რუსეთი კვლავ განაგრძობს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ცინიკურ პოლიტიკას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვის მერის იური ლუჟკოვის აფხაზეთში, საქართველო ვიზიტის შესახებ
დღეს 2009 წლის 13 ნოემბერს, ქ.მოსკოვის მთავრობის დელეგაცია, მერის ი.ლუჟკოვის ხელმძღვანელობით ჩავიდა საქართველოში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე – აფხაზეთში.

დღესვე ოკუპანტები შეიჭრნენ ქ.გალის რაიონის სოფ. ნაბაკევის სკოლაში და გაიტაცეს საქართველოს განათლების სამინისტროს ნაჩუქარი კომპიუტერული ტექნიკა. მასწავლებლებს ჩამოართვეს ქართული წიგნები. დღესვე გაიძარცვა ეთნიკური ქართველების ოჯახები სიდასა და ნაბაკევში.

ასეთი “ღონისძიებებით” აღნიშნავენ რუსეთის საოკუპაციო ჯარები მათი მარიონეტები ცენტრიდან დელეგაციის ჩასვლას. რაც არ უნდა ცინიკურად ჟღერდეს, გათვალისწინებულია აფხაზეთსა და მოსკოველი ხელმძღვანელები აპირებენ ხელი მოაწერონ არა მარტო სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, არამედ ჰუმანიტარულ-კულტურულ და მეცნიერ სფეროებში თანამშრომლობის შეთანხმებებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაშიც რუსი ოკუპანტების ტერორის ობიექტი ისევ ბავშვები გახდნენ.

2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციიდან მოყოლებული, რუსეთი სერიოზულად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ისევე როგორც მის მიერ აღებულ მრავალმხრივ და ორმხრივ ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტს.

რუსეთი კვლავ განაგრძობს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაწყებულ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ცინიკურ პოლიტიკას, რომლის ყველაზე თვალნათელი გამოვლინებაც გახდა 2008 წლის აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილების ოკუპაცია და ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდა.

დღეს, 2009 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მოწვეული იქნა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ლ. ამბერგი, რომელსაც რუსეთის მხარისათვის მისაწოდებლად გადაეცა საქართველოს მხარის საპროტესტო ნოტა ი.ლუჟკოვის ხელმძღვანელობით ქ.მოსკოვის მთავრობის დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშილუჟკოვის ვიზიტს საქართველოში მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება
შემდეგი სტატიაზვიად გობეჯიშვილი: სასწრაფოდ გატარებულ იქნას სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები