რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს.

განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა გააკეთა.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს.

“პერსპექტივაში არ გამოვრიცხავ უვიზო მიმოსვლის შემოღებას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მეორე საქმეა, რომ ამ მიმართულებით წინსვლა რთულია. პირველ რიგში საქართველოს არ აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები და ეს ურთიერთობები თბილისი ინიციტივით არის გაწყვეტილი”, – განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის აუცილებელია ისეთი საფრთხეების გათვალისწინება, როგორიცაა ტერორიზმი და არალეგალური მიგრაცია.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უკვე მიაწოდა ქართულ მხარეს კონკრეტული წინადადებები, რაც თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრთათვის უვიზო მიმოსვლის შემოღებას ეხება.

„2016 წელს რუსეთის ვიზა 40 ათასმა ქართველმა მიიღო, შარშანდელთან შედარებით მონაცემები გაორმაგებულია, წელს კიდევ ველოდები ზრდას”, – განაცხადა კარასინმა.

როგორც კარასინი აცხადებს, ეს საკითხი მისი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან 15-16 ნოემბერში პრაღაში დაგეგმილი შეხვედრის დღის წესრიგში დგას.

სავიზო რეჟიმი საქართველოსა და რუსეთს შორის 2000 წელს ამოქმედდა. 2012 წელს საქართველოს ცალმხრივად გააუქმა ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის.

banner
წინა სტატიაში“კარგად დაახვიონ ეგ საკონსტიტუციო ცვლილებები და სადაც უნდათ გაუშვან” – არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი
შემდეგი სტატიარუსთავში, სასაწყობე მეურნეობაში ხანძარი გაჩნდა