ხაზარაძე – პრეზიდენტმა ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას „ნიღაბი ჩამოხსნა“.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციამ ძალების გაერთიანებით „ქართული ოცნება“ უნდა დაამარცხოს და ამით ქვეყნის გაერთიანებისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგას.

„პრეზიდენტმა, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნიღაბი ჩამოიხსნა და გააშიშვლა ის პოზიცია, რომელიც აქამდე ხელისუფლებას ფარულად ჰქონდა. დღეს ჩვენი ქვეყანა ძალიან კრიტიკულ ზღვარზეა. მე ნამდვილად არ მინდა საქართველოს რომელიმე მოქალაქე სხვადასხვა მიზეზით დასანქცირდეს, რადგან ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება ქვეყნისთვის. ქართულ საზოგადოებას ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი, თუმცა ამის მიზანი უნდა იყოს ის, რომ საქართველო მოვახვედროთ იქ, სადაც მას ადგილი ისტორიულად ეკუთვნის. ეს არის ევროპული ინტეგრაცია, სადაც მშვიდობა, დოვლათი და კულტურის დაცვის ყველაზე დიდი გარანტიაა.

რაც შეეხება პოლარიზაციას, ნებისმიერი ხელისუფლება მისი შემცირებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ყოველდღიურად, ნებისმიერი ტრიბუნიდან ვხედავთ, თუ როგორ შორდებიან ერთმანეთს პოზიცია და ოპოზიცია. მე ვისურვებდი, რომ ჯანსაღი ძალების გაერთიანებით “ქართული ოცნება“ დავამარცხოთ და ამით ქვეყნის გაერთიანებისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგათ. გაერთიანება პოლიტიკური პარტიების შერწყმას არ გულისხმობს, ეს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისთვის საზოგადოების ერთობას ნიშნავს.

აქედან გამომდინარე, მე პრეზიდენტის პოზიციას ვიზიარებ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

გარდა ამისა, მისი თქმით, თუ ქართველი ბიზნესებისა და კონკრეტული ადამიანების რუსეთთან თანამშრომლობის ფაქტები გამოვლინდება, მამუკა ხაზარაძე მომხრეა, რომ ისინი დასანქცირდნენ.

„როდესაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი უკრაინელების წინააღმდეგ საშინელ სამხედრო დანაშაულს ჩადის, როგორ შეიძლება, რომ იმ ქვეყნის შვილები, რომლის 20%-იც ოკუპირებულია, დამპყრობელს უწყობდნენ ხელს. სანქციებისთვის თავის არიდება არის იმ სისხლისღვრის ხელშეწყობა, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. თუ თანამშრომლობისა და დახმარების კონკრეტული ფაქტები არსებობს, მე პირადად ვიქნები მომხრე, რომ მსგავსი კომპანიები და ადამიანები თავად დასანქცირდნენ. არ შეიძლება აკეთო ბიზნესი ოჯახებისა და ბავშვების განადგურების ხარჯზე არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. ყველა ადამიანი, რომელიც მტერს ეხმარება, მოღალატედ უნდა შეფასდეს“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი და მისი მთავრობა დაპირისპირებულია მთელ დასავლურ სამყაროსთან – ჩიხლაძე
შემდეგი სტატიაროდის ფერხდება კლების პროცესი და რატომ არ არსებობს გარანტიები სწორი კვების დროს?! – სპეციალურად “თაიმერისთვის” მამუკა რაშოიანი