როგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური, როგორც ლეგალური ასევე ეჭვი მაქვს არალეგალურიც – მესამე სექტორი IDFI-ის კვლევაზე

სახელმწიფოს მხრიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში ფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის გასამმაგებას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური IDFI-ის კვლევაზე დაყრდნობით ეჭვობს, რომ აღნიშნული ოფიციალური მონაცემების გარდა, მოსახლეობას არალეგალურადაც უსმენენ.

„სასამართლო დამოუკიდებელი რომ იყოს, ეს არ არის მთავრობის ინტერესი, ზუსტადაც ასეთი გადაწყვეტილებები რომ მიიღოს და ერთ-ერთი საკითხი ის არის, რომ როგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური ჩვენს ქვეყანაში, როგორც ლეგალური ე.წ. მოსმენა, ასევე ეჭვი მაქვს, რომ არალეგალურიც. ამიტომ ჩვენ გვაქვს შეტანილი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ იმ პირდაპირ წვდომას, რომელიც გააჩნია ჩვენს პერსონალურ ინფორმაციებზე სპეცსამსახურებს. მგონია, რომ ზოგადად, აი ის სისტემა, რაც დღეს არსებობს, არის პრობლემა,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

სასამართლოს მხრიდან საგამოძიებო უწყებების მიმართვიანობის დაკმაყოფილების გაზრდილ მაჩვენებელს საგანგაშოდ თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე.

„საგანგაშო, ასე ვთქვათ, არის დაკმაყოფილების მაჩვენებლის ზრდა. ეს ორიდან ერთ-ერთ რამეზე შეიძლება მიუთითებდეს ან რომ ხარისხი გაიზარდა შუამდგომლობების ან შემცირდა თავად სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხი და ფაქტობრივად, ავტომატურად ხდება მსგავსი შუამდგომლობების დაკმაყოფილება. მე კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, როცა ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო, მსგავსი შუამდგომლობების დაკმაყოფილების რიცხვი იყო მკვეთრად შემცირებული და ფაქტობრივად, ეს იყო სიგნალი საზოგადოებისთვის, რომ ფარული მიყურადება და ფარული საგამოძიებო მოქმედებები რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ნაკლები ინტენსივობით გამოიყენებოდა სახელმწიფოს მხრიდან,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

2018 წელს ხელისუფლებამ ფარული მოსმენების რეკორდი მოხსნა. IDFI-ის ინფორმაციით, ფარულად გასულ წელს 9 ათასზე მეტ ადამიანს უსმენდნენ.

„ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფარული მოსმენების შესახებ სპეცსამსახურების მიერ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობების 98%-ს მოსამართლეები აკმაყოფილებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიამოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს