“ჩვენ ხომ უმრავლესობა ვართ? ისინი ყიდულობენ ფარებს, ტყვიებს ახალ მანქანებს, ემზადებიან, რათა საკუთარ ხალხს გამოუცხადონ ომი”

ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო მშვიდობა, ძალიან ბევრს ვლაპარაკობ მეც შერიგებაზე. არ გამოუვათ სამოქალაქო მშვიდობა, თუ საზოგადოების უმცირესობაში მყოფი ნაწილი ცდილობს, დააჩმოროს, შეულახოს უფლებები და ფეხქვეშ გათელოს საზოგადოების უმეტესობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველო ძალიან საშიშ ვითარებაში იმყოფება.

„ჩვენ ხომ უმრავლესობა ვართ? ისინი ყიდულობენ ფარებს, ტყვიებს ახალ მანქანებს, ემზადებიან, რათა საკუთარ ხალხს გამოუცხადონ ომი. ასეთი მცდელობები, რომ უმცირესობებს დაეჩაგრათ უმრავლესობა, ხდებოდა ერაყში, სირიაში, ხდებოდა ბევრ სხვა ქვეყნებში და ძალიან ცუდად მთავრდებოდა. ივანიშვილს არ აქვს პოლიტიკური თეორია გავლილი და გონია, რომ ყველაფერი იცის. მეც რაღაც ისტორია ვიცი, ცოტა უკეთესად. ძალიან საშიშ სიტუაციაში ვიმყოფებით, საქართველო ფეთქებადსაშიში, ძალიან მძიმე სიტუაციაშია. მათ გონიათ, გააჩერებენ, გადააგორებენ, სიცივე მოვა, გააყუჩებენ, მოისყიდიან – აღარ გამოვა, ყველა ადამიანს აქვს ინსტიქტი, რომ ადამიანურად იცხოვროს. ქოცს, ნაცს, შუაშისტს, სხვა პარტიის წარმომადგენლებს, ყველას პატივს ვცემ. რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ, ჩვენი შვილები გავზარდოთ უსაფრთხო გარემოში, გვქონდეს ნორმალური შემოსავალი. მიმაჩნია, რომ საქართველოში შეიძლება ხალხისთვის მაგარი შემოსავალი იყოს, ვიყოთ დაცული ძალადობისგან და ძალმომრეობისგან, მათ შორის სახელმწიფო მხრიდან, გვქონდეს შესაძლებლობა, ჩვენი ქვეყნიდან არ გავიქცეთ, აქაც ვიყოთ ბედნიერად, ვიმოგზაუროთ მხოლოდ ტურისტებად. რას ვითხოვთ ასეთს? ნუთუ, ამის ნაცვლად ჩვენ გთავაზობენ იმას, რომ გაჩუმდით, თუ არადა გადაგივლით, დედას გიტირებთ.

წინა პროცესზე, როცა მასამართლებდნენ 7 ნოემბრის ძალიან უსიამოვნო და ჩემთვის ტრაგიკულ ფაქტებზე, გარეთ დიდი აზარტით და სისასტიკით არბევდნენ მიტინგს. ეს არის გზა არსაით. მე მაშინ ვისწავლე, ამიტომ გადავდექი და 2012 წელს, ცხრა წლის ასაკის ბავშვის გარდა, ყველას ახსოვს რა იყო, მქონდა შესაძლებლობა და მეუბნებოდნენ ვიღაცები, რომ შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, გავაგდოთ ქვეყნიდან, ეს ვქნათ, არაფერი ეს არ ვქენი, პირიქით, შეიძლება ეს გაგვეკეთებინა. დედაჩემთან მიკამათია ამ თემაზე. დედაჩემს უკვირდა ,ხომ არ დაუშვი შეცდომა, რომ ეს ყველაფერი არ გააკეთეო, ზოგიერთი ჩემი მრჩეველიც მეუბნებოდა. მაშინ გადავაგორებდით, ქვეყანა განვითარდებოდა წინ წავიდოდით და უფრო კარგ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით. დედაჩემმა მითხრა ისტორიკოსი ვარ, შენ რომ გგონია, ისტორია აღმავალი გზით არასდროს მიდის, ისტორია არის დაღმავალი, აღმავალი. შეიძლება თავისუფლად გადაგეგორებინაო, შეიძლება დარჩენილიყავი ხელისუფლებაში 10 წელი, შეიძლება ქვეყანა უფრო განვითარებული, მაგრამ სიძულვილის ობიექტი იქნებოდი შენ და საბოლოო ჯამში ყველაფერი ჩამოიშლებოდა. ვიფიქრე და მივხვდი, ეს მართალია.

ეს წამებული გზა უფრო სწორი გზა ჩემთვის და ბევრი თქვენგანისთვის, აბა როგორია ცხრა წელი სამსახურის გარეშე, საჭმლის გარეშე, ზოგიერთი ემიგრაციაში გაიქცა, ისეთ ხალხს გაუჭირდა, რომ ვერ წარმოიდგენდი ოდესმე ამ ხალხს თუ გაუჭირდებოდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს სულს ღაფავს საზოგადოება.

„ალბათ უნდა გაგვევლო ეს განსაცდელი, მაგრამ ახლა დასრულდა, ამის შემდგომი გაგრძელება ნიშნავს აღსასრულს. მე რომ ვამბობ, სიკვდილისთვის მზად ვარ, ეს ვიგულისხმე, მირჩევნია, მოვკვდე ჯერ, ვიდრე ჩემი ქვეყნის სიკვდილი ვნახო. თქვენ ნახეთ, რომ მზად ვიყავი რამდენიმე დღის წინ ამისთვის და ახლაც მზად ვარ.

ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეხების გზები ძალიან მკაცრად უნდა ვიკამათოთ ვილაპარაკოთ. იდეების გენერაცია მოვახდინოთ. არ შეიძლება, ყოველდღე ერთადერთი ნიუსი იყოს, რომ გვარამიაზე აღიძრა 37-ე საქმე, სააკაშვილს კიდევ ექვს წელს უმატებენ, ზვიადაური გამოუშვეს, ის შეუშვეს, მუმლაძეს იჭერენ, თამლიანს იჭერენ, მობილურ ტელეფონებს ისევ იპარავენ, როგორც 2002-ში. არ შეიძლება ეს იყოს მთავარი ნიუსი ქვეყანაში. სამწუხაროდ, სხვა არაფერი არ ხდება. გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყნის დამანგრეველი ასამართლებს ქვეყნის აღმშენებელს.

„მივიღე ეს რეალობა, გამოწვევა, ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემს ცხოვრებაში და იმედი მაქვს, ქართული საზოგადოებაც მიიღებს ამ გამოწვევას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს, ისინი არიან ძალიან სუსტები და შეშინებულები, კედელთან მიყუჟულები. ჩვენ ამჯერად თავის დაძვრენის საშუალებას არავის მივცეთ და საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. საქართველოს აქვს სუპერმომავალი, ეს იქნება სუპერსახელმწიფო, მე ერთი სული მაქვს, ბევრი რამ გავაკეთე უკრაინაში, არც აქ მივისწრაფი რამე თანამდებობისკენ, ერთი სული მაქვს, უკრაინელებს, როდის შეშურდებათ ისევ ჩვენი. ჩვენ ვიამაყებთ ჩვენი ქვეყნით, ვიამაყებთ აუცილებლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: დიახ, ვიყავი სპა რეზორტში, იქ ილჰამ ალიევს შევხვდი, პროცედურებსაც ვიტარებდი
შემდეგი სტატიაბასილაია: სააკაშვილმა ყველა ის მითი, სტერეოტიპი დაამსხვრია, რაც უკავშირდება მისი მხრიდან შესაძლო თანხის გაფლანგვის ბრალდებას