მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე, იუსტიციის საბჭოს წევრებმა კანდიდატურები მოხსნეს

ამ წუთებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომა მიმდინარეობს. ცოტა ხანში კენჭი უნდა უყარონ საერთო სასამართლოების მოსამართლეობის კანდიდატებს. კონკურსი, რომელიც ნახევარ წელზე მეტია, გრძელდება, დღეს სრულდება.

საბჭო მოსამართლეებს რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ვაკანტურ ადგილზე დანიშნავს. 43 ვაკანტურ ადგილზე 72 კანდიდატი იბრძვის. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი მოსამართლეები. კანდიდატებს შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები.

კონკურსში მონაწილეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4 წევრი იღებდა. მათ ინსტანციის შეცვლა სურდათ, თუმცა კენჭისყრის დაწყებამდე ოთხივე მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. მათ შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. გიორგი მიქაუტაძეს განაცხადი შეტანილი ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე, თუმცა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის კანდიდატურას ხსნის.

კანდიდატებს შორის იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე, რომელსაც სურდა, რომ მეორე ინსტანციაზე გადაენაცვლებინა. მოსამართლე ირაკლი ბონდარენკოს კი თბილისიდან ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოში უნდოდა გადასვლა. რევაზ ნადარაიას, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა, სურდა, რომ ჩამოქვეითებულიყო და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამხდარიყო.

კონკურსის გაჭიანურებასთან დაკავშირებით არაერთი კითხვის ნიშანი არსებობდა. ამ საკითხზე განმარტება გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.

„კონკურსი როდესაც დაიწყო, საბჭოს ჰყავდა თავმჯდომარე. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იყო, რომელმაც დატოვა თანამდებობა. ამის შემდეგ გარკვეული პროცესები მიმდინარეობდა, რომელიც ობიექტურად იწვევდა კონკურსის გაჭიანურებას და ეს არ იყო ხელოვნური პროცესები. ამასთან ერთად, ზუსტად ის წევრები, რომლებიც საყვედურს გამოთქვამენ, რომ რატომ გაჭიანურდა კონკურსი, მუდმივ რეჟიმში ცდილობდნენ, ყველანაირი ხერხით შეეფერხებინათ კონკურსი და საჯარო მოწოდებებს აკეთებდნენ, რომ კონკურსი უნდა შეჩერდეს, შეფერხდეს, თუმცა როდესაც დასჭირდათ, რომ სხვაგვარად გამოიყენონ ეს სიტუაცია, პრეტენზიებს გამოთქვამენ, რატომ გაჭიანურდა პროცესი. ასეთი მიდგომა არასერიოზულია,“ – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კონკურსთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ მიმდინარე პროცესი კლანის წევრების გადალაგებას ემსახურება და არა სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას.

„ის, რომ პროცედურა, რასაც ჰქვია კონკურსი, უნდა ემსახურებოდეს ახალი კვალიფიციური კადრების შედინებას სასამართლო სისტემაში, რეალურ და სამართლიან შეჯიბრს, სინამდვილეში ის ემსახურება საბჭოს წევრი, კლანის წევრი, მოსამართლე წევრების ჭადრაკის დაფაზე გადასალაგებლად, ალბათ, იმისთვის, რომ მათ უკეთესად აკონტროლონ სასამართლო სისტემა. მათ უნდა ჰკითხოთ, ალბათ, ერთ მომენტში დროის ერთ მონაკვეთში როგორ მოინდომა კლანის წევრების უმეტესობამ ახალ თანამდებობაზე გადასვლა, როგორ მოხდა, რომ საბჭო ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაშიროგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური, როგორც ლეგალური ასევე ეჭვი მაქვს არალეგალურიც – მესამე სექტორი IDFI-ის კვლევაზე
შემდეგი სტატია,,სახელმწიფო რესურსები, რაც უკავშირდება მიყურადებას, გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ”