რუსეთის საგარეო უწყება თბილისის ყველა ბრალდება ყალბია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ სასაზღვრო ნიშნების გამო გამოთქმულ პრეტენზიებს აბსურდულს უწოდებს.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული საკითხის ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში განხილვის შემთხვევაში გამოააშკარავებს, რომ თბილისის ყველა ბრალდება ყალბია. ოფიციალურ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლების ბრალდება, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, არის ინფორმაციული პროვოკაცია.“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თბილისის ეს განცხადებები, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძეს შორის 7 ივლისს პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის წინ ისმის.
„სამწუხაროა, რომ როგორც ხშირად ხდება, პრაღის შეხვედრის წინ უარყოფითი ფონს ქმნის, საინფორმაციო პროვოკაცია“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა რუსეთის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრაღაში დაგეგმილ შეხვედრაზე გაგრძელდება პრაქტიკული საკითხების განხილვა, რაც აუცილებელია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის და კავშირების განვითარებისთვის ვაჭრობის, ტრანსპორტის და ჰუმანიტარული კონტაქტების სფეროში. მხარეები ასევე განიხილავენ ე.წ. საბაჟო ადამინისტრირების მექანიზმსა და რეგიონული ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობეს.

„ამ კუთხით შვეიცარიის შუამავლობით უკვე შესრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები. არსებობს კონტრაქტების ხელმოწერაზე გადასვლის რეალური შესაძლებლობა, რაც საჭიროა შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისთვის. ვიმედოვნებთ, რომ თბილისი მიაწვდის რუსეთს, მოსკოვის მიერ დიდი ხნის წინ მოთხოვნილ განმარტებას საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ“ – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიინტერპოლმა თურქეთი 60 ათას კაციანი სიის გამო მონაცემთა ბაზიდან ამოიღო
შემდეგი სტატიავაშინგტონი მზადაა ჩრდ. კორეის მიმართ ძალის გამოყენებაზე