რომან გოცირიძე : სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი უხარისხო ფაბრიკაციაა, მსგავსი ჩანაწერებით რუსეთი საქართველოში თავის სატელიტს ეხმარება

news
ავტ.: news ივნისი 19, 2020 14:01

რომან გოცირიძე : სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის გავრცელებული ჩანაწერი უხარისხო ფაბრიკაციაა, მსგავსი ჩანაწერებით რუსეთი საქართველოში თავის სატელიტს ეხმარება

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა რუსეთის მიერ იყო დაგეგმილი საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო დახმარების გასაწევად.

ჟურნალისტებთან საუბარში რომან გოცირიძე უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ადეიშვილ-სააკაშვილის ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა.

გოცირიძის თქმით, ყველა მიხვდება, რომ აღნიშნული ჩანაწერი არის იაფფასიანი, უხარისხო ფაბრიკაცია.

მისი გამარტებით, საშინელი ტერაქტი რომ განხორციელებულიყო, მეორე დღესვე, რუსეთისა და საქართველოს სპეცსამსახურები გამოყრიდნენ ათასნაირ დამონტაჟებულ საუბრებს და „მტკიცებულებებს“ იმის შესახებ, რომ ეს გააკეთეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა.

„მით უმეტეს, როცა ეს მკვლელი უკრაინიდან შემოვიდა. მონა, საზიზღარი, ფულზე გაყიდული სამთავრობო ექსპერტები მაშინაც კი, როცა მთავრობა ამბობს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა იგეგმებოდა სხვა სახელმწიფოს მიერ, ისევ უკრაინის ფაქტორს უსვამენ ხაზს და კვლავ ეჭვს აღვივებენ.

ეს ჩანაწერები წინასწარ არის მომზადებული ზუსტად ისე, როგორც საარჩევნოდ უდიდესი მხარდაჭერა გაუკეთა რუსეთმა „ქართულ ოცნებას“, პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, მოკლა საწყალი, პატარა ბავშვი რაფალიანცი და ციხის კადრები დადგა, რამაც ხელისუფლების შეცვლა განაპირობა.

რუსეთმა ბიძინა ივანიშვილს ლანგარზე მიართვა არჩევნების წინ ზემოქმედების ორი ასეთი დიდი ფაქტორი. გაბუნიას მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო დახმარების გასაწევად და საქართველოს უმსგავსო ხელისუფლება დაიწყებს ძიებას, მართლა იყო თუ არა სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერები. ეს ხომ არნახული რამაა, როცა იციან რა, უცხო ქვეყანა შენს ქვეყანაში ტერორისტულ აქტს აწყობდა და სერიოზულად განიხილავენ საუბრის შინაარსს.

მეორედ დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის ორგანიზატორები არიან ოპოზიციაში. ასეთი საშიში ხალხი არიან ხელისუფლებში. ნებისმიერ სისაძაგლესა და დანაშაულზე არიან წამსვლელები ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ამ ჩანაწერზე სერიოზული შეფასება იმას ნიშნავს, რომ ვინც კითხვას სვამს, დგახართ რუსეთის დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სამსახურში“, – ამბობს გოცირიძე.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ეს ჩანაწერი წინასწარ იყო მზად და თუ რაიმე მოხდებოდა, მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაბრალდებოდათ.

„ეს არის რუსეთის მიერ შეთხზული გეგმა, რაც ემსახურებოდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას არჩევნებში. მსგავსი ჩანაწერების გავრცელებით ეხმარება რუსეთი თავის სატელიტს და მოკავშირეს საქართველოში, თუ ჰაკიმ ფაშასა და საწყალი, ორშაურიანი ტროლების გაკეთებული არ არის, გამოჩნდება, რა ხარისხისაა. რა ჩანაწერებიც ვნახეთ, ბავშვიც დარწმუნდებოდა, რომ ლექსიკა, ენა, გამომეტყველება, აბსოლუტურად სხვანაირია და ყველა მიხვდება, რომ ეს ჩანაწერი არის იაფფასიანი, უხარისხო ფაბრიკაცია“, – განაცხადა გოცირიძემ.

უკრაინული ვებგვერდი ავრცელებს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, სადაც ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე საუბრობენ.

news
ავტ.: news ივნისი 19, 2020 14:01