როგორ მონათლეს ანანურში გრაჩოვი

ბოლო დროს, პატრიარქის მიმართ არაერთი ბრალდება გაისმა. დავით ბერძენიშვილი სხვა ბრალდებებთან ერთად, ილია მეორეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის გრაჩოვის მონათვლაშიც კი ადანაშაულებს, არადა მან ძალიან კარგად იცის, რომ გრაჩოვი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვარდიკო ნადიბაიძემ მონათლა.
იმ დროს, როცა ეს ნათლობა მოხდა, ბერძენიშვილი პარლამენტის წევრი იყო და მაშინ ამ თემაზე პოლიტიკოსები ბევრს ლაპარაკობდნენ. მთელმა საქართველომ იცოდა, რომ მთვრალმა ნადიბაიძემ მთვრალი გრაჩოვი შემთხვევით მონათლა.
თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, ამის შესახებ „თაიმერს“ ერთ-ერთმა თვითმხილველმა მოუთხრო.
მას პატიოსანი ადამიანის სახელი აქვს მთაში და ბერძენიშვილის მსგავსად, ხშირად არც პოზიციებს იცვლის. ვარდიკო ნადიბაიძის თავდაცვის მინისტრობის დროს ,მისი უშუალო სტუმარი იყო რუსეთის თავდაცვის მინისტრი გრაჩოვი.
გუდაურში წავიდნენ ერთად, გრაჩოვი ჯიპით იყო და უკან ოთხი ნივა მიჰყვებოდა. იქ ცოტა დალიეს და შემდეგ აღმართზე, თოვლი ჯერ “გატკეპნეს” და შემდეგ “ჯიპი” და ‘”რუსული ნივა” შეაჯიბრეს ერთმანეთს. “ნივა” ავიდა, ჯიპი ჩარჩა თოვლში, გრაჩოვმა მაგ ჯიპში აღარ ჩავჯდებიო და უკან ნივით წამოვიდა. ამ დროს ვარდიკომ ჰკითხა

– მონათლული ხარო?
-არაო, უთხრა გრაჩოვმა.
-გინდა მოგნათლო ამ მთაშიო? – გადაეკიდა ვარდიკო.
– კიო, -დათანხმდა გრაჩოვი.
მოიკითხეს უახლოესი მამაო. აღმოჩნდა, რომ ანანურში მსახურობდა თემურ სუარიშვილი. მონათლა გრაჩოვი ვარდიკომ, ნათლობის საიდუმლო აღასრულა ქეიფის მოყვარულმა მღვდელმა სუარიშვილმა. ნათლობის შემდეგ დალიეს სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე ანანურის ეზოში.
– რით დადიხარ, მანქანა გყავსო? -ჰკითხა გრაჩოვმა თემურ სუარიშვილს.
-არა რა მანქანა, ესე ვწვალობო, – უპასუხა მამაომ.
გრაჩოვი მიუბრუნდა ვარდიკოს და ეუბნება : ერთ სატვირთო სამხედრო კამაზს მისცემ, ერთ ტაბლეტკა უაზს და ერთ ვილისსო.
დაიშალნენ, რა თქმა უნდა ,არ მისცეს მამაოს არაფერი. გრაჩოვი გადააგდეს.
მეორე წელს ჩამოვიდა გრაჩოვი და თბილისში ქეიფის შემდეგ ის მღვდელი მოიკითხა, ვინც ნათლობის საიდუმლო აღასრულა, კაი კაცი ჩანდა და უნდა ვნახოო.
წავიდნენ ანანურში. ნახა, რომ არაფერი მიუციათ და უთხრა ვარდიკოს, რომ ხვალვე მანქანა მიეყვანათ. მეორე დილით მიუყვანეს “გაზ 66”, რომლითაც მოგვიანებით მთვრალი მამაო გადავარდა ხევსურეთში.

მოვიდა ამბავი, რომ 11 კაცი ეჯდა და მსხვერპლი არისო. გაგიჟებულა გაის მაშინდელი უფროსი და გაქცეულა ხევსურეთში, თან მიჰყვება თურმე პროკურორი გვარად გოგოჭური.
მაღაროსკარში დაინახეს, რომ ვიღაცის მანქანით ბრუნდება მღვდელი. გააჩერებინეს მანქანა. გაის უფროსმა გინებით წაავლო წვერებში ხელი ამ მღვდელს და ეუბნება: რატომ დამღუპე მე შენიო….
იმან კიდევ : რა დაგღუპე, ერთი მოხუცი კაცი მოკვდა მარტო, ჩემი ცოლის ნათესავი, დანარჩენები გადარჩნენო.
ამ გაის უფროსმა კიდევ ძლივს ამოისუნთქა, შემდეგ ის გაზ 66 ვილისში გაცვალა ამ სუარიშვილმა, ბევრი ბენზინი უნდაო…
აი, ასე მონათლეს გრაჩოვი.
ამ ამბის თვითმხილველის თქმით, ახლა ის მამაო, რომელმაც ნათლობის საიდუმლო აღასრულა ერთ-ერთ მეტროსადგურში დგას და შესაწირი ყუთი უჭირავს.

 

 

ავტორი:შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კოდასთან სროლის ფაქტს არ ადასტურებს
შემდეგი სტატია„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიაში არ შეუშვეს