევწირო!
სხვანაირად ჩემი ცხოვრების პირველ და მეორე ეტაპს აზრი არ ექნება! ლტოლვილად, ღრმა მოხუცებულობით სიკვდილს ჰოსპიტალში ნამდვილად არ ვაპირებთ არც მე და არც ჩემი თანამოაზრეები.
რაც შეეხება შიშს, მოკრივემ შეიძლება, ერთი ნაბიჯი გადადგას უკან, მაქსიმუმ, ორი, მეტი არა. ეს უკანდახევაც იმისთვის სჭირდება, კონტრშეტევა განახორციელოს. რამდენჯერმე დავიჭერი, მაგრამ არ მოვკვდი. შიშის ადგილი აღარ დარჩა ჩემს თავში!
წითლებსა და ცისფრებს ხომ არ ჰგონიათ, რომ უმრავლესობაში არიან საქართველოში? _ თქვენ, რეალურად, 2-3 პროცენტს წარმოადგენთ! მედია, სახელისუფლებო რესურსები ამჯერად თქვენია, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველაფერს აქვს დასასრული. შეიძლება, იყიდოთ ბრენდული ტანსაცმელი, ფეშენებელური ვილები, რაღაც ეტაპზე ხმებიც, მაგრამ როდესაც საქმე შვილებისა და შვილიშვილების მომავალს შეეხება, ყველა ხვდება, რა გააკეთოს.
საქართველოს მომავალი თეთრ ფერში, სისუფთავეში, სიკეთესა და სიწმინდეშია. ეს ისეთი განზომილებებია, რომელსაც დამარცხება არ უწერია. ,,ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია!” _ მე ამის მჯერა და ასეც იქნება, ჩვენ ამას მივაღწევთ!
(გაგრძელება იქნება)
ვანო პავლიაშვილი

როგორ მზადდებოდა „ვარდების რევოლუცია“ _ პარლამენტში შევარდნის დღემდე უცნობი დეტალები

სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი ალაპარაკდა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია(ვიდეო) განწირული რეისი-ბაბუშერას აეროპორტთან თვითმფრინავის ჩამოგდებიდან 24 წლი გავიდა