რუსეთი კორონავირუსს ჟენევის მოლაპარაკებების ჩასაშლელად იყენებს – ეუთოში აშშ-ის ელჩი

აშშ-ს ელჩი ეუთოში, ჯეიმს გილმორი, რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკების გადადების მცდელობას უარყოფითად აფასებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე საუბრობს.

ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

ჯეიმს გილმორი ამბობს, რომ რუსეთის წარმომადგენლები კორონავირუსს საბაბად იყენებენ იმისთვის, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გადაიდოს.

“ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ რუსეთმა და მისმა წარმომადგენლებმა ეს პანდემია საბაბად გამოიყენეს, გადაედოთ ჟენევის კვარტალური საერთაშორისო მოლაპარაკებები. მე დღეს ყურადღებით მოვისმინე სამი წარმომადგენლის მოხსენება და დიდი აქცენტი კორონავირუსზე, მაგრამ არ შეიძლება, პანდემია გახდეს წინაღობა ან შეაჩეროს იმ პოლიტიკური და სამხედრო გამოწვევების მოგვარება, რომელსაც ეუთოს რეგიონში ვხედავთ”, – თქვა ელჩმა.

ჯეიმს გილმორი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიხედვით, გაიყვანოს ძალები ომამდელ პოზიციებზე და უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნობა.

“სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია და მათი მოქალაქეთა მომავალი უკეთესი იქნება ნამდვილი ქვეყნის შემადგენლობაში, ის ქვეყანა კი საქართველოა” – ამბობს ელჩი.

ამასთან, გილმორი რუსეთსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებს.

“გაათავისუფლონ დაკავებული სამოქალაქო პირები, მათ შორის ზაზა გახელაძე და აღადგინონ ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ მიმოსვლა და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობა. საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და თვითნებურ დაკავებებზე პასუხისმგებელი პირები პასუხს აგებენ”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ჯეიმს გილმერი საქართველოში ეუთოს საველე წარმომადგენლობის აღდგენის მზადყოფნასაც გამოთქვამს და ამბობს, რომ ეუთოს მისია ქვეყანაში დაძაბულობის შემცირების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება.

“შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – ამბობს გილმორი.

შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი , რომელიც 6 და 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, რუსთემა ჩაშალა. მათი წარმომადგენლები შეხვედაზე არ მივიდენ.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯები ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესს და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას – გადაიჭრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი : ხვალინდელი აქცია იქნება მასშტაბური , კიდევ ერთხელ შევახსენებთ ივანიშვილს, რომ არ ვაპირებთ იმ შედეგებთან შეგუებას
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა : ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო