რატომ ემუქრება ჟინვალჰესს გაჩერება?! – კლდოვანი სამოთხე შველას ითხოვს

გინახავთ ხევი – კლდოვანი სამოთხე? თქვენს ფილტვებს უგრძვნია სტეფანწმინდის ჰაერი? ფეხით მისულხართ საქართველოს საზღვართან? საზღვრიდან საქართველოში შემოგიხედავთ? დაგინახავთ კლდეზე ამოსული ტაძარი – ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე? არა?! მაშ, თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან წინ გელით ეს საოცრება! გინახავთ და ისევ იქ გინდათ? ისევ „იქ, სულ მაღლა და ზემოთ“ – იქ, სადაც იწყება უკიდეგანო თავისუფლება!

 

მთებში ჩამოწოლილი ჯანღი და ნისლში გახვეული ეკლესიის გუმბათი, ჯანღში შეჭრილი მზის სხივი, ოდნავ რომ ანათებდა ჯვარს და რაღაც მისტიკურ აურას ქმნიდა – აი, ახლა, აი, ამ წამს, ხელს გაიწვდი და ნისლი შენია – ისე ახლოსაა, ისე ახლოს. გაიწვდი ხელს და იგრძნობ. არ ვაჭარბებ, იგრძნობ, მიხვდები, ჩაისუნთქავ, შეგცივდება და მიხვდები, შეუძლებელია დაგავიწყდეს „ვისი გორისა ხარ“!

 

აქ, საქართველოს საზღვართან შემთხვევით მოვხვდი. საქმე ისაა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ხუთდღიანი მე-5 საერთაშორისო კონფერენცია – „ღვარცოფები: რისკი, პროგნოზი, დაცვა“ , რომლის ორგანიზატორმა, ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახ. წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა სამეცნიერო ექსკურსია-სემინარზე უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი მიიწვია. ჩვენ, მე და თამუნა ნოსელიძე, ორი დღის განმავლობაში, ბატონ გივისთან ერთად, ვმასპინძლობდით კონფერენციის დელეგატებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე მეცნიერსა და მკვლევარს. ექსკურსიის პირველ დღეს, კახეთში, მდინარე დურუჯის ხეობა დავათვალიერეთ. მეორე დღეს კი ყაზბეგს ვესტუმრეთ. ჩვენს 50-კაციან ჯგუფს – სტუმრებსა და მასპინძლებს – სამხედრო გზაზე გიდობას ინგა არჯევანიძე გვიწევდა.

 

„საქართველოს სამხედრო გზა, რომლის ისტორიული სახელია ჯვრის უღელტეხილი, ზღვის დონიდან, დაახლოებით, 2400 მეტრზე მდებარეობს, მისი სიგრძე კი 206 კმ-ია. გზა 1899 წელს გაიხსნა. თბილისიდან გზა მიჰყვება მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, სოფელ მუხათგვერდთან ხიდით მტკვრის მარცხენა მხარეს გადადის, სოფელი წიწამურის შემდეგ გრძელდება მდ. არაგვის მარჯვენა მხარეს – მუხრანის ვაკეზე და დაბა ჟინვალთან შედის მდინარე მთიულეთის არაგვის ვიწრო ხეობაში, შემდეგ გაივლის დაბა ფასანაურს. სოფელ ზემო მლეთიდან იწყება ზემო მლეთის აღმართი, რომელიც ჯვრის უღელტეხილით მთავრდება. უღელტეხილიდან გზა ეშვება მდ. ბიდარის ვიწრო ხეობაში, გადის სოფელ ალმასიანთან, სადაც თავს იყრის ბიდარის, თრუსოსა და უხათის ხეობები, შემდეგ მიყვება მდ. თერგის მარჯვენა მხარეს, გაივლის სოფლებს: კობს, სიონს, გარბანს და დაბა სტეფანწმინდას. სტეფანწმინდიდან გზა ხიდით გადაინაცვლებს თერგის მარცხენა მხარეს. მდ. ჩხერის შესართავთან იწყება დარიალის ხეობა. აქედან გზა გველეთის ხიდით კვლავ თერგის მარჯვენა მხარეს გადადის, გაივლის სოფლებს ზემო ლარსა და ჩიმს, შედის შედარებით ფართო ბალთის ხეობაში, რომელიც კლდოვან ქედს კვეთს. აქედან გზა ჯერ საძოვრებიან, შემდეგ ტყიან ქედს კვეთს და ქალაქ ვლადიკავკაზთან მთავრდება.

 

ძვ. წ. VI საუკუნეში, დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა სკვითური ტომების მიგრაცია ამიერკავკასიაში. სტრაბონის მიხედვით, აქ გადიოდა ვიწრო და რთული გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით მთავრდებოდა. გზისა და დარიალის კარის გაკონტროლებით ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში სწორედ ამ გზით გადმოასახლა დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაღთა 45 ათასი ოჯახი საქართველოში.

 

 

მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გზისადმი ინტერესს რუსეთის იმპერიის სამხედრო უწყება იჩენს. რეგულარული მიმოსვლა ვლადიკავკაზსა და თბილისს შორის 1799 წელს დაიწყო. 1801 წლიდან, ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ, გზა სტრატეგიული ობიექტი გახდა. ამავე პერიოდში მიიღო სახელწოდება „საქართველოს სამხედრო გზა“. 1803 წელს იწყება ახალი გაფართოებული გზის მშენებლობა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა მთის მოსახლეობას, რაც 1804 წელს, მთიულეთის აჯანყების  ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სხვადასხვა დროს  გზის მიმართულება იცვლებოდა. ბოლო პროექტით, რომლის ავტორი იყო სტატკოვსკი, 1855-ში დაიწყო ზემო მლეთის აღმართის ტრასის მშენებლობა და 1861-ში დამთავრდა. 1909 წლიდან კი თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის რეგულარული მიმოსვლა დამყარდა“, – ასე დაიწყო საქართველოს ისტორიის გაცნობა ინგამ. ეს ისტორია მრავალგზის წამიკითხავს, თუმცა გზად მიმავალს, გაფართოებული და გაოცებული თვალებით რომ ვათვალიერებდი ხელთუქმნელ სილამაზეს, სხვაგვარად მესმოდა, თითქოს პირველად. რა გასაოცარია ბუნება, თოვლიანი მთები და მთის ძირას კენკრასავით მიმოფანტული წითელ-ყვითელი ყოილები.

 

„საქართველოს სამხედრო გზა გადის საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სადაც მდებარეობს საკონტროლო-გამშვები პუნქტები – ზემო ლარსი და ყაზბეგი. საქართველოს სამხედრო გზა, ამჟამად, ევროპის ავტომაგისტრალი E117-ის ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს. სხვადასხვა დროს, ბაზალეთის ასახვევიდან ანანურის ციხემდე, სხვადასხვა მიმართულებით გადიოდა სამხედრო გზა. თავდაპირველად გზა ბაზალეთის ავლით დუშეთში გადადიოდა, ხოლო შემდეგ ჩრდილოეთით, ველთაურთკარით და არკალის ხეობის გავლით – ანანურის ციხესთან.

საბჭოთა კავშირის დროს დაისვა საკითხი გზის შემოკლების თაობაზე და გადაწყდა, სამხედრო გზა მდ. არაგვის გაყოლებაზე, ანანურთან, ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში არსებულ ხიდთან გამოსულიყო. მესამე პერიოდი ემთხვევა ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობას – მაშინ იძულებული გახდნენ, გზის დატბორვა თავიდან აეცილებინათ და ახალი გზა გაეჭრათ… ძვ. წ. VI საუკუნეში, დარიალისა და არაგვის ხეობებზე გავლით ხდებოდა სკვითური ტომების მიგრაცია ამიერკავკასიაში. სტრაბონის მიხედვით, აქ გადიოდა ვიწრო და რთული გზა, რომელიც მიუდგომელი კედლით მთავრდებოდა. გზისა და დარიალის კარის გაკონტროლებით ძველთაგანვე დაინტერესებულნი იყვნენ წინა აზიის დიდი სახელმწიფოები. XII საუკუნის I ნახევარში სწორედ ამ გზით გადმოასახლა დავით IV აღმაშენებელმა ყივჩაღთა 45 ათასი ოჯახი საქართველოში.

 

ახლა საქართველოს სამხედრო გზა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგისტრალია. ყოველწლიურად დიდი სახსრები იხარჯება გზის შეკეთებაზე. კასპიისპირა და შავიზღვისპირა სარკინიგზო მაგისტრალების გაყვანის შემდეგ გზის მნიშვნელობა ერთგვარად შემცირდა, თუმცა დიდი იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა I და II მსოფლიო ომების დროს. ზამთრის თვეებში უღელტეხილზე გზა უმეტესად ჩაკეტილია, – გვიყვება ინგა, – ეს ანანურია. სამხედრო გზის უმაღლესი წერტილი ჯვრის ურელტეხილია. იქ, სიონის წვერია, შუა საუკუნეების სადარაჯო კოშკები, თამარის კოშკი. ცოტა მოშორებით, 1804 წელს ხეობის დასაცავად აგებული დარიალის სიმაგრეა. აი, მყინვარწვერი – კავკასიონის ერთ-ერთი უდიდესი მწვერვალი… ლომისა, ცეცხლის ჯვარი, სიონი… აი, გერგეტის სამება“, – საუბრობს ჩვენი გიდი და მთელი გზა რამდენიმე ენაზე მესმის – ღმერთო, ეს რა საოცრებაა, რა ხელმა ააგო.

 

„გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო  და საბჭეო. ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ძველი წყაროებისა და არქიტექტურული სტილის მიხედვით, XIV საუკუნეში უნდა იყოს ნაგები.  მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი – სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული“, – უსმენენ ჩვენი სტუმრები ინგას და ემოციას ვერ ფარავენ. გული დამწყდა, გერგეტის სამებაში ვერ ავედით, ძალიან ცოტა გვქონდა დრო.

 

„აქ ვიმყოფებით კონფერენციის ფარგლებში და გვაინტერესებს ღვარცოფული პროცესები, რომელიც  მიმდინარეობს არაგვისა და თერგის აუზებში. აი, მაგალითად, არ იყო გათვალისწინებული ღვარცოფული პროცესები ლაჟანურის კაშხლის შემთხვევაში, ცაგერის რაიონში და ამჟამად, ლაჟანურის კაშხლის 80%-მდე უკვე მყარი მასითაა შევსებული. ჩვენი მიზანია, ღვარცოფული ნაკადების რეგულირება მდინარეთა კალაპოტებში, რომ ეს ღვარცოფული მასა არ მოხვდეს ძირითად მდინარეებში, იქ, სადაც ჰესებია განთავსებული და, ამგვარად, ჰესებს ექსპლუატაციის პერიოდი გავუხანგრძლივოთ“, – ჩვენს გიდს სერგეი ჩერნომორეცი ენაცვლება – კონფერენციის თანათავმჯდომარე, ღვარცოფების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, მოსკოვის ლომონოსივის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი და უცებ გამოფხიზლდნენ მეცნიერები, თავის სტიქიაში გადაეშვნენ.

 

ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და ბატონ გივი გავარდაშვილთან ინტერვიუს ვიწერთ:

 

– ჩვენ დავათვალიერეთ ჟინვალის ქვანაყარი კაშხალი, რომლის სიმაღლე 102 ია. ჟინვალის კაშხალი მდებარეობს მდ. არაგვზე, დასახლებულ პუნქტ ჟინვალთან ახლოს და ქმნის ჟინვალის წყალსაცავს. წყალსაცავის მოცულობაა 520 მლნ მ3. ჟინვალჰესის პირველი აგრეგატი გაეშვა 1985 წელს, ჰესის საპროექტო სიმძლავრეა 130 მვტ, წლიური გამომუშავება – 484 მლნ კვტ.სთ. წყალსაცავის ძირითადი ფუნქცია ქალაქ თბილისის წყალმომარაგებაა. სერგეიმ უკვე აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ღვარცოფული მასა მდინარეებში ჩამოვიდეს, შეავსოს და წყალი აღარ იქნება კაშხალში, რაც ნიშნავს იმას, რომ ელექტროენერგიასაც ვერ მივიღებთ.

 

– ესე იგი, კაშხალს დახურვა ემუქრება?

– რამდენიმე წელიწადში – კი, იმიტომ, რომ წყალი არ იქნება იქ და ელექტროენერგიას როგორ მივიღებთ? თავის დროზე, პროექტირებისას, არ იყო გათვალისწინებული მეწყრული პროცესები, ღვარცოფული ნაკადები. ყოველთვის წინასწარ უნდა ვსაზღვრავდეთ, ნებისმიერი ნაგებობის, ნებისმიერი საინჟინრო ღონისძიების შემთხვევაში, თუ რა ზიანს ვაყენებთ გარემოს. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მაღალ სტანდარტებს უნდა ითვალისწინებდეს. ხშირია ადამიანთა მსხვერპლი ავტოავარიის დროს, ავტომობილების წარმოება ხომ არავის აუკრძალავს? ხდება ავიაკატასტროფები, მაგრამ თვითმფრინავების წარმოება არავის აუკრძალავს. ამიტომ, უნდა ვეცადოთ მივიღოთ ისეთი ოპტიმალური შედეგი, რომ არც მშენებლობაზე ვთქვათ უარი და გარემოს დაცვაც შევძლოთ. ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, თუ იქნება შეწონილი, გონივრული პროექტი, რის შემდეგაც უნდა დაიწყოს მშენებლობა. ჩვენმა ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობა უნდა შეინარჩუნოს. წარმოიდგინეთ, თუ გაგვეთიშება ენგური, ჩათვალეთ, რომ დანგრეულია ჩვენი ენერგოსისტემა.

 

– თქვენ არაერთი კომისიის წევრი იყავით…

– დიახ, სახელმწიფო კომისიების. ეს ეხებოდა ბორჯომის ტბის ხარისხის და ნიადაგების შეფასებას, ასევე, ვიყავი მდ. ვერეს სახელმწიფო კომისიაში, ვარ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტი. ხშირად ასეც ხდება, რომ გარემოზე ზემოქმედების პროექტში სრულყოფილად არ სრულდება. ამიტომ, პროექტის შესრულებას ზედამხედველობა სახელმწიფომ უნდა გაუწიოს – სწორედ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს, რომ მშენებლობა თავიდან ბოლომდე პროექტის მიხედვით განხორციელდეს. ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა.

 

–  აქვე გკითხავთ, სვანეთის შემთხვევაში როგორაა?

– ჩვენ დავამუშავეთ პროექტი – სოფ. ნაკრას უსაფრთხოება, მდინარე ნაკრას ხეობაში ფორმირებული სტიქიებისაგან. ჰესებს არ ვეხები, საუბარია უსაფრთხოებასა და ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვაზე. დასკვნაში ყველაფერი გავითვალისწინეთ. სხვათაშორის, ნესკრაჰესის მშენებლობის პროცესში, მდინარის წყლის 50-60%, გვირაბის მეშვეობით, ნაკრადან ნესკრეს ხეობაში უნდა გადაიყვანონ. მივეცით რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს სოფელი ნაკრას უსაფრთხოებისთვის, რომ სოფელი დაცული იყოს ისეთი ბუნებრივი კატასტროფებისგან, როგორიცაა წყალდიდობა და ღვარცოფი. რაც შეეხება ჰესებს, ეს ჩვენი პრეროგატივა არ არის. შევთანხმდით, რომ გაითვალისწინებენ პროექტს, რომელიც მოიცავს სოფ. ნაკრას სტიქიური მოვლენებისგან დაცვას. თუ სამუშაოები პროექტის დაცვით შესრულდება, მოსახლეობა დაცული იქნება სტიქიებისგან.

 

– ჟინვალს რა ბედი ელის?

– ჟინვალის კაშხალი კერძო საკუთრებაა – ნებართვა ავიღეთ, რომ ჩვენი სტუმრები აქ მოგვეყვანა. ჟინვალის წყალსაცავის სიგრძე თითქმის 11 კმ-ია, იწყება სოფელ ჟინვალში და მთავრდება ანანურთან. ანანურს ზემოთ მიდის პროცესები და ყველა მათგანი ღვარცოფული ტიპისაა. წყალსაცავის უკანა ნაწილი ღვარცოფული მასითაა შევსებული. ამიტომ, თუ მდ. თეთრი არაგვის წყალმკრებ აუზში არ მოხდება ღვარცოფული ტიპის მდინარეთა რეგულირება, კაშხლის ექსპლუატაციის პერიოდი შემცირდება – თუ, ვთქვათ, ჟინვალის ექსპლუატაციის ვადა 100 წელია, შეიძლება იმუშაოს მხოლოდ 70 წელი. ღვარცოფების ეროზიული პროცესების პროგნოზირება ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურია, მეტიც – სტრატეგიული მნიშვნელობისაა.  ამ პროცესების მართვა-დარეგულირება და ყურადღების მიქცევა ახლაა საჭირო, თორემ მერე გვიან იქნება.

 

– ახლა ყურადღება არ ექცევა?

– ნაწილობრივ. ღვარცოფების შემდეგ ხდება გზების წმენდა, მაგრამ ეს პრევენციული ღონისძიებებია გზის უსაფრთხოებისთვის. უწმინდესის თხოვნით, რამდენიმეჯერ დავარეგულირეთ  მდ. მლეთისხევის კალაპოტი, ანუ, ჩავატარეთ პრევენციული ღონისძიებები. რამდენჯერმე დავსვით საკითხი და ჯერ ვერ მივაღწიეთ მიზანს – გადავარჩინოთ 1876 წელს აშენებული წმინდა გიორგის ეკლესია. და თუ ღვარცოფების რეგულირება არ მოხდება, შესაძლებელია ღვარცოფებმა მთლიანად დაანგრიოს ეკლესია. რა მაძლევს ამის საფუძველს? 2005 წელს წამოვიდა ღვარცოფი, მთლიანად დაფარა ეკლესიის ეზო და შენობაშიც შევარდა. უწმინდესმა მოგვმართა დახმარებისთვის. ჩვენ ეკლესიის ეზოში ღვარცოფულ მასასა და კედელს შორის ადგილი გავწმინდეთ ისე, რომ დავტოვეთ ნახევარმეტრიანი სივრცე იმ მიზნით, რომ ღვარცოფულ მასას, გაყინვის შემთხვევაში, ეკლესიის კედლები არ დაებზარა და შენობა არ დაენგრია. ეს გავაკეთეთ და გადავარჩინეთ ეკლესია. მლეთისხევის ღვარცოფების რეგულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მდინარის სიგრძე 1 კმ-მდეა,  ძალიან პატარაა, მაგრამ ძალიან ავი. მლეთისხევის კალაპოტში, ჩვენი 50-წლიანი სტატისტიკის მიხედვით, 4 წელიწადში ერთხელ მოდიოდა ღვარცოფი, ახლა კი წელიწადში ოთხჯერ მოდის! აი, როგორი სტატისტიკაა დღეს.

 

– რატომ?

– იმიტომ, რომ გააქტიურებულია მთის ფერდობის ჩამონგრევა-ჩამოშვავება, წარმოიქმნება დიდი ოდენობით ინერტული მასა და უხვწვიმიანობას აუცილებლად მოსდევს ღვარცოფი. ეს გამოიწვია ხე-ტყის გაჩეხვამ. როდესაც სამხედრო გზის მშენებლობა და ათვისება დაიწყო, მოსახლეობა ცხოვრობდა მარცხენა მხარეს და კაფავდა ტყეს. როდესაც მთლიანად გაიკაფა ტყე, მოსახლეობა მარჯვენა მხარეს გადმოვიდა და იქაც განაგრძო ტყის კაფვა. ახლა, მდ. თეთრი არაგვის მარჯვენა შენაკადებში ტყე პრაქტიკულად აღარაა, შესაბამისად, გააქტიურებულია ეროზიული პროცესები. ეს კანონზომიერია, სწორედ ასეთ შედეგამდე მივყავართ ტყის გაჩეხვას….

 

მოვდიოდით თბილისისკენ, უკან ჩამოვიტოვეთ უკიდეგანო თავისუფლება და სუფთა ჰაერი, რომელსაც ალაგ-ალაგ შემორჩენილი, გამოხშირული ტყე ჯერ კიდევ აწვდის მთას. გული მწყდებოდა, მხოლოდ ერთდღიანი რომ იყო სამეცნიერო ექსკურსია-სემინარი…

 

 

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: ჩვენ ვემიჯნებით ძალადობას
შემდეგი სტატია„დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს დადგენილია პირი, რომელიც ბრალდებულად არის ცნობილი“