სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფოტიგამ ისაუბრა მისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის დეტალებზე და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, მისი პატიმრობის ადგილზე. ჩვენ ვიცით მისი გადაწყვეტილება შიმშილობის თაობაზე და შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით.

ასევე ვიცით სოლიდარობის მიზნით გამოცხადებული შიმშილობის ფაქტების შესახებ სხვადასხვა ადამიანების მიერ. მათ შორის, ელენე ხოშტარიას შესახებ. საბედნიეროდ, მქონდა საშუალებას ის მომენახულებინა პარლამენტში, თბილისში. ჩემი ვიზიტის შესახებ მივმართე იუსტიციის სამინისტროს და ჩემს განაცხადზე უარი მივიღე. როგორც იცით, დიდი ხანია, აქტიურად ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩემს თავს საქართველოს და ქართველების მეგობარს ვუწოდებ. ეს ქცევა ჩემს გამოცდილებაზეა დაფუძნებული პოლონეთში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. დარწმუნებული ვარ პატიმრების მხარდაჭერის მნიშვნელობაში. ასე რომ, ამას ჩემს მოვალეობას ვთვლი. იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრების საკითხზე, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“ მომმართავდა. ამჯერად, ჩემი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მიერ უარყოფილ იქნა. ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ჩემს თავს განვიხილავ, როგორც გამოცდილ ადამიანს და ძალიან კარგად ვიცი, მაღალი რანგის პირის შემთხვევაში, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. პატიმრობაში მყოფი ადამიანის ახლობლები ემოციურები არიან, როგორც წესი; მეორე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია დაკავებაზე, ასევე აქვს ინტერესი, რომ ცალმხრივად ინფორმაცია გააჟღეროს.

საერთაშორისო საზოგადოებაში, ევროპარლამენტში, სადაც მე ვმუშაობ, რა თქმა უნდა შევაფასებთ ამ სიტუაციას. ასევე, აქ მყოფი სხვა ლიეტუველი დეპუტატების შეფასებაც ღირებულია“, – განაცხადა ფოტიგამ.

ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ მისი მიზანი არ არის, რომელიმე მხარე იყოს.

„მე მივიჩნევ სააკაშვილის პრეზიდენტობას საკმაოდ რთულ დროში, გარდამავალ პერიოდში საქართველოში; მახსოვს, ევროპარლამენტში ჩემი პირველი გამოსვლა საქართველოზე იყო, რადგან ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი მაშინ ქართველი ხალხის ნებით. სააკაშვილი მოვიდა იმ ხალხის ნებით, რომლებსაც სურდათ ქვეყნის შეცვლა და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არავინაა სრულყოფილი. მისმა პრეზიდენტობამ შეცვალა ბევრი ისეთი რამე, რაც ქვეყანა აიყვანა უფრო მაღალ დონეზე საერთაშორისო სცენაზე, გახსნა ადგილი ინვესტიციებისთვის, საინტერესო და საერთაშორისო მოთამაშე, უფრო ძლიერი, ვიდრე მანამდე. მე შემეძლო ეს ჩემი თვალით მენახა, რადგან ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი. მე ვწუხვარ, რომ უარი მეთქვა სააკაშვილის მონახულებაზე, გულახდილად რომ ვთქვა, ვუშვებდი ამ სახის გადაწყვეტასაც.

ჩვენ ყველას გვსურს, საქართველოს დავეხმაროთ, რეგიონს. აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები ერთ სიტუაციაში ვართ, მძიმე დროებაში ვართ.

ვცდილობ, ვენდო ისეთი ადამიანების განცხადებას, როგორიცაა სახალხო დამცველია და მისი თანამშრომლები. ჩვენ კონტაქტში ვიყავით მათთან. კონტაქტზე ვრჩები სააკაშვილის დედასთან, ვესაუბრე მის პირად ექიმს, ადვოკატებს. ასევე განვიხილეთ სხვადახვა პოლიტიკურ ლიდერთან, მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარე, რომ გადამეცა ჩემი გზავნილები მმართველი პარტიისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. კიდევ ერთხელ და ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ ისეთი ადამიანების, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ელენე ხოშტარიასთან შეხვედრის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მე ვურჩიე მას, არ მაქვს უფლება, რომ ვინმეს რამე მოვუწოდო, მაგრამ ვისურვებდი, რომ დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მისნაირი ადამიანები საქართველოსთვის საჭიროა“, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: სააკაშვილმა ჩვენი თავისუფლებისთვის დათმო თავისუფლება (video)
შემდეგი სტატიასაქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ რეჟიმებს ემსგავსება