“ის, რომ შსს-ს თანამშრომელმა ქვეყნიდან მნიშვნელოვანი მასალები გაიტანა, არის დიდი ტყუილი”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ლევან გვაზავას ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო ბატონ ლევან გვაზავას კომენტარს, რომ თითქოს სუს-ის თანამშრომელმა
მნიშნველოვანი ინფორმაცია რუსეთში გაიტანა. 1. ეს პიროვნება უკვე დაკავებულია და მას ბრალი აქვს წარდგენილი 4 მუხლით: საქართველოს სსკ-ის 237-ე მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გადაზიდვა; 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – თაღლითობა; 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. ის, რომ მან მნიშვნელოვანი მასალები ქვეყნიდან გაიტანა არის დიდი ტყუილი. აღნიშნული პირის დაკავება სწორედ სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად განხორციელდა და წინასწარ არ მოხდებოდა დაანონსება, თუ როგორ და რა ფორმით ვაპირებდით მის დაკავებას.

2. ეს პირი მუშაობდა ღია წყაროებზე, რომ დაგიკონკრეტოთ, ღია წყაროები ნიშნავს იმ ინფორმაციას, რაც მედიით ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, მას სამსახურებრივად არ ჰქონდა წვდომა საიდუმლო დოკუმენტაციაზე, შესაბამისად ვერ გაიტანდა მნიშვნელოვან ინფორმაციას.

3 – რაც შეეხება იმას, დაისვა თუ არა ამ თემაზე კითხვები, პარლამენტში ბატონი ლევან იზორიას გამოსვლისთვის რომ მოგესმინათ ნახავდით, რომ აღნიშნულ კითხვას ბატონმა ლევანმა უკვე გასცა პასუხი.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონ ლევან გვაზავას აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე ინფორმაციის გადამოწმება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არც კი უცდია და თუ აქვს მცირედი ინტერესი გაიგოს სიმართლე, ვურჩევდი მას, მომავალში, სანამ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, ინფორმაცია გადაამოწმოს იმ უწყებაში, რომელსაც ეს ინფომაცია ეხება”,- აცხადებს ნინო გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ “ქართული გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა კონტრდაზვერვის მუშაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დღემდე არაფერია ცნობილი შსს-ს თანამშრომლის მიერ საქართველოდან გატანილი ინფორმაციის და მასალების შესახებ.

“მე მივმართავდი, პრეზიდენტს, პრემიერს. იკითხონ მაინც – რა დონის, რა ფაილები წაიღეს. პირადი ცხოვრების საშინელი კადრების ფაილებიც ხომ არ წაიღეს?”, – განაცხადა გვაზავამ.

banner
წინა სტატიაში(video) სააკაშვილის და უკრაინის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის ჩხუბი “შუსტერ ლაივში”
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: გადაწყვეტილება მიღებულია, კოალიციის ყველა სუბიექტი კენჭს ცალ-ცალკე იყრის