როგორ მზადდებოდა „ვარდების რევოლუცია“ _ პარლამენტში შევარდნის დღემდე უცნობი დეტალები

სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი ალაპარაკდა

,,სათქმელი ბევრია და არ მინდა, რამე გამომრჩეს”, _ მომწერა სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გოგი თათუხაშვილმა მას შემდეგ, რაც ,,ვერსიის” წინა ნომერში მისი არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს პირველი ნაწილი გამოქვეყნდა. შეწყვეტილი დიალოგი კი 2003 წლის ნოემბრის მოვლენების გახსენებით განახლდა.
_ რევოლუციამდე მიშამ მითხრა, გასაგებია, რომ მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის გეგმა გაქვს, მაგრამ საერთო გეგმაც შეადგინეო. მივუგე, კი ბატონო, მაგრამ როდესაც გეგმას წინასწარ დებ, მის შესახებ მოწინააღმდეგემ ყოველთვის იცის. ამიტომ, ჯობია, ჯერ არ გამოვაჩინოთ-მეთქი. არადა, გეგმა, პრაქტიკულად, მომზადებული მქონდა.
უშუალოდ რევოლუციის წინ, მიშამ პარტიების ლიდერებთან ერთად გამოაცხადა, გოგი თათუხაშვილი შეადგენს მოქმედებების გეგმას, გაგაცნობთ და ყველა შეასრულებთო. გვერდით გავიყვანე და შევეკითხე, მიმართულებების სარდლებად უსაფრთხოების სამსახურის ხალხი დავნიშნო თუ პოლიტიკოსები-მეთქი. მიპასუხა, არა, უსაფრთხოების ხალხი კი არა, პოლიტიკოსები დანიშნეო. გამიკვირდა, პოლიტიკოსები და სარდლობა-მეთქი? მოკლედ, რას ვიზამდი? ისე, იქვე ვითხოვე, რომ მიმართულებებზე სარდლების მოადგილეებად უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების დანიშვნის ნება მოეცა. მუშაობას შევუდექით და ჩემი ტანჯვაც დაიწყო.
პოლიტიკოსები, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, საკრებულოში, მიშას კაბინეტის გვერდით ოთახში შეიკრიბნენ და დაიწყო…
_ რა დაიწყო?
_ სამი საათის განმავლობაში იძულებული ვიყავი, მესმინა ეპიზოდები სხვადასხვა მხატვრული ფილმიდან. ოთახის კუთხეში გადავჯექი და მოთმინებით ველოდი, როდის დაამთავრებდნენ. ირაკლი ოქრუაშვილმა სოლიდარობა გამომიცხადა _ ჩემთან გადმოჯდა. ამასობაში, შემოვიდა მიშა, ვითარება ერთი შეხედვით შეაფასა და ყველას ,,დაგვახურა”, რის შემდეგაც მე და მიშამ ყველა პოზიცია ცალკე გავიარეთ. შემდეგ კი, თითოეულ პოლიტიკოსს საერთო გეგმაში მისი როლი და ამოცანა გავაცანით.
გადაწყდა: გია ბარამიძე დაინიშნა პირველი მიმართულების სარდლად, სულხან საბას ქუჩიდან; პეტრე ცისკარიშვილი, მოადგილედ პეტრე გიორგაძე მეორე შესახვევში, ინგოროყვას ქუჩაზე. გია ხევიაშვილი და ხვიჩა აგლაძე _ მესამე, სპეცმიმართულებაზე (რუსთავის რაზმი ეზოებიდან უნდა შესულიყო კანცელარიის წინა მოედანზე). ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ჩამოსასვლელ ქუჩაზე _ ოქრუაშვილი (მოადგილედ ქარელი ითხოვა). უშიშროების სამინისტროდან კანცელარიამდე, ჩიტაძეზე _ გენერალი ზეიკიძე. მეტროსადგურ ,,რუსთაველის” სახურავიდან კანცელარიამდე _ ძიძიგური, ბობოხიძე, დავითაშვილი. მოადგილედ, კახეთიდან ორმოცდაათკაციანი რაზმის მეთაური, პოლკოვნიკი ავთო გაბელაია. სპეცმიმართულება _ უნივერმაღ ,,თბილისიდან” კანცელარიის მოედანი _ დავით კირკიტაძე.
ამ ჩამოთვლილი ჯგუფების გარდა, მუშაობდნენ სპეცჯგუფები ავტობუსებით ჩახერგილი გზების გასახსნელად. ავტობუსების გადასათრევად საჭირო იყო დატვირთული სატვირთო მანქანები. ამ ამოცანის შესასრულებლად გამოიყო სამი ჯგუფი.
პირველს დათა ახალაია ხელმძღვანელობდა. მეორეს _ ვასილ სანოძე. მესამეს _ ბადრი ნათობაძე. მეოთხე _ ვეფხია შუბითიძე. ყველა ჩამოთვლილის გარდა, კიდევ იყო სარეზერვო სპეცჯგუფები, რომლებსაც თავიანთი დავალებები ჰქონდათ. მაგალითად, მერიის წინა მოედანი დაყოფილი იყო 12 ზონად. ყველა ზონაში იდგა უსაფრთხოების ათკაციანი ჯგუფი. მათი მიზანი წესრიგის დაცვა და პროვოკაციების აღკვეთა იყო. რუსთაველზე, პარლამენტის წინ ერთი სადაზვერვო და სამი ფსიქოლოგიური ჯგუფი მუშაობდა. ფსიქოლოგიურ ჯგუფს ევალებოდა მოწინააღმდეგის რიგებში პანიკის ატეხვა, რომ თითქოს მოიწამლნენ, ვეღარ სუნთქავენ, იხრჩობიან და ა.შ. სხვათა შორის, ანალოგიური ჯგუფები ნარჩემაშვილმაც შემოგვიგზავნა. ასევე, იყო სხვა ჯგუფებიც.
15:15 საათზე (ზუსტი დრო და ამოცანა მხოლოდ მიმართულების სარდლებმა და მოადგილეებმა იცოდნენ), სატელეფონო კავშირების გარეშე, დაიწყო მოქმედებები. ახალგაზრდული ფრთის პირველ და მეორე ჯგუფს გაუჭირდა ამოცანის ბოლომდე შესრულება. მესამე და მეოთხე ჯგუფებმა, დიდი დაბრკოლების მიუხედავად, ამოცანას თავი გაართვეს. ოპერაციის დაწყებიდან დაახლოებით, 15-20 წუთში, მიშამ მითხრა, წავიდეთ, ვნახოთ, შენი დაგეგმილი შეტევა როგორ მიდისო.
გავედით კანცელარიის მიმართულებით. პირველ მიმართულებაზე მყოფი ჯგუფი, რომელზეც პასუხისმგებლობა გია ბარამიძეს ეკისრა, ჯერაც მიტინგის სტადიაში იყო ანუ ბატონი გია სიტყვით გამოდიოდა და სულაც არ ფიქრობდა შეტევის დაწყებას. მიშა გამიბრაზდა, რატომ არ ასრულებენ გეგმას, რატომ არ დაიწყეს შეტევაო. ვუთხარი, ყველგან ვერ ვიქნები, სარდლები შენ დანიშნე. ამ წუთას გავცემ ბრძანებას, რომ მოადგილეებმა შეტევა მიმართულების სარდლების იგნორირებით დაიწყონ-მეთქი. დამთანხმდა, დაიწყეთო. ვუთხარი, შენ აქ დაიცადე, არსად გამექცე-მეთქი და გვერდით მასზე მაღალი, სპეციალურად შერჩეული პირადი დაცვის წევრები დავუყენე. ხელი ავწიე და მიმართულებაზე მდგომ უსაფრთოების სამსახურის თანამშრომლებს მივეცი განკარგულება, რომ შეტევაზე გადასულიყვნენ. კორდონზე მდგარ ჯარისკაცებზე შეტევა თბილად და ტკბილად განვახორციელეთ. რომ დაინახეს, კორდონი გაირღვა, ჯარის უკან მდგარმა ხელმძღვანელმა პირებმა ანუ ოფიცრებმა ჩვენი მიმართულებით საბოლე კოჭების სროლა დაიწყეს. ატყდა პანიკა, ყვირილი, ვერ ვხედავთ, მოვიწამლეთო და ა.შ. ამასობაში ამუშავდნენ ნარჩემაშვილის ფსიქოლოგიური ჯგუფებიც. უნდა აღინიშნოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯგუფის მუშაობა _ სპეცჯგუფის წევრები საბოლე კოჭებს იჭერდნენ და სწრაფად უკან აბრუნებდნენ.
როგორც კი ბარიკადები გაიხსნა, მიშას მივუტრიალდი და დავიძარით კანცელარიის მიმართულებით. სარდალ-პოლიტიკოსების უნიათობის გამო, ერთ მხარეს გარღვევით აღმოვჩნდით ალყაში. კიდევ კარგი, შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს არ ჰქონდა მსგავსი ოპერაციების აღკვეთის გამოცდილება.
აქვე უნდა დავაფიქსირო მის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემა.
_ კობა ნარჩემაშვილმა თქვენი პატივისცემა რით დაიმსახურა?
_ რით და, ბოლომდე უერთგულა თავის პრეზიდენტს. ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილს ასეთი ერთგული შინაგან საქმეთა მინისტრები რომ ჰყოლოდათ, საქართველოს ისტორიის ბევრი ეპიზოდი, სავარაუდოდ, სხვაგვარად დაიწერებოდა!
მთავარი ღალატი წინ გველოდა, ქალაქის მერიის მიმართულებიდან, სადაც ძირითადი რეზერვი იყო განლაგებული. რეზერვის უფროსი ზურაბ ჟვანია იყო, რომელმაც არაერთ მიმართვას სრული იგნორით უპასუხა. როგორც შემდეგ გაირკვა, საკრებულოს აივნიდან მიტინგს ატარებდა და ძირითად რეზერვს თავისთან აკავებდა. იძულებული გავხდი, მიშას მძღოლისთვის დამევალებია, გარაჟიდან მიშას ,,უაზით” გამოსულიყო და მიკროფონის საშუალებით მიემართა ხალხისთვის, წასულიყო მიხეილ სააკაშვილის დასახმარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჟვანია მიტინგს აგრძელებდა, უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და ხალხი კანცელარიისკენ დაძრა.
რაც შეეხება მეორე მიმართულებას, რომელსაც პეტრე ცისკარიშვილი მეთაურობდა, მოადგილედ, მისივე თხოვნით, დანიშნული იყო პეტრე გიორგაძე, ამ მიმართულებამ ვერ მიაღწია კანცელარიამდე.
მესამე ანუ სპეცმიმართულებამ (გია ხევიაშვილი-პოლკოვნიკი ხვიჩა აგლაძე) დაგეგმილი სამი ეზოდან ორის გარღვევა შეძლო და ჩვენამდე მოაღწია.
მეოთხე მიმართულებას (ირაკლი ოქრუაშვილი-მოადგილე მიხეილ ქარელი) მოუხდა შეჯახება და მთელმა რაზმმა უკან დაიხია.
მეხუთე მიმართულებაზე გენერალმა დავით ზეიკიძემ ბოლომდე იბრძოლა თავის ხალხთან ერთად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.
მეექვსე მიმართულებაზე მეტროსადგურ ,,რუსთაველის” თავზე იყვნენ ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და კაკო ბობოხიძე. მათი მოადგილე იყო პოლკოვნიკი ავთანდილ გაბელაია. როდესაც ძალიან დაიგვიანეს და არ გამოჩნდნენ, დავუკავშირდი გაბელაიას, სადა ხართ, ალყაში ვართ-მეთქი. ავთომ მიპასუხა, ამ პოლიტიკოსებმა ფარებიანი პოლიციელების დანახვაზე, ბრძანება გასცეს, დავიჩოქოთ და არაფერს გვიზამენ, არ გვცემენო. მე და ჩემს ხალხს არ დაგვიჩოქია, მაგისთვის კი არ ჩამოვედით კახეთიდან?! ასე ვდგავართ ქიზიყელებიო. ჩემს რეაქციაზე აღარაფერს ვიტყვი. ბოლოს, ავთომ გავიგე, არის ,,კამანდირო”. პოლიტიკოსებსაც გადაახტა, ფარებიან პოლიციელებსაც და ცოტა ხანში გამოჩნდა. სხვათა შორის, ალბათ, გახსოვთ, გაბელაიაზე ტელევიზიებში ტრიალებდა სიუჟეტი, სადაც ავთო კახეთიდან კოლონას მოუძღვებოდა. ჟურნალისტმა რომ ჰკითხა, სად მიდიხარო, ჩახრინწული ხმით უპასუხა, ჩემი ხმა წამართვეს და აღსადგენად მივდივარო. ისე, მისი შვილიც მიშას პირად დაცვაში იყო.
მერვე ჯგუფს დავით კირკიტაძე ხელმძღვანელობდა და ის უნდა შემოსულიყო უნივერმაღ ,,თბილისის” მხრიდან, მაგრამ დათქმულ დრომდე ჯგუფის წევრები უნივერმაღში იყვნენ გაფანტულები და… ამოცანა ვერ შეასრულა.
ასე აღმოვჩნდით მხარდაჭერის გარეშე, ჯარის კორდონების გარემოცვაში. ვიმეორებ, შინაგან საქმეთა მინისტრს მსგავს სიტუაციებში მუშაობის ოდნავი გამოცდილება რომ ჰქონოდა, შეეძლო, ჩვენი განეიტრალება, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ძალიან ადვილი არ იქნებოდა, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს გულუას სახელობის სპეცრაზმი და შინაგანი ჯარების უმეტესი ნაწილი მე მემორჩილებოდა. მართალია, მათშიც გამოერივნენ მოღალატეები, რომელთა იმედიც მქონდა, რომ ჩემს გვერდით იდგებოდნენ, მაგრამ მათ თანამდებობის დაკარგვის შეეშინდათ და ისევ თავიანთი ვარსკვლავბიჭუნა მინისტრის გვერდით დარჩნენ!
სანამ კანცელარიის ღობემდე მივედით, ამ გაწევ-გამოწევაში ტყავის ქურთუკი გამეხა. თვალი ერთი წუთით გამექცა, სირცხვილი ხომ არაა, ძალიან ხომ არ ეტყობა-მეთქი, რაც მიშას შეუმჩნეველი არ დარჩენია და მითხრა, ახალს გიყიდი, საქმეს მიხედეო…
_ გიყიდათ?
_ არა, დაპირება დღემდე შეუსრულებელია!
კანცელარიის წინ ჩატარებული მიტინგის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მოსათათბირებლად ავედით. გზად, ვაღიარებ და დღემდე მენანება, ფიზიკურად გავუსწორდი ერთ ოფიცერს, რომელმაც დაარტყა ოქრუაშვილ-ქარელს.
უპრობლემოდ გავიარეთ ჯარისკაცების კორდონები. თათბირმა, რასაკვირველია, მაღალ რეგისტრში ჩაიარა. ჟვანია, ბურჯანაძე და რამდენიმე პოლიტიკოსი პარლამენტში შეჭრის წინააღმდეგი იყო. მახსოვს მიშას ბოლო სიტყვა, მე მივდივარ, ვინც არ მოხვალთ, თქვენს თავს დააბრალეთო. მერე მე მომიბრუნდა, კანცელარია უკვე აღებული გვაქვს, მივდივართ პარლამენტზე. შევარდნაძეს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩაატაროს პირველი სხდომაო. შევახსენე, პარლამენტში შესვლა და გენერალ-პოლკოვნიკ ნეტკაჩოვის ხალხისგან პარლამენტის წინა ტერიტორიის გასუფთავება ერთად გვქონდა დაგეგმილი-მეთქი. დამეთანხმა, ვმოქმედებთ გეგმის მიხედვითო.
ოფისიდან დავიძარით.
_ ვინ და ვინ?
_ მიშა, მისი პირადი დაცვა და უსაფრთხოების სამსახური. გზად, კანცელარიასა და უშიშროების სამინისტროს შორის შეგვხვდა ნარჩემაშვილი.
_ ანუ, ეს ის მომენტია, როცა ნარჩემაშვილი და მიშა კამათობენ?
_ დიახ და ამ ეპიზოდზე აღარ შევჩერდები. ამ ინციდენტის შემდეგ, პარლამენტამდე გასავლელი დაგვრჩა სამი კორდონი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩემი ძმა და მეგობარი, გენერალი ელგუჯა ბუხრიკიძე და თემურ მღებრიშვილი. რა თქმა უნდა, ორივე კორდონი ხალხის მხარეს იყო და დაბრკოლება არ შეგვქმნია. გავიარეთ სიყვარულით და ფერებ-ფერებით.
ზემოაღნიშნული გადაადგილებების შესახებ ინტერნეტში უამრავი კადრია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოძრაობს მხოლოდ პირადი დაცვით და უსაფრთხოების სამსახურით. იგივეა პარლამენტის შესასვლელშიც. გაბელაიას მივეცი დავალება, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან გენერალ-პოლკოვნიკ ნეტკაჩოვის რაზმის განდევნა დაეწყო. გაბელაიას რაზმი პარლამენტის გვერდით, ჩიტაძის ქუჩით დაეშვა, საიდანაც ნეტკაჩოვის რაზმი არ ელოდა ამბოხებულებს. შესაბამისად, ზურგიდან არ იყო გამაგრებული.
დავიძარით პარლამენტის შესასვლელისკენ, სადაც შევარდნაძე უკვე გამოდიოდა სიტყვით. მიშამ მითხრა, პირადად პასუხისმგებელი ხარ, რომ პარლამენტის დარბაზში შემოვიდნენ მხოლოდ პარლამენტის წევრებიო. გავაფრთხილე, დარბაზში სხედან უკანონოდ შეიარაღებული ადამიანები. ჯემალ გოგიტიძის დაჯგუფება და სხვები. ამდენად ჩემი კარში დგომა, ვფიქრობ, არაა გონივრული. სჯობია, შენს გვერდით ვიყო-მეთქი… გამიმეორა, ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტარების გარდა სხვა არავინ შემოვიდესო. ამიტომ, მომიწია კართან დარჩენა, თუმცა რამდენიმე პირადი მცველი მაინც შევაყოლე. სანამ პარლამენტარების ნაწილი მოვიდოდა, ვიცდიდით. როგორც კი მიშა შევიდა და შევარდნაძეს მიმართა ცნობილი სიტყვით _ ,,გადადექი!” შევარდნაძის პარლამენტის წევრებმა შესულების წინააღმდეგ გამოიწიეს, რომ დარბაზიდან გაეძევებინათ.
სიტუაცია რომ დაიძაბა, დაცვამ შევარდნაძე გაიყვანა, პარლამენტის წევრები კი უფრო აგრესიულები გახდნენ. იძულებული ვიყავი, გამეცა ბრძანება, რომ დარბაზის მეორე კარი გაეხსნათ და ხალხის ნაკადთან ერთად შევვარდნილიყავით სხდომათა დარბაზში. ატყდა პანიკა. ყველა დარბოდა (ეს ვიდეოკადრებიც ყველასთვის ცნობილია).
ერთი საათი ველოდით დანარჩენ დეპუტატებს, ნინო ბურჯანაძის თამადობით, რათა ჩატარებულიყო სხდომა. ამ მოვლენის აღმწერი კადრები, რომელიც გავრცელდა, ფაბრიკაცია და დადგმული სცენაა. ტელევიზიებს აქვთ საშუალება, დაატრიალონ დაუმონტაჟებელი მასალა და აშკარა გახდება, ვინ როდის ინება მობრძანება. საქართველომ ხომ უნდა იცოდეს, ვინ როდის მოვიდა. რა თქმა უნდა, იმაზეც მადლობა, რომ საერთოდ მოვიდნენ! ამ პოლიტიკოსების ლოდინში, ისევ შემოვარდნენ გოგიტიძე და მისი რაზმის წევრები. მოგვიწია შიშველი ხელებით კიდევ ერთი კონტრშეტევის მოგერიება.
ვაღიარებ: სამ ადგილას მზად მქონდა გეგმა _ ჩასაფრება, რათა გენერალ-პოლკოვნიკი ნეტკაჩოვი თავისი რაზმით ბათუმამდე არ ჩასულიყო, მაგრამ მიშამ თავი შეიკავა და შემახსენა თავისი პრინციპი, გადატრიალება მომხდარიყო სისხლისა და მსხვერპლის გარეშე. იმაზეც კი მისაყვედურა, თუ რატომ იყვნენ სხდომათა დარბაზში ავტომატიანები _ თითქოს მე ვიყავი შევარდნაძის სამთავრობო დაცვის უფროსი. თავი იმით ვიმართლე, რომ მათთვის წართმეული ორი ავტომატი ვაჩვენე.
_ ბატონო გოგი, 23 ნოემბრის მოვლენები თითქმის დეტალურად აღწერეთ, მაგრამ ახლა ისიც მიამბეთ, რევოლუციისთვის როგორ და რამდენ ხანს ემზადებოდით, კარგი?
_ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გუბერნატორებმა გასცეს განკარგულება, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის არ მიეცათ საშუალება ჩაეტარებინა წინასაარჩევნო კამპანია. ამ პროცესში იყვნენ ჩართულები ძალოვანი სტრუქტურები, ადგილობრივი ავტორიტეტები, ასევე, კრიმინალური სამყარო. რეალურად, იმას მიაღწიეს, რომ პარტიის წევრები რეგიონებში არ შეუშვეს. დიდი პრობლემები შეიქმნა ხობსა და ფოთში, სადაც მე მონაწილეობა არ მიმიღია და იმ მოვლენებს ვერ აღვწერ.
შემოვიარე მთელი საქართველო. პირადად ჩავედი ყველა რეგიონში, ვესაუბრე მეომრებს, ყოფილ თანამებრძოლებს, რომელთაც დავალებული ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობა არ შეეშვათ ქალაქებში. ყოველი შეხვედრის შემდეგ პასუხი თითქმის ერთნაირი იყო, ,,ახვარ” პოლიტიკოსებს არ ვენდობით, ეს სულ ერთი კატეგორიაა. შენ მეომარი კაცი ხარ, რადგან ჩამოხვედი და მიშასი გჯერა, პირადად შენ გენდობითო.
კახეთში, მედეა მეზვრიშვილმა ავტორიტეტს, ომის ვეტერან ლუკა რამაზაშვილს, რომელსაც რეგიონში რიხიანი სიტყვა ეთქმოდა, დაავალა, არ შეეშვათ ნაციონალური მოძრაობა. მან კი პირდაპირ უთხრა, მიშას დაცვის უფროსი ჩემი ტყვიის ძმაა და კახეთში ყოველთვის ჩამოესვლებაო. ლუკამ შემომითვალა, მწვანე გაქვთ ანთებული, თუ ვიღაც პიონერები აგიხტებიან, თვითონ მიხედავთო.
_ ,,აგიხტნენ”?
_ ეს მოქმედება საჭირო გახდა, რადგანაც ნაციონალური მოძრაობის ფსევდოლიდერების უმეტესობას, რეგიონსა და რაიონში კი არა, საკუთარი სოფლის ქუჩაზეც კი არ სცნობდნენ. არაა საუბარი პირველი პირის ჩაყვანასა და ღონისძიების მოწყობაზე, თვითონ ვერ ჩადიოდნენ. როგორც უკვე აღვნიშნე, შემოვიარე კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია და ა.შ. აჭარაზე მოგვიანებით გიამბობთ.
_ კარგი, მაგრამ იცით, რა ვერ გამიგია? მიშას, რომელსაც იმხანად ხალხის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ნაცმოძრაობაში სხვა პოლიტიკოსების გაერთიანება რისთვის დასჭირდა?
_ ეს, პრაქტიკულად, რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფები იყო, რომლებიც დამოუკიდებლად თითქმის ვერ ატარებდნენ ღონისძიებას. ყოველთვის მთხოვდნენ, გოგი, ხალხი დაგვახმარეო, რაზეც მიშასგან საყვედურიც მივიღე. ისე, ვთვლიდი, რომ საერთო საქმეში ყველას უნდა დავხმარებოდი. საბოლოოდ, მიშამ აკრძალა მსგავსი ტიპის თხოვნა დახმარებაზე და ყველა გააფრთხილა, გოგის მე ვაძლევ დავალებას, სხვებს არ გაქვთ უფლება, რაიმე სთხოვოთ, თავად იმუშავეთო.
ისე, ჩვენი ერთი საუბარი გამახსენდა, თუ გინდათ, მოგიყვებით და ასე ამ თემას ასე იუმორით დავასრულებ.
_ კი ბატონო, გისმენთ…
_ ერთხელ, მიშას შევთავაზე, ნაციონალურ მოძრაობაში შემავალ პარტიებს შორის მინიფეხბურთში მატჩები მოვაწყოთ-მეთქი. კარგი იდეაა, მაგრამ რატომ მინი, იყოს დიდი ფეხბურთიო. გამეღიმა, ეს პარტიები თავიანთი ლიდერებიანად, თერთმეტ კაცს ვერ მოაგროვებენ, ხუთ კაცზე მეტი არ ჰყავთ-მეთქი. დამეთანხმა, ასეაო…
ახალგაზრდულ ფრთას დაევალა, ცესკო-ში მისულიყო და გამოეცხადებინა პროტესტი. ადგილზე სიტუაცია, რა თქმა უნდა, ასე ვერ წარიმართა. კიდევ კარგი, ჩემი წყაროებით გავიგე ამ ოპერაციის შესახებ და ახალგაზრდულ ფრთას ჩუმად გავაყოლე უსაფრთხოების ჯგუფი, ნუკრი ცაგარეიშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა და არ მისცა სკანდალს აგორების საშუალება.
რამდენჯერმე, ღონისძიებების შემდეგ, მათთვის, ვინც მიიღო დაზიანება, მიშამ მატერიალური კომპენსაცია გამოყო სამკურნალოდ. ზოგიერთს ეს პრემია ეგონა და დაინერგა ცუდი პრეცედენტი. უკვე თავდაცვაც კი არ უნდოდათ, ოღონდაც დაზიანება მიეღოთ და მიშასთვის ეჩვენებინათ. მიშას მისაღებში, თაროზე ქვების გამოფენაც კი მოაწყვეს. ოფისში ქვებით მოდიოდნენ, თან ყველა ქვას სახელი და გვარი, თავისი ისტორია ეწერა. ერთ დღესაც ეს ქვები გადავყარე და მიშას ვთხოვე, კომპენსაცია არავისთვის მიეცა. ეს ახალგაზრდები ღონისძიებებზე მაინც დადიოდნენ და საქმეს აკეთებდნენ, მადლობა მათ!
არ გეწყინოთ, ბიჭებო, იყო კატეგორია, რომელსაც მსახიობი შევარქვი. ოფისიდან კი გამოდიოდნენ, მაგრამ ღონისძიებამდე არ მიდიოდნენ, ვერსად ნახავდით. ამ საქმის პროფესიონალი და ფუძემდებელი იყო სოსო თოფურიძე. ყოველი გასვლის შემდეგ, უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდით, თოფურიძე მისაღებში დაგვხვდებოდა მჭმუნვარე სახით, ზოგჯერ რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად. მერე ამ კატეგორიის შემოშვება მიშას მისაღებში საერთოდ ავკრძალე.
რევოლუციამდე მიშამ შემოიარა საქართველოს ქალაქები, სოფლები. დახვდა ასობით პროვოკაცია. გავუმკლავდით. ხან მე ვიცავდი მიშას, იყო შემთხვევები, როცა მიშა მიცავდა მე. ერთხელ, მიშამ გამომიძახა, შეხვედრაზე მივდივარ და დაცვა საერთოდ არ უნდა ჩანდესო. შეხვედრაზე წავიდნენ მიხეილ სააკაშვილი, გივი თარგამაძე და ვანო მერაბიშვილი. დასხდნენ მაგიდასთან და დაიწყეს საუბარი. საუბარი თანდათან ღებულობდა მძაფრ ხასიათს. ცხადია, ვიყავი ახლო-მახლო და ვაკონტროლებდი. ვხედავ, მიშა და ერთი თანამოუსებრე წამოხტნენ. მიშამ ,,უთავაზა. მან, როცა პასუხის დაბრუნება მოინდომა, უცებ იქ გავჩნდი და ,,გავანეიტრალე”. თურმე, პარლამენტის წევრი ყოფილა და გადმოვიდა მუქარაზე, რომ დამიჭერდა. ყველაფერი ეს ხდებოდა რესტორანში, ხალხის დასანახად და, პრაქტიკულად, ყველამ გაიგო მისი ყვირილი და მუქარა, რასაც მიშას ღირსეული რეაქცია მოჰყვა.
_ ანუ?
_ დამიცვა და იმ პოლკოვნიკ-პარლამენტარს შეახსენა წარსული, რომ ფულის ტომარაა, მეტი არაფერი და უთხრა, გოგი საქართველოს გმირიაო. ბევრი რომ არ ვილაპარაკო, მოწინააღმდეგე გააჩუმა.
რევოლუციის სამზადისზე საუბრისას ვერ გამოვტოვებ ომის ვეტერანების, ინვალიდებისა და დაღუპული თანამებრძოლების ოჯახების წვლილს. მაგალითად, რევოლუციის წინა ღამეს შემოიარეს პოლიციის ყველა კორდონი და ესაუბრნენ, ხვალ მოვდივართ, ღმერთი არ გაგიწყდეთ და თქვენს ძმებსა და დებზე ხელი არ ასწიოთ, შევარდნაძის დამყაყებულ რეჟიმს დღეები ისეც დათვლილი აქვსო…
მთელი ღამე სპეციალური ჯგუფი _ გიორგი კარბელაშვილი, ვაჟა ძამანაშვილი ატარებდა ოპერაციას მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძაზე.
_ რისთვის ?
_ ვფიქრობ, გასაგებია და ზედმეტი ახსნა-განმარტება საჭირო არაა.
აღსანიშნავია სპეცჯგუფის მუშაობა, რომელსაც მალხაზ მაისურაძე მეთაურობდა. მან გაშალა და მოამზადა პოლიციისა და უშიშროების ტალღების მოსასმენი და ჩასახშობი პუნქტი.
და რადგან ნოემბერი იყო და ციოდა, ვიზრუნე, რომ არავინ დასველებულიყო და გაციებულიყო ანუ სპეცჯგუფმა იქ მდგომი ყველა სახანძრო მანქანა გააუვნებელყო.
(გაგრძელება იქნება)

წყარო: “ვერსია”

 

სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, გენერალი გოგი თათუხაშვილი ალაპარაკდა

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი მამალაძე პროკურატურას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამაშველები მექსიკის სკოლის ნანგრევებიდან 13 წლის გოგოს ამოყვანას ცდილობენ