სააკაშვილი: დიახ, ვიყავი სპა რეზორტში, იქ ილჰამ ალიევს შევხვდი, პროცედურებსაც ვიტარებდი

სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, მანამდე სადმე წაიყვანე რამდენიმე მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ არაფორმალურ სიტუაციაში, ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ, ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, ეს იყო სახელმწიფოს ფული, რათა არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ვფიქრობ, ექვსი წელი აქ წყლის ნაყვა ხდებოდა და ძაან ბევრი მოისმინეთ, ახლა ერთხელ მეც უნდა მომისმინოს ყველამ. აი, მოვყვები, მაგალითად, ტელევიზორში ვნახეთ, სააკაშვილი იყო ტაილანდში და წარმოიდგინეთ ეგრევე ტაილანდი, თუმცა სექსინდუსტრიის გვარების დასახელებას დაგვპირდნენ და იცით, მეც მავიწყდება ასაკთან ერთად, ვისი მომსახურებით ვისარგებლე, მაგრამ ნუ არც პროკურატურა ასახელებს. არადა, კარგი იქნებოდა, რომ არქივში შემენახა. ვინ იყო ჩამოსული სტუმრებიდან, ჰილარი კლინტონი იყო სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის რომელიმე წევრი, თუ რომელი იყო ზუსტად სექსინდუსტრიის წარმომადგენელი, მაგრამ ეს ცალკე თემაა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმყოფებოდა ტაილანდში და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მლნ დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჩაში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ იორკიდან სოჩაში და მერე გადაიყვანეს სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, თუ არ ვცდები და გვითხრა, რომ მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი. ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ნამდვილად იმყოფებოდა მერანოში ილჰამ ალიევთან ერთად.

„ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის დელეგაცია იყო ძალიან მაღალი დონის ჩამოსული და არა გასართობად ვიყავით წასული, ისევე, როგორც ჩვენი ძირითადი შეთანხმება 2008 წელს, როცა ილჰამ ალიევს შევხდი მერანოში სწორედ. გასახდომ პროცედურებზე კი არ ვიყავი წასული, წამიყვანა ილჰამმა და ილჰამმა რა გაგვიკეთა ომის დროს, ამას როდესმე შემდგომში მოვყვები. ერთი წამით რომ არ გაჩერებულა არც ჩვენი ნავთობმოხმარება, არც გაზის მომარაგება, არც ჩვენი ეროვნული ბანკის მომარაგება და ა.შ. დიახ, შევხვდი სპა რეზორტ მერანოში ილჰამ ალიევს. დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და დიახ, ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. სპა რეზორტში ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი. სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი და სამაგიეროდ, საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წინა სტატიაშიკუჭავა: დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ქვეყნის ნორმალურ ფუნქციონირებას
შემდეგი სტატია“ჩვენ ხომ უმრავლესობა ვართ? ისინი ყიდულობენ ფარებს, ტყვიებს ახალ მანქანებს, ემზადებიან, რათა საკუთარ ხალხს გამოუცხადონ ომი”