როდის ფერხდება კლების პროცესი და რატომ არ არსებობს გარანტიები სწორი კვების დროს?! – სპეციალურად “თაიმერისთვის” მამუკა რაშოიანი

ჭარბი წონა – მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. წონაში დაკლების მსურველთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და ცხადია, სწორი ცხოვრების წესებით დაინტერესებულთა რაოდენობაც მზარდია. ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი მეთოდი არსებობს, თუმცა, როგორც ამბობენ, “ყველა გზა რომში მიდისო”, ჰოდა, “მრავალფეროვანი დიეტებისგან” ნატანჯი ორგანიზმისთვის, საუკეთესო ეფექტი, მაინც სწორ კვებას მოაქვს, შესაბამისად, “სიტუაციის გამოსასწორებლად”, ბოლოს, ყველა მაინც სწორი კვებით წონაში კლების მეთოდს მიმართავს. მართალია, ეს ხანგრძლივი პროცესია, თუმცა, შედეგი ეფექტზე მნიშვნელოვანია. სწორი კვებით, წონაში კლებასთან ერთად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებიც გვარდება. ყოფილა შემთხვევები, როცა ჯანსაღი ცხოვრების წესით, ქრონიკული დაავადებებიც განკურნებულა.

დღევანდელ რეალობას, რომ გადავხედოთ, ვისაც კი სპორტ დარბაზში რამდენიმე თვე, ან კვირა უვარჯიშია და ინსტრუქტორის მითითებები აუთვისებია, ვისაც არ დაეზარა, ყველა ფიტნეს-ინსტრუქტორი, ან ნუტრიციოლოგი გახდა. მე პირადად, პროფესიონალების გამოცდილებას ვენდობი, შესაბამისად, როცა საქმე ჯანმრთელობას, ან, თუნდაც, წონის კორექციას ეხება, ვფიქრობ, რომ ამაში, წლების გამოცდილების მქონე ადამიანი ყველაზე კომპეტენტურია, რომლის დახმარებითაც, შესაძლოა, ერთის ნაცვლად, რამდენიმე პრობლემა მოვაგვაროთ.

“თაიმერის” კითხვებს, მამუკა რაშოიანი პასუხობს. ის, პროფესიით ფიტნეს ინსტრუქტორია და 17 წელია, რაც ამ სფეროში მოღვაწეობს. ახლა, ნუტრიციოლოგიის განხრით, რეზიდენტურის გამოცდებისთვის ემზადება. 4 წელი აღმოსავლური მედიცინის შესწავლას მოანდომა და ამ მიმართულებით ხუთი წელი იმუშვა. ფლობს ინკლუზიურ განათლებას, ასევე, დამთავრებული აქვს საექთნო, გავლილი აქვს ფარმაკოლოგიური კურსი და ამასთან, საუბრობს ხუთ ენაზე: ქართული, ინგლისური, გერმანული, რუსული და იტალიური. ალბათ, ხვდებით, რატომ ავირჩიე ის, ჩემი ყველაზე დიდი პრობლემის, ჭარბი წონის დამარცხებისთვის ბრძოლაში.

– რა არის ყველაზე ხშირად დასმული კითხვა და როგორია ადამიანების რეაქციები თქვენს პასუხებზე?!

– თითქმის, ერთსა და იმავე კითხვას სვამს ყველა, ვისაც სურს, რომ კვების რაციონი შევუდგინო: რამდენს დავიკლებ? ჩემი პასუხი, რა თქმა უნდა, არის: არ ვიცი! პირველ რიგში, ჯერ უნდა გავიგო როგორი მეტაბოლიზმი აქვს და ამის შემდეგ, გამოჩნდება, თუ რა ეფექტს მისცემს ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა. მთავარი პრობლემა, სასწორზე დამოკიდებულებაა, რადგან ყველას სურს სწრაფი ეფექტი – მცირე დროში. როცა ადამიანი, რამდენიმე წლის განმავლობაში, სტანჯავს ორგანიზმს სხვადასხვა “სწრაფეფექტიანი” დიეტებით, ან, უფრო უარესი, არასწორად იკვებება – ორგანიზმი გადაღლილია. ჯერ ამ პრობლემის მოგვარებით უნდა დავიწყოთ და შემდეგ დაველოდოთ შედეგებს, რომელსაც სწორი კვება მოგვცემს. ცხადია, ყველას ჰგონია, რომ, თუ სწორად კვებას დაიწყებენ და პროფესიონალის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, ორ კვირაში მიაღწევენ სასურველ შედეგს. წარმოუდგენელია, რადგან ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც თანმიმდევრულად მიყოლა სჭირდება. სასურველი შედეგის მიღწევა არასდროს არ არის მარტივი, მით უფრო, თუ საქმე ცხოვრების წესის შეცვლას ეხება. ეს არის პროცესი, რომელსაც ნებისყოფა და მოთმინება სჭირდება, ამ ყველაფრისთვის კი ადამიანს მთელი შეგნებით უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ არ ცდუნდეს და შემდეგ, არაეფექტურობის შემთხვევაში, იმედგაცრუებას არ შეეჯახოს.

– როდის ფერხდება კლების პროცესი და ძირითადად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ სასურველ შედეგამდე მივიდეთ?

– კლება შეიძლება შეჩერდეს ნებისმიერ დროს. ძირითადად, ეს შესაძლებელია უფრო ადრე მოხდეს, მაშინ, როდესაც კვების რაციონის პროდუქტები, ან დროები ირევა. ხშირ შემთხვევაში, როცა ადამიანი კლებაში მიდის, რაღაც დონეზე უკვე წონა ჩერდება, ეს ბუნებრივია და ამას ვერავინ ვერ გაექცევა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წონაში ვერ დაიკლებს, ან რაციონი აქვს გასამკაცრებელი, ან კვება გამოტოვის და ა.შ. ამას სჭირდება მიყოლა, რადგან სხეულის ფორმები შეიცვალოს, მეტაბოლიზმი ამუშავდეს და ზოგადად, სწორად წარიმართოს მთელი რიგი პროცესები, რაც ორგანიზმში მიმდინარეობს. რაღაც დონეზე შეჩერდება ეს ყველაფერი და წავა უკვე ცილებით კლება. საერთო ჯამში, რაც თვის განმავლობაში გექნებათ დაკლებული, ეს არის თვის შედეგი და ამიტომაც, არ უნდა იყოს არავინ სასწორზე დამოკიდებული. შესაძლებელია, ადამიანმა 15-20 დღეში დაიკლოს 5, ან 7 კგ, ან მეტიც, მაგრამ ბოლო 10 დღე შეჩერდეს კლება. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შედეგი არ დადებულა, პირიქით, სწორი კვების დროს, ეს ბუნებრივი პროცესია, მით უფრო, როცა სხეული იძერწება.

– თვალს ვადევნებ თქვენს აქტივობებს სოციალურ ქსელში და ძალიან ხშირად მხვდება კომენტარები, სადაც ადამიანები ძირითადად, გარანტიებს ითხოვენ…

– გარანტიები არ არსებობს, რადგან მე არ ვარ პასუხისმგებელი შედეგებზე. არ ვიცი, სწორად მიჰყვება, თუ არა რომელიმე მათგანი რაციონს, ან ითვალოსწინებენ, თუ არა რეკომენდაციებს, რომლებსაც ვაძლევ. ხშირია შემთხვევები, როცა თვითნებურად ცვლიან რაციონს, ასეთ შემთხვევაში, ვერავის ვერ მივცემ იმის გარანტიას, რომ კონკრეტულ ვადაში, კონკრეტული რაოდენობის ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებს. ასევე, ხშირია, როცა არღვევენ, კვების არევის შემდეგ, ისევ თავიდან იწყებენ ჩემ მიერ შედგენილი რაციონის მიყოლას. როცა მომართავენ, ვადგენ ინდივიდუალურ რაციონს სისხლის ჯგუფის და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. სწორედ, ამიტომ ჰქვია ამას ინდივიდუალური რაციონი, რომ მორგებულია იმ კონკრეტულ ადამიანზე, თუმცა ხშირია შემთხვევები, როცა ოჯახის წევრი, ან მეგობარს გამოუყენებია იგივე რაციონი. ცხადია, სხვას ვერ ექნება ის შედეგი, რაც იმ კონკრეტულ ადამიანს, ვისთვისაც შევადგინე რაციონი.

– სწორი კვება და ვარჯიში…

– სწორი კვება და ვარჯიში ერთად ძალიან კარგია, მაგრამ აქ, მეორე ფაქტორია გასათვალისწინებელი: ადამიანი, როდესაც ვარჯიშობს და სწორად იკვებება, მან უნდა დაივიწყოს სასწორი. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები სპორტ დარბაზებში იმისთვის დადიან, რომ ბევრი ივარჯიშონ და მაქსიმალურად დაიტვირთონ ფიზიკურად, იმ მიზნით, რომ მეტს ივარჯიშებენ და მეტად დაიკლებენ, თან ფიქრობენ, რომ თუ მცირე რაოდენობის საკვებს მიიღებენ და მეტად დაიტვირთებიან ფიზიკურად, მალე დაიკლებენ. ეს მცდარი შეხედულებებია, რადგან მეტი დატვირთვა იწვევს ძვალ-სახსართა სისტემის პრობლემას, უენერგიობას, დაღლილობას, სხეულის გადაწვას, რადგან დახარჯულ ენერგიას, საკვებით ვერღარ აღადგენ. მაგრამ, თუ ადამიანი, ვარჯიშთან ერთად, შესაბამისი რაციონით იკვებება, რა თქმა უნდა, წონაში კლება იქნება ცხიმების წვის ხარჯზე, უფრო ნელი ტემპით, იმიტომ, რომ უფრო მეტად დაეხვეწება სხეული, გამოეკვეთება ფორმები, მასა შემცირდება პარამეტრებში და ა.შ. ამ ყველაფერს კი დრო სჭირდება. ზოგადად, ფიტნესის განხრით, როცა ადამიანი მიდის, მაშინ სასწორი მეორეხარისხოვანი უნდა იყოს.

– მითია, თუ რეალობა, რომ ციკლის დროს ქალი წონაში ვერ იკლებს და ასევე, ამ პერიოდში არის, თუ არა ვარჯიში რეკომენდირებული?!

– ციკლის დროს ქალის ორგანიზმი შუპდება, შესაბამისად, ზოგიერთი მათგანი აღზნებულია, ორგანიზმი სთხოვს ტკბილს, ან ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის საკვებს და ა.შ. თუმცა, ეს მაინც ინდივიდუალურია, რადგან ციკლის პერიოდში, ზოგიერთი უფრო მეტს იკლებს, ზოგი იმატებს, ზოგის კლება კი ჩერდება. ეს ყველაფერი მაინც გამომდინარეობს ჰორმონალური დისბალანსიდან, ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ინდივიდუალურია. რაც შეეხება ციკლის პერიოდში ვარჯიშს, რეკომენდირებული არ არის, ყოველ შემთხვევაში, სასურველია პირველ-მეორე დღეებში ქვედა კიდურებს არ ჰქონდეს დატვირთვა. ქუჩაში სიარულს არ ვგულისხმობ, ამ შემთხვევაში, აქცენტი დარბაზებში არსებულ სავარჯიშოებზე მაქვს. მაგალითად, თუ ციკლის პერიოდში დარბაზში მიხვალთ და ინსტრუქტორი გაკეთებინებთ საჯდომის ვარჯიშებს (მუცლის არეში წონის დადება და ა.შ.), ამ დროს შეიძლება დაგეწყოთ ძლიერი სისხლდენა. აქედან გამომდინარე, არსებობს რისკები, რომლის გათვალისწინებითაც, ციკლის დროს სპორტ დარბაზში ვარჯიში, დიდად რეკომენდირებული არ არის.

– არსებობს ასეთი ონლაინ პლატფორმა www.mamufitt.com, რომელიც დაინტერესებულ პირებს ჯანსაღი ცხოვრების წესებში ეხმარება. როდის გაჩნდა საიტის შექმნის იდეა და რა სახის სერვისებს სთავაზობთ მომხმარებლებს?!

– ჯანსაღი ცხოვრების წესებთან დაკავშირებით, მინდოდა ყველაფერი ერთ სივრცეში ყოფილიყო და გადავწყვიტე ვებ-გვერდი გამეკეთებინა. საიტზე თითოეულ დაინტერესებულ პირს, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესებთან დაკავშირებით. იქნება ეს კვება, ვარჯიში, რაციონის შედგენის მოთხოვნა, თუ სხვა. სწორი კვების პაკეტების გარდა, საიტზე, ასევე არის, კალორიების, წყლისა და სხეულის მასის დამთვლელი კალკულატორი; ასევე, ვარჯიშებია ჩაშენებული ე.წ. გიფების სახით და ნებისმიერ პირს შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი სავარჯიშო, რომელსაც შეასრულებს. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს რეცეპტების ატვირთვაც, ამ განყოფილებაში ადამიანებს შეუძლიათ ნახონ ჯანსაღად მოსამზადებელი სხვადასხვა რეცეპტები, რომელთა რაოდენობაც საბოლოო ჯამში 15 000 იქნება.

– საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მივიღე. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?!

– სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, წინა საკითხი, რომ გავაგრძელო, ვგეგმავ, ვებ-გვერდის www.mamufitt.com აპლიკაცია გავაკეთო ყველა ტიპის ტელეფონსთვის, რათა მომხმარებლებისთვის, უფრო მარტივი გახდეს თითოეული სერვისით სარგებლობა. მანამდე კი, ვებ-გვერდის მობილური ვერსიის გამოყენება შეუძლიათ, რომელიც, რა თქმა უნდა, გარკვეულ კომფორტს უქმნის მომხმარებელს. რაც შეეხება კონკრეტულად, ჩემს განვითარებასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებს, ამჟამად, ვემზადები რეზიდენტურის გამოცდებისთვის – ნუტრიციოლოგიის განხრით. კიდევ მაქვს რამდენიმე დიდი მიზანი, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევ.

ავტორი: მზეკო ჟვანია

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა
შემდეგი სტატია“გაღმა ნაპირზე მყოფი მოსახლეობა მოწყვეტილია სოფელს” – ნაგურუს უბანში ხიდის დემონტაჟი და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება