კრემლი ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს”, რომელიც რუსეთში ჯიჰადით იმუქრება, პასუხობს. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ, რომლებიც ანტიტერორისტულ საკითხებზე არიან პასუხისმგებელი. პესკოვის თქმით, სპეცსამსახურები ყველა ზომას მიიღებენ თავდაცვის კუთხით. მან, ასევე, აღნიშნა, რომ მუქარები ჯიჰადის შესახებ, ვერ შეაჩერებს რუსეთის და პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას ტერორიზმთან დაკავშირებით, რომელიც ყველა მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” გუშინ სპეციალური მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც რუსეთში ჯიჰადით იმუქრებოდნენ. 9 წუთიან ვიდეოში, რომელიც ტერორისტების მოსამზადებელ ბანაკში იყო ჩაწერილი, ისლამისტი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს და პირობას დებს, რომ რუსებს საკუთარ სახლებში მოკლავს. ტერორისტი ასევე მიმართავს “ძმებს” ადგილებზე აქტიურად იმოქმედონ.