სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი ალაპარაკდა

სპეციალურად არ დამიგეგმავს _ უბრალოდ, პოსტ-ფაქტუმ გავიგე, რომ 18 სექტემბერს, ესე იგი, დღეს, გენერალ გოგი თათუხაშვილის დაბადების დღეა. მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი წლებია, ევროპაშია. სტრასბურგშიც სოციალური ქსელით დავუკავშირდი… ინტერვიუზე დამთანხმდა. კითხვები გავუგზავნე… მომწერა, ეს ინტერვიუ კი არა, უფრო მემუარები გამოვაო…. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო გთავაზობთ ექსკლუზიურ არა- ჩვეულებრივ ინტერვიუს გოგი თათუხაშვილთან. ისე, ეს ინტერვიუს პირველი ნაწილია _ გენერალს სათქმელი და მოსაყოლი, ცხადია, ბევრი კი არა, ძალიან ბევრი აქვს… კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ფოტო, რომელიც ამ არა-ჩვეულებრივ ინტერვიუს ახლავს, წლების წინ გენერლის დაბადების დღეს, 18 სექტემბერსაა გადაღებული და პრესაში პირველად ქვეყნდება.
_ ბატონო გენერალო, მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვეთ, ეს თქვენი, მგონი, პირველი ინტერვიუა. აქამდე რატომ დუმდით?
_ ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მემუარებს ვწერ.
_ რატომ?
_ ამ კითხვებმა მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა. მემუარებისთვის ჯერ არ მცალია, ბევრი მაქვს სამუშაო, საბრძოლი და გასაკეთებელი, მაგრამ მაინც შევეცდები, გიპასუხოთ… ვფიქრობ, ბევრისთვის საინტერესო იქნება და ბევრ საკითხს მოეფინება ნათელი. ჩემი ძირითადი მიზანია, მართალი სიტყვა ვთქვა ქართულ პოლიტიკურ წკვარამსა და ისეთ საკითხებზე, რისი შემსწრე და მონაწილეც ვარ.
სიმართლე სინათლეაო _ თვალებს ჭრის და უმეტესობა უფრთხის. ართქმით კი ის გამოდის, რომ ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და პროგრესი არ ჩანს. არ მინდა, ჩემი თაობაც წავიდეს დამოუკიდებელ და ძლიერ საქართველოზე ოცნებით. საქართველო ამ ტემპით უფსკრულისკენ მიექანება. საქართველოს მოსახლეობას არჩევანის უფლება წართმეული აქვს. არადა, ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება და ღირსია, გააკეთოს არჩევანი!..
საქართველოს, ზვიად გამსახურდიას შემდეგ, მართავს წითელი ინტელიგენცია, რომელიც ყველა სფეროშია და ასრულებს მოსკოვის დავალებებს. მთელი ქართული დოვლათი მის ხელთაა. სტრატეგიული ობიექტები ისევ რუსეთს აქვს დასაკუთრებული _ მოსკოვის გარეშე საქართველოში თითქმის არაფერი ხდება. დაუმორჩილებლებს ანადგურებენ.
მოდის ახალი არჩევნები. ხალხი დაბნეულია. ვეღარ გაიგო, ვინაა ნაციონალი, ვინაა ,,მეოცნებე” და ვინაა თითომილიონჩამორიგებული. გულზე მჯიღისმცემელი ნაციონალი პოლიტიკოსი დღეს ,,ოცნების” სიით გამოდის, ,,ოცნების” ხალხი ნაციონალების სიებში გადაპორტირდნენ.
წინა არჩევნების შემდეგ გავაკეთე განცხადება, დავწერე, რომ არჩევნების ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი _ მონას ვინ მისცა არჩევანის უფლება?!
ახლა, არჩევნების წინ, მინდა ვთქვა ჩემი სათქმელის ნაწილი, რომელიც ვინმეს თვალს ბევრ რამეზე აუხელს!..
_ კი ბატონო, მაგრამ მოდი, საუბარი შორიდან დავიწყოთ: მართალია, უშიშროების ორგანოებში მუშაობის ხანგრძლივი სტაჟი გაქვთ, მაგრამ ფართო საზოგადოებამ „ვარდების რევოლუციის“ წინაპერიოდში გაგიცნოთ _ იმხანად, თუ არ მეშლება, მიხეილ სააკაშვილის დაცვის უფროსი იყავით. ყოფილი პრეზიდენტი სად, როდის გაიცანით და მისი ნდობა როგორ მოიპოვეთ?
_ უშიშროების სისტემაში არ მიმუშავია…
_ რატომღაც, ასე მახსოვდა…
_ თითქმის ყველა ძალოვან სტრუქტურაში ვიმსახურე, უშიშროების სტრუქტურის გარდა. ჩემი ბიოგრაფია ,,ვარდების რევოლუციით” არ იწყება. ჯერ კიდევ წესრიგის დაცვის სამმართველოში მუშაობისას, 1982-1989 წლამდე, პირველადი პროფესიით ტოპოგრაფს, მუშაობა მიწევდა მასობრივი ღონისძიებების, სპეცოპერაციებისას, არეულობების დროს გეგმების შედგენაზე. აქედან გამომდინარე, მთლიანად საქართველო იყო ჩემი მუშაობის არეალი.
ვამაყობ, რომ არ ვარ გაზრდილი ,,პატარა ნაპოლეონების” მიერ. დიდი სკოლა გავიარე საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ლეგენდებთან. მუშაობა მასწავლეს გენერლებმა _ ვარლამ შადურმა, თენგიზ ეპიტაშვილმა, შაქრო ცინცქალაძემ, პოლკოვნიკებმა ტარიელ თავართქილაძემ, გოგი ბიჭაშვილმა, ტარიელ გრიგალაშვილმა, გიგლა ნადარეიშვილმა, მერაბ ღუდუშაურმა, დავით ინჯიამ. დამსახურებული ადამიანი, გენერალი შაქრო ცინცქალაძე საქართველოშია და ამ სიტყვების ნამდვილობას დაადასტურებს.
ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩემს ჯარისკაცებთან ერთად, გენერლების _ შაქრო ცინცქალაძის, გენო ადამიას, გუჯარ ყურაშვილის, ვალერი ქვარაიას, ემზარ ჭოჭუას, ელგუჯა ბუსხრიკიძისა და თამაზ ნადარეიშვილის გვერდით მიბრძოლია.
აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ გენერლები _ გენო ადამია და გუჯარ ყურაშვილი, თითქმის ყველა ბრძოლის გმირი მონაწილეები, ისევ ქართველის ხელით გაიწირნენ. გენო სასიკვდილოდ, გუჯარი კი ერის მოღალატის ბრალდებით (ჩემი აზრით, საქართველოს ყველა ქალაქში უნდა იყოს გენო ადამიას სახელობის ქუჩა და ეს დრო მოვა).
ყველაფრის მიუხედავად, ვამაყობ, რომ რიგითიდან გენერალ ლეიტენანტამდე მივედი, ყველა წოდების ვადის, ასე ვთქვათ, გავლით. ცხოვრებაში არაფერი მიმიღია იმიტომ, რომ ვიყავი ვისიმე შვილი, შვილიშვილი ან სიძე. თანამდებობასა და წოდებაში არც ფული გადამიხდია!
მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ! ვიცხოვრე ისე, როგორც ჩემი ქვეყანა ცხოვრობდა და ჩემი შვილებიც ასე აღვზარდე!
1992 წელს, სამაჩაბლოში სამშვიდობო ძალების მეთაური ვიყავი. თითქმის ყოველ დღე იყო ჩართვა საქართველოს ტელევიზიით, კონფლიქტის ზონიდან, სადაც ან ჩვენზე იყო საუბარი, ან როგორც მეთაურს, მიწევდა პასუხის გაცემა არა მარტო ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის.
რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას 2003 წლამდე, ამ დროისთვის პოლკოვნიკობის ექვსწლიანი სტაჟი მქონდა.
ასევე, როგორც მოკრივე, მამა-პაპიდან მოყოლებული, შვილებთან ერთად, ვიყავი ყველა დიდი თუ მცირე შეჯიბრის მონაწილე და გულშემატკივარი. ასე რომ, სპორტის _ მოკრივეების წრეშიც ჩემი გვარი უცნობი არავისთვის იყო. ამასთან, ვთვლი, რომ ჭადრაკი და სროლა ჩემი სფეროა ღრმა ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ,,პიონერთა სასახლიდან”. აი, სიმღერა-ცეკვის, მუზიცირებისა და პოეტობის ნიჭს კი ნამდვილად ვერ დავიჩემებ.
სად გავიცანი მიხეილ სააკაშვილი? 2000 წელს, რეფორმების შედეგად შინაგანი ჯარების ნაწილი იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში გადავიდა. იუსტიციის სამინისტროს სპეცრაზმის უფროსობა შემომთავაზეს, რაზეც დავთანხმდი და რვა თვის განმავლობაში ველოდებოდი დანიშვნას.
შემდეგ, თითქმის ერთდროულად, მოხდა მიხეილ სააკაშვილის მინისტრად და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარედ პოლკოვნიკ ზურაბ სხვილიძის დანიშვნა, რომელმაც მეორე დღესვე გამომიძახა გასაუბრებაზე და პირდაპირი ტექსტით მითხრა, შენი პირადი საქმე ვნახე, ხომ იცი, რვა თვის განმავლობაში რატომ არ ინიშნებოდიო? ორთავეს გაგვეცინა. მკითხა, ფულს ხომ არ გააკეთებო? მეწყინა და ვაგრძნობინე: სპეცრაზმი და ფული, მე და ფულის კეთება? მიხვდა, რომ ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. ადგა, გადამეხვია და კიდევ შემეკითხა, ხომ არ მიღალატებო. ცხოვრებაში მოღალატე ნამდვილად არ ვყოფილვარ… დღესვე იქნება ბრძანება და ხვალიდან გადიხარ სამსახურშიო.
სპეცრაზმში ოცამდე ადამიანი დამხვდა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებდა. მომიწია სამსახურის ჩამოყალიბება ნოლიდან.
მიხეილ სააკაშვილმა რეფორმები, რასაკვირველია, იუსტიციის სამინისტროდან დაიწყო, შემდეგ გადავიდა დეპარტამენტზე. დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ, დამირეკა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ვინმე ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, მინისტრს სურს თქვენთან ერთად ვარჯიში. ვინც ვერ ირბენთ, დაწერეთ განცხადება და წადით. ხვალ, დილის 10 საათზე უნდა იყო კუს ტბაზეო. პირველი შეხვედრა და გაცნობა მიხეილ სააკაშვილთან სწორედ ასეთ სპორტულ ვითარებაში მოხდა. ერთად ვირბინეთ. კომპლიმენტიც დავიმსახურე, რა კარგ ფორმაში ხართ, ბატონო გოგიო. ისე, ყველა წრის შემდეგ, მიშას ბოტასების თასმები ეხსნებოდა და იკრავდა… შემდეგ, ამ ერთობლივმა ვარჯიშებმა თითქმის სისტემატური სახე მიიღო. მინისტრი მაკონტროლებლად და მაყურებლად კი არ მოდიოდა, ჯარისკაცებთან ერთად მწკრივში დგებოდა და ერთ-ერთი რიგითი სპეცრაზმელი იყო _ მეთაურის ბრძანებებს ასრულებდა. თავს უხერხულად კი ვგრძნობდი, მაგრამ რა უნდა მექნა?..
აქვე მინდა, აღვნიშნო: ერთობლივი ვარჯიშების დროს მიშამ გაიარა მსროლელის, სამთო მომზადებისა და თავდაცვის კურსები. ამ ვარჯიშების დროს ვსაუბრობდით სამსახურეობრივ პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე.
ჩვენი ურთიერთობის მეორე ეტაპი პირველივე საჩვენებელი მეცადინეობის შემდეგ დადგა, რომელიც ფართოდ გაშუქდა მედიით, როგორც პოზიტიურად, ასევე _ ნეგატიურად. წერდნენ, ახალმა მინისტრმა დაქირავებული უცხო სპეცრაზმელებით ჩაატარა ეფექტური საჩვენებელი მეცადინეობაო. ამას მოჰყვა სააკაშვილის ზარი, უცხო მართლა ვინმე ხომ არ გვყავდაო. მივუგე, ,,რემბოები” ნამდვილად არ დაგვიქირავებია. კიდევ კარგი სისტემატურად ერთად ვვარჯიშობთ და ყველას იცნობთ-მეთქი.
სწავლების მეორე დღეს გამომიძახა, მადლობა გადამიხადა და დამავალა, რომ პირადი შემადგენლობის წახალისების შესახებ პატაკი დამეწერა. ასევე, მითხრა, რომ მაშინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან ჰქონდა ჩემზე საუბარი, რომელმაც დაუდასტურა, მახსოვს, ვიცი, სერიოზული კადრია და გამომრჩაო.
მეორე სწავლების შემდეგ, რომელმაც ასევე, წარმატებულად ჩაიარა, ანალოგიურად, იყო მადლობა და პრემიები, თუმცა ამჯერად ჩემს მიმართ პრეზიდენტის რეაქცია განსხვავებული იყო, ეს რა ტერორისტი დაგინიშნია სპეცრაზმის უფროსადო, რაზეც მიშამ უპასუხა, ისევ ის ოფიცერია, ამას წინათ რომ შეაქეთო. პრეზიდენტმა მიუგო, ოჰ, ეს თარგამაძეო. ამ ნათქვამის შემდეგ მივხვდით, რომ იუსტიციის სამინისტროს გაძლიერება ბევრს თვალში არ მოსდიოდა.
სამსახურეობრივი ღონისძიებების გარდა, ახალი მინისტრი სპეცრაზმთან ერთად ატარებდა კულტურულ ღონისძიებებს არაფორმალურ გარემოში, რაც ხელს უწყობდა დაახლოებას და ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
იუსტიციის სამინისტროში ყოველთვიურად იკვრებოდა საუკეთესო თანამშრომლის ფოტო. ჩემი ფოტო ყველაზე დიდხანს ეკიდა. არც მიცდია გაპროტესტება, რადგან უკვე მქონდა მწარე გამოცდილება შინაგან საქმეთა სამინისტროდან, როცა ჩათვალეს, რომ ჩემი ფოტო წარჩინებულებში უნდა მოეთავსებინათ და მაქსიმალურად ავითრიე ფეხი, პოლკოვნიკმა გიგლა ნადარეიშვილმა ერთ-ერთ თათბირზე მამაშვილურად მითხრა, გაფუჭდი შენ, ბრძანებებს არ ასრულებ, იცოდე, დაგიჭერთ, შვილოო. ამ ნათქვამის განეიტრალება სცადა ასევე, ლეგენდარულმა პოლიციელმა, პოლკოვნიკმა მერაბ ღუდუშაურმა, რომელიც თბილისის სამმართველოში მუშაობდა, ბატონო გიგლა, რომელ სურათის გამო უნდა დაიჭიროთ, წელს ზემოთ თუ წელს ქვემოთო? მიუგო, წელს ქვემოთა სურათი შენთან ჩამოიკიდე, თბილისის სამმართველოშიო. ასე, ნახევრად იუმორით, მეორე დღესვე მივარბენინე სურათი.
_ წელს ქვევით თუ წელს ზევით?
_ (იღიმის) ცხადია, წელს ზევით.

სააკაშვილისა და ჩემი ურთიერთობის მომდევნო ეტაპი ვაკის რაიონის არჩევნები იყო, რომელიც ბრძოლით მოვიგეთ. რამდენიმე თვეში მიშამ გადამიყვანა და დამნიშნა პირადი დაცვის უფროსად. ქალაქის საკრებულოს არჩევნებამდე უკვე ნაციონალური მოძრაობის უსაფრთხოების სტრუქტურა მქონდა შექმნილი სანდო, ერთგული და გამოცდილი ხალხით…
მერე იყო ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები, რომელიც წარმატებით ჩავატარეთ. არჩევნებამდე, თუ გახსოვთ, მიშამ თბილისის მოსახლეობას დაუდო ხელშეკრულება, სადაც ჩამოწერილი ჰქონდა გეგმები. ბიუჯეტის დამტკიცების დროს, საკითხს რომ გაიტანდა, რათა თავისი დაპირებები შეესრულებინა, იძულებული ხდებოდა, გაეთვალისწინებინა იმ დეპუტატებისა და პარტიების ინტერესები, რომლებიც ურთიერთგამოდგომით თანამშრომლობას სთავაზობდნენ. ამდენად, ერთგვარ ტყვეობაში იყო.
რაც შეეხება რევოლუციის მოსამზადებელ პერიოდს და თვითონ რევოლუციას, ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ.
_ კი ბატონო… ისე, თუ არ გამიბრაზდებით, რაკიღა საშუალება მომეცა, ერთ მოარულ ხმას გადავამოწმებ _ მართალია, რომ ამბობენ, თათუხაშვილი თავის დროზე იგორ გიორგაძის სპეცდანიშნულების რაზმის წევრი იყოო?
_ წეღან უკვე გითხარით, რომ ყველა ძალოვან სტრუქტურაში მიმუშავია, უშიშროების გარდა. იგორ გიორგაძეს არ ვიცნობ და მასთან შეხებაც არ მქონია, მინიმუმ, სამკილომეტრიან დისტანციაზე.
მინდა, ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ მითზე, რომელიც გამიგონია და ალბათ, თქვენს შემეკითხებით: ეს შეეხება მიხეილ სააკაშვილის ბრონირებულ მანქანას. რომელსაც იგორ გიორგაძეს უკავშირებენ. ამ მანქანის დასაპროექტებლად, გასაკეთებლად და ჩამოსაყვანად პირადად მე ვიყავი წასული მოსკოვში. სხვათა შორის, დღემდე ჩემს სახელზეა გაფორმებული. იმ მანქანის გასაკეთებლად მიშასგან ავიღე ნებართვა, რომ უნდა გავმხდარიყავი კაზაკების გენერალი. მიშა დაინტერესდა, რამდენი ჯდებაო. ვუთხარი, არაფერი ჯდება, ერთი ბოთლი არაყი, რამდენიმე ლუდი და სოსისი-მეთქი.
გაეცინა, მაშინ რაღას მეკითხებიო. მივუგე, უბრალოდ, შეგითანხმეთ-მეთქი.
მოსკოვში, სპეციალისტების ჯგუფთან ერთად ვიმუშავე, კერძო ფირმაში _ Oხрაнა გავაკეთეთ. საბუთების გაკეთებაში დამეხმარა შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი ვლადიმერ ჩიქოვანი. ჯერ კიდევ მოსკოვში, როცა ტესტირების რეჟიმში ვმოძრაობდი, მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, ეს რა მანქანააო. თვითონაც ვერ იჯერებდნენ, რომ ეს მანქანა ,,უაზი” იყო. მთელი რუსეთი ისე გამოვიარე, რომ საგუშაგოებზე ,,კაზაკების გენერალს” მხედრულად მესალმებოდნენ.
სერიოზული პრობლემა შემექმნა ლარსის საზღვარზე, სადაც მიმტკიცებდნენ, რომ ის მანქანა კი არ, ტანკი იყო, რაც სიმართლესთან ახლოს გახლდათ. ვთხოვე, ფორმით მოსულიყო ჩემს დასახმარებლად თბილისიდან რუსების გენერალი, თბილისელი ლიოვა ბადალოვი, რომელიც დიდი ხანი მსახურობდა ქალაქ თბილისის ავტოინსპექციაში და იმ დროისთვის ავლაბარში განლაგებული რუსული სამხედრო საწყობების უფროსის მოადგილე მუშაობდა. მოვიდა ფორმით, დაჯდა საჭესთან და ბევრი ცერემონიის გარეშე, გადმოვიდა.
ახლა საქართველოში ატყდა წიოკი, აი, მიხეილ სააკაშვილმა ბრონირებული ჯიპი იყიდაო, რაზეც გამომიძახა მიშამ და მისაყვედურა, რატომ არ აწერია, ,,უაზი” რომააო? ვუთხარი, ემბლემა აქვს, დანარჩენს ორ საათში გამოვასწორებ-მეთქი. უცებ გამახსენდა ჩემი კუკია, სადაც გავიზარდე და დავამთავრე მესამე საშუალო სკოლა. მივადექი მეგობარ მესაფლავეებს, რომლებიც ქვებზე წარწერებს აკეთებდნენ. ვთხოვე, მანქანას ოთხივე მხრიდან უნდა ეწეროს ,,უაზი”, განსაკუთრებით დიდი ასოებით უკანა, სარეზერვო საბურავზე-მეთქი.
მოკლედ, ესაა სიმართლე იგორ გიორგაძის ნაჩუქარ მანქანაზე!
რაც შეეხება მამამისს, პანტელეიმონ გიორგაძეს, გავიცანი 1992 წელს, სამაჩაბლოში, სამშვიდობო ძალებში მსახურისას. ის ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი იყო, მე კი იქ მივლინებული ვიყავი, თავიდან ქართული ბატალიონის მესამე ასეულის, რომელიც შედგებოდა შინაგანი ჯარების პირადი შემადგენლობისაგან, მეთაურად. პირველივე დღეებიდან ჯერ გენერალმა ემზარ ჭოჭუამ, შემდეგ ასევე, გენერალმა ვალერი ქვარაიამ თავდაცვის სამინისტროდან, შემომთავაზეს ბატალიონის შტაბის უფროსობა. რაზეც უარი ვთქვი, რადგან ჩემი ხელმძღვანელობა მყავდა და პასუხისმგებელი ვიყავი შინაგანი ჯარების ასეულზე.
ბევრჯერ მქონია სერიოზული კონფლიქტი შოიგუსა და გენერალ-პოლკოვნიკ ფილატოვთან, მიუხედავად ამისა, ჩემმა ასეულმა მიიღო მთლიანი სამშვიდობო ძალების ასეულებში საუკეთესო ასეულის წოდება. ერთ დღეს, ჩემთვის მოულოდნელად, გენერლებთან _ პანტელეიმონ გიორგაძესა და ვალერი ქვარაიასთან ერთად, აღმოვჩნდი ედუარდ შევარდნაძესთან, სადაც დამნიშნეს სამშვიდობო ძალების ბატალიონის მეთაურად. ამ თანამდებობაზე ვიმსახურე მომავალ სიურპრიზამდე.
_ და ეს რა სიურპრიზი იყო?
_ რა და, ისევ ჩემთვის მოულოდნელად აღმოვჩნდი პრეზიდენტთან, სადაც დამნიშნეს გაგრის დესანტის მეთაურად (გაგრა ახალი ჩაბარებული იყო). მას შემდეგ არც პანტელეიმონ გიორგაძე მინახავს… გიორგაძისგან ერთხელ მივიღე შენიშვნა და მაშინვე შევთავაზე, ახლავე დაგიწერთ პატაკს გადადგომაზე-მეთქი.
_ იგორ გიორგაძემ შენიშვნა რატომ მოგცათ?
_ ის, როგორც პროფესიონალი სამხედრო, თვლიდა, რომ შტატს ზევით სამხედრო მოსამსახურეები მყავდა. მიუხედავად ამისა, შევსწრებივარ, როგორ უპირისპირდებოდა რუს გენერლებს, ასევე, პირდაპირ რეკავდა მოსკოვში.
არ შემიძლია, აქვე არ მოვყვე ლეგენდარულ თბილისელ პოლიციელ ბორია ივანოვზე, რომელიც კუკიაზე გაიზარდა _ ახლახან გარდაიცვალა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს იყო კაცი, რომელიც 2004 წელს ბევრ რამეში დაეხმარა შინაგან ჯარს _ გამომიგზავნა დიდი რაოდენობით სამხედრო ამუნიცია, ამის გამო პრობლემები შეექმნა მოსკოვში (ინფორმაცია საქართველოდან მიაწოდეს). ამ კაცს იგორ გიორგაძესთან არც უმუშავია და არსად არც გადაკვეთილან, რადგან მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო. მომიყვა, ქართველებმა დამირეკეს, შევხვდეთო. გამიხარდა და მივედი. ბევრი ნაცნობიც დამხვდა. ამასობაში მოულოდნელად დარბაზში შემოდის ტელევიზია და იგორ გიორგაძე. ეს არ მომეწონა და გავაპროტესტეო… გენერალი საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრეს, რადგანაც კადრებში იგორ გიორგაძის გვერდით გამოჩნდა. ყველაზე სამარცხვინო ისაა, რომ დიაბეტით დაავადებული დამსახურებული გენერლის ჯიბეში ჰეროინი ,,იპოვეს”. თქვე კაი ხალხო, იარაღი მაინც ჩაგედოთ!.
ესეც ჩემი ურთიერთობა მამა-შვილ გიორგაძეებთან.
_ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მთელმა მსოფლიომ დაინახა მაშინდელი ჩვენი, მსუბუქად რომ ვთქვა, შეშინებული მთავარსარდალი _ გორის ე.წ. ინციდენტს ვგულისხმობ. სააკაშვილი მართლაც, ასეთია?
_ პასუხს ცოტა შორიდან დავიწყებ.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ ლიდერები და პოლიტიკოსები მიტინგებს მართავენ, გამოჰყავთ მომხრეები და კრიტიკულ მომენტში ხალხს ტოვებენ საფრთხის პირისპირ, თვითონ კი პირველები გარბიან, ზოგი იქვე, პარლამენტში საკუთარ კაბინეტში იმალება, ზოგი შეშინებული უფრო შორსაც გარბის, რაც მიშას, დაბეჯითებით გეუბნებით, არ ახასიათებს _ არასოდეს მიუტოვებია ხალხი და ყოველთვის ავანგარდში იდგა. ასევე, კრიტიკულ სიტუაციაში ყოველთვის მიჰყვებოდა ის ხალხი, ვისაც სამშობლოს გარდა, დასაკარგი არაფერი ჰქონდა!
ხშირად ყოფილა, მიშა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გამიფრთხილებია, რომ თუ ასე მოიქცეოდა, ვერც სიცოცხლის გარანტიას მივცემდი და ვერც _ უსაფრთხოებისას, მაგრამ ის მაინც იღებდა გადაწყვეტილებას, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთად უნდა გვებრძოლა. ბრძოლაში კი ან გადარჩები, ან არა.
მსგავსი მაგალითი შემიძლია, ძალიან ბევრი გავიხსნო, მაგრამ რამდენიმეზე შევჩერდები:
ერთხელ, 2003 წელს, ზუგდიდში მოსახლეობასთან ფართომასშტაბიანი შეხვედრა იყო დაგეგმილი. თბილისიდან მიშას მანქანა და ოფიციალური კოლონა დაიძრა. მე და მიშა ცალკე წავედით. არავინ იცოდა, მიშა რომელ მანქანაში იჯდა. ზუგდიდში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა დაგეგმეს დიდი პროვოკაცია: როგორც კი დაიწყებოდა მიტინგი და მიშა სიტყვით გამოვიდოდა, სროლა ატყდებოდა. ეს ინფორმაცია მქონდა. ამიტომაც ზუგდიდის შესასვლელთან, მე და მიშა თვალს მოვეფარეთ. ოფიციალური კორტეჟი კი ქალაქში შევიდა. პარალელურად, გავეცი განკარგულება, რომ დაეწყოთ მიტინგი. მანქანების შესვლისთანავე, როგორც კი მიტინგი დაიწყო, ატყდა მასიური სროლა, რასაც აფეთქებები მოჰყვა… ხალხი დაიჭრა. სროლისა და აფეთქების ხმამ ჩვენამდეც მოაღწია. ამასობაში, გამოვიძახეთ და ჩვენთან მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი აქტივისტები. ასევე, თბილისიდან მიტინგზე ჩამოსული ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისის წარმომადგენლები. მიშას ყველამ ერთხმად უთხრა, შენ უნდა მოეკალით, ახლა კი ხალხს ესვრიან. არ გაბედო ზუგდიდში შესვლა, წადი, დაბრუნდი თბილისშიო. მიშა დაფიქრდა, როგორ უნდა დავბრუნდე თბილისში, როცა ჩემს ხალხს ხოცავენ. თუ ჩემს ხალხს ხოცავენ, მით უფრო უნდა წავიდე და იქ დავდგეო.
უმტკიცებდნენ, რომ დიდი საფრთხე ელოდა და წინააღმდეგი იყვნენ, ზუგდიდში შესულიყო. მიშამ შემომხედა, მივხვდი, ჩემს პასუხს ელოდა და პირდაპირ ვუთხარი, 50/50-ზეა-მეთქი.
ისე, მსგავსი შემთხვევები მანამდეც გვქონია და 50-50-ზე პაროლივით შემოგვრჩა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამოცანას შევასრულებთ ბოლომდე, თუნდაც დავიხოცოთო. იმით გულმოცემული, რომ ჩვენი 50 პროცენტი მაინც იყო, აქტივისტებს მიუბრუნდა, თქვენ იცით, გოგია ვინ არის? სპეცრაზმელია და ყველას დედასო…. მერე მომიტრიალდა, წავიდეთო. მივუგე, ოღონდ არაფერზე მეჩხუბო და ყველაფრის უფლება მომეცი-მეთქი. ხელი კი ჩაიქნია, მაგრამ თვალს არ მაშორებდა. პირად დაცვას მივეცი ბრძანება, მიეღოთ საბრძოლო იერი, ფორმებით, ჯავშანჟილეტებით, იარაღით. შევდივართ ზუგდიდში, ხალხის დასაცავად თავდამსხმელებისაგან-მეთქი. შევედით, სროლა შეწყდა. ხალხი აპლოდისმენტებითა და დიდი სიყვარულით შეხვდა მიხეილ სააკაშვილს. მიშა მიესალმა, მიტინგი ჩაატარა, გაესაუბრა მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს აღვკვეთეთ ძალოვნების სცენარი, მიშას ორგზის ლიკვიდაციას მაინც შეეცადნენ…
_ როდის?
_ 2003 წლის ბოლოს და 2004 წლის დასაწყისში მიშა მთლად არ ენდობოდა თავის დაცვას და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე მე მიბარებდა. ერთ-ერთი გამოძახება მკაფიოდ დამამახსოვრდა: შეკრიბე პირადი დაცვის ბიჭები. უნდა ჩამიყვანო ცხინვალში, მერე _ თამარაშენში, იქ უნდა შევხვდე მოსახლეობასო. ჩავეკითხე, შიგ, ცხინვალში-მეთქი? დიახ, ცხინვალშიო. ავუხსენი, რომ ეს კარგი იდეა კი არა, სახიფათო გადაწყვეტილება იყო, რომელიც დიდ რისკს უკავშირდებოდა. ასევე, ვუთხარი, გადარჩენის შანსია 50-50-ზეა-მეთქი. გასვლისას შევეკითხე, გეგმა ხომ არ შეიცვლება და რაიმე ხომ არ დაემატება-მეთქი. არაო, მომიგო. გამეღიმა, რა ვიცი, აბა, იქ არ მითხრა, ცხინვალიდან სოხუმში წავიდეთო.
შევიმუშავე გეგმა, მოვამზადე ხალხი და წავედით. სანამ ცხინვალში შევიდოდით, წინასწარ შევიდა ჩვენი სამი სადაზვერვო, ორი ბლოკირების და ერთი საევაკუაციო ჯგუფი. ცხინვალში შევედით ორი მანქანით. ჩემი გეგმით, არ უნდა გავჩერებულიყავით. უნივერმაღთან მიშამ გაჩერება და უნივერმაღში შესვლა მოინდომა. იმ სურათისთვის, რაც იქ დავინახეთ, რისკი ღირდა.
_ რა დაინახეთ?
_ უნივერმაღში მყოფმა ხალხმა მიშა რომ დაინახა, შეძახილებით _ ,,მიშა, მიშა!” გამოექანა, შემოეხვია და… ვინ კოცნიდა, ვინ ხელს ართმევდა…
ეს მართლა, ასე იყო ჩვენ არ მოგვიწყვია. ხალხის რეაქცია ძალიან გულწრფელი, ნაღდი და ლამაზი იყო. სანამ მიშა ხალხს ხვდებოდა და ესაუბრებოდა, სადაზვერვო ჯგუფიდან მივიღე ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ძალოვნები დაიძრნენ ჩვენი მიმართულებით. მიშას ვანიშნე, გასვლის დროა-მეთქი. ამასობაში, მივიღე კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ უკვე ძალიან ახლოს იყვნენ და ჩვენები უკან მოყვებოდნენ. ,,შეგვაყენეს”, ,,შევაყენეთ”… ეს პროცესი რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ვიკითხე, რამე პრობლემა-მეთქი? ჰო, უნდა დატოვოთ ცხინვალიო. ვტოვებთ, ოღონდ ზედმეტ მოძრაობას არ ჰქონდეს ადგილი-მეთქი. გამოვიყვანე მიშა, ჩავსვით მანქანაში და წავედით თამარაშენის მიმართულებით.
რაც შეეხება იმ ცნობილ კადრებს, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ეს წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო, რათა მიშა გამოეჩინათ, როგორც მშიშარა. მაგ დროს ჰაერში თვითმფრინავები არ იყო და ასეთი პანიკის მოტივაცია არ არსებობდა. იქიდან მიშას გათრევა, დაგდება და ზევიდან გადაფარება საჭირო არ გახლდათ.
ისე, 2008 წელს, ომში, მიშა მოძრაობდა იმ დაცვის გარეშე, რომელიც ამ კადრებში ჩანს. ის ძირითადად მოძრაობდა და საბრძოლო პოზიციებზე გადიოდა სპეცჯგუფით, რომელიც შედგებოდა დაცვის ძველი წევრებისაგან, პოლკოვნიკ ვაჟა ძამანაშვილის მეთაურობით.
თუ ყველაფერი ეს სიმრთლეა, ამის შესახებ აქამდე რატომ არაფერი ვიცოდით? ან იმ კადრებზე სამსახურეობრივი მოკვლევა რატომ არ ჩატარდა?
ამ კითხვებზე პასუხს, ასევე, სხვა საინტერესო დეტალებს ,,ვერსიის” შემდეგ ნომრებში შემოგთავაზებთ…

ვანო პავლიაშვილი

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული გლეხები აქციას მართავენ (+ფოტოები)
შემდეგი სტატიამეუფე პეტრე შორენა თეთრუაშვილი ძებნილი პირების მფარველობაში ადანაშაულებს