“კარგად დაახვიონ ეგ საკონსტიტუციო ცვლილებები და სადაც უნდათ გაუშვან” – არასაპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი

საპარლამენტო ოპოზიციის შემდეგ, საკონსტიტუციო ცვლილებებს ბოიკოტს არასაპარლამენტო ოპოზიციაც უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ მიწვევის შემთხვევაში, ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან.

„ივანიშვილმა ხალხს წაართვა უფლება თვითონ აირჩიონ პრეზიდენტი, სახელმწიფოს მეთაური და ივანიშვილმა დაუტოვა მმართველ პარტიად მოსახლეობას 75 ყაჩაღი, პირწავარდნილი ბიუჯეტის ქურდი მაჟორიტარი. რამ შეიძლება ჩამოწმინდოს ეს დანაშაული, სირცხვილი და ლაქა ამ ხელისუფლების და მისი რეჟიმის მეთაურებს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს მასკარადს უწოდებს პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე. კახა კუკავა ამბობს, რომ მმართველი გუნდი საკუთარ მოსახლეობას ატყუებს, რის გამოც „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა არ ღირს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში გადაიქცა სრულ მასკარადად. კარგად დაახვიონ ეგ საკონსტიტუციო ცვლილებები და სადაც უნდათ იმ მიმართულებით გაუშვან, მაგრამ ოპოზიციას ხელისუფლების მიერ მიღებული და წარმოდგენილი არანაირი ცვლილებები აღარ გვაინტერესებს. იმიტომ, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას არ აქვს არანაირი აზრი,“ – აცხადებს კახა კუკავა.

რამდენიმე კვირის წინ დამტკიცებულ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ვენეციის კომისიის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას უკავშირებს “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე.

„ოპოზიციის მოთხოვნა არ ეხებოდა მხოლოდ ბლოკებს. ეხებოდა პროპორციულ სისტემას და სხვა მიმართულებებს და რადგანაც ცალ კარში თვითონ დაიწყეს თამაში, ცალ კარში ითამაშებენ და გააგრძელებენ. ფაქტი ერთა, რომ მათ მოუწიათ ევროპულ სტრუქტურებთან დათმობა რაღაცეების და ამიტომაც კონსტიტუციაში, რომელიც წლების განმავლობაში უნდა ყოფილიყო, უკვე ცვლილებები ხორციელდება,“ – ამბობს პაატა დავითაია.

კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას “ქართული ოცნება” ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე გეგმავს. ინიცირების შემდეგ შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საორგანიზაციო კომისია.

ქვეყნის მთავარ კანონში 4 პუნქტი იცვლება, უქმდება ე.წ. ბონუსების სისტემა, 2020 წლისთვის დაშვებული იქნება საარჩევნო ბლოკების მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, დაზუსტდება რწმენის თვისუფლების შესახებ ჩანაწერი და საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევის წესი.

banner
წინა სტატიაშინუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცი – ახალგაზრდებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს
შემდეგი სტატიარუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებას არ გამორიცხავს