რას „უჩალიჩებს“ ივანიშვილი კალაძეს

რას „უჩალიჩებს“ ივანიშვილი კალაძეს

kaladze-ivanishviliთამაზ მეჭიაურის პარტიის დაფუძნება ბიძინა ივანშვილის ტელემედიასთან შეხვედრამ და „პატრიოტების“ კოალიიცის შექმნამ გადაფარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მეჭიაურის გუნდი პოლიტიკაში თავის სიტყვას მაინც იტყვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახლადშექმნილი პარტია საარჩევნო ბარიერს გადალახავს და ახალ პარლამენტში, მინიმუმ, ფრაქციას შექმნის. სხვათა შორის, ამის შესახებ თავად მეჭიაურის თანაგუნდელებმაც განაცხადეს და ამბიციური განცხადებაც გააკეთეს, რომ არჩევნებში მეორე ადგილზე გავლენ.

 

„ახლა, ვერ გეტყვით, რომ მართლა მეორე ადგილზე გავლენ, მაგრამ ამ პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ დაიწყო, მაგრამ მაშინ მეჭიუარი ახალი პარტიის ლიდერად არ განიხილებოდა. უბრალოდ, გაჩნდა მოსაზრება, რომ საარჩევნოდ უნდა შექმნილიყო ისეთი პოლიტიკური სუბიექტი, რომლის პლატფორმაც მკვეთრად გამოკვეთილ ეროვნული ფასეულობები იქნებოდა და ამომრჩევლის ნაციონალისტურ გრძნობებზე ითამაშებდა. მაშინ, როგორც მე ვიცი, რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა, ვინც ახალ გუნდს სათავეში ჩაუდეგბოდა. ერთხანობას ნანა დევდარიანზე და ელიზბარ ჯაველიძეზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ ეს ორივე კანდიდატურა მალევე „დაიბრაკა“, რადგან არაოფიციალური კვლევების მიხედვით, დადგინდა, რომ ხალხი დევდარიან-ჯაველიძეს არ გაყვებოდა. ამიტომ ახალი ლიდერის ძებნა დაიწყეს. ამასობაში, თამაზ მეჭიაური გააქტიურდა, რომელიც შეიძლება, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ არის ამომრჩევლის კატეგორია, ვისთვისაც მისი იდეები მეტ-ნაკლებად მისაღებია. ამიტომ, მეჭიაურს უფრო მეტი კარდ-ბლანში მისცეს. ტესტმა გაამართლა და ეს ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მეჭიაურმა „ოცნება“ დატოვა და თავისი პარტია შექმნა,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო.

 

ამას გარდა, ჩვენი ინკოგნიტო ანალიტიკოსი მიანიშნებს, რომ მეჭიაურის გუნდის წევრები კარგად არიან შერჩეულები. „თაიმერი“ დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს კარგად შერჩევა, რაზეც ჩვენმა მოსაუბრემ ასე გვიპასუხა:

 

„დააკვირდით, ყველა პერსონა, ვინც ამ ახალ გუნდში ვიხილეთ, საზოგადოებას მუდმივად იმაზე ელაპარაკება, რომ მთავარი ეროვნული ღირსება და მორალია. ზოგადად, ღირსება და მორალი ცუდი არ არის, მაგრამ ეს ორი პოსტულატი განსაკუთრებით სენსიტიური საქართველოშია – ხომ იცით, ქართველებს სულ გვგონია, რომ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო კი არ ტრიალებს, არამედ, ჩვენს გარშემო ბრუნავს, ანუ რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ და ისეთი აზრის დამკვიდრება ხდება, რომ მთელი მსოფლიო ჩვენ გვბერძვის. მეჭიაურის გუნდის წევრები სწორედ ამ თეორიას ანვითარებენ და მუდმივად განგაშის ზარებს არისხებენ, რომ თუ ფხიზლად არ ვიდგებით, ეს „გარყვნილი დასავლეთი“ ქართულ ჯიშსა და ჯილაგს ბოლოს მოუღებს. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ ჩვენს ამომრჩეველზე ასეთი რაღაცები, თუნდაც ემოციურ დონზე, კარგად მუშაობს. აქედან გამომდინარე, პირადად მე, არ გამიკვირდება, რომ მეჭიაურის პარტია პარლამენტში აღმოჩნდეს,“ – აღნიშნავს ჩვენი წყარო, რომელიც ამბობს, რომ ეს ახალი გუნდი ყველაზე რეალურ კონკურენციას ირმა ინაშვილის პარტიას გაუწევს.

 

კულუარულ პოლიტიკაზე საუბრის დროს „თაიმერის“ რესპოდენტი ყურადღებას „ოცნებაში“ არსებულ მდგომარეობაზეც ამახვილებს და განმარტავს, რომ „ოცნებამ“ ბევრი აქტივისტი და მხარდამჭერი სხვადასხვა მიზეზის გამო გაანაწყენა.

 

„შეიძლება, ზუსტად ასე არ იყო, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს, ვინც მეჭიაურთან არიან, უნდოდათ, რომ „ოცნების“ საარჩევნო სიაში ყოფილიყვნენ. ამაზე გარკვეული დაპირებაც მიიღეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, კალაძემ მათ სიაზე უარი უთხრა, ანუ მარტივად რომ გითხრათ, ეს ხალხი განაწყენდა და ახლა შურისძიება ამოძრავებთ. ამას გარდა, ისიც გავიგე, რომ ამ ახალი პარტიის მიმართ სიმპათიები შეიძლება, ყოფლ პრემიერ ღარიბაშვილსაც ჰქონდეს. იმას არ ვამბობ, რომ მეჭიუარის ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იმოქმედებს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნების“ ცალკეული კანდიდატები ან ინიციატივები გააკრიტიკოს და ის მინიშნებაც გააკეთოს, რომ აი, ივანიშვილს ქვეყნისთვის კარგის გაკეთება უნდა, მაგრამ ამის შესაძლებლობას გუნდი არ აძლევს. ზოგადად, ივანიშილი მართალია, როცა ამბობს, რომ ხალხში ნდობა აქვს. მართალია, ეს ისეთი ნდობა და იმედი აღარ არის, როგორიც 2012 წლის არჩევნების წინ იყო, მაგრამ არის საზოგადოების სეგმენტი, რომელიც ფიქრობს, რომ „მეფე“ კეთილია, უბრალოდ, მას სიმართლეს არ ეუბნებიან. სხვათა შორის, ასეთი განწყობის ხალხი ყველა დროში არსებობს. გავიხსენოთ თუნდაც 37 წლის რეპრესიები, როცა ხალხს ხვრეტდნენ, მაგრამ ბევრს სჯეროდა, რომ ამას ბერია აკეთებდა და სტალინმა არაფერი იცოდა. ასევე, მიშას დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ, რომ ბოროტებას მერაბიშილი და სხვები ჩადიოდნენ, თორემ სააკაშვილს ეს რომ სცოდნოდა, ყველას მკაცრად აგებინებდა პასუხს,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც „განაწყენებული ხალხის“ თემას დავით ფაცაციაზე საუბრით აგრძელებს.

 

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ფაცაციას, რომლის მამაც გოგი ფაცაცია სოზარ სუბარის მოადგილეა, თავის დროზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იყო და უნდოდა, რამე დათანმდებობაზე თვითონაც დაენიშნათ, მაგრამ არ გამოუვიდა და გაბრაზდა.

 

„ეს დავით ფაცაცია, როგორც მე ვიცი, თავის დროზე სამეგრელოში „დვიჟენიობდა“ და პარტიაში ტყუილ-მართალი მიჰქონდა, ანუ მარტივად რომ გითხრათ, „ოცნებას“ ამბის მიმტანად ყავდა და პირდებოდა, რომ რამე კარგ თანამდებობას გაუკეთებდა, მაგრამ საბოლოოდ, გამოაბუნძულეს. განაწყენდა და ახლა, ალბათ, შურისძიება ამოძრავებს, – ამბობს ჩვენი წყარო „თაიმერთან“ საუბრის დროს, რომელიც კორცხელის ინციდენტის ივანიშვილისეულ შეფასებასაც იხსენებს, – ივანიშილმა ღიად თქვა, რომ კორცხელი ხელისუფლების შეცდომა იყო. ეს განცხადება ზოგმა ისე გაიგო, რომ ყოფილმა პრემიერმა კალაძეს „დაარტყა“ და აქედან გამომდინარე, კალაძე მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსად აღარ უნდა დაენიშნათ, მაგრამ მგონია, რომ კალაძეს შტაბის უფროსობა გაუჩალიჩეს, ანუ ყველა ხვდება, რომ ამ არჩევნებზე დიდი ცემა-ტყეპა იქნება, მაგრამ ივანიშილი ხელებს დაიბანს, მე რა შუაში ვარ, აი, შტაბის უფროსი კალაძე იყო და პასუხიც მაგან უნდა აგოსო. ჩემი აზრით, კალაძე, თუ ჭკვიანურად არ მოიქცევა, მისი სახელისუფლებო კარიერა ოქტომბრის მერე დამთავრდება და ყველაფერი ცუდი მას შეეტენება. ზოგადად, ყოფილ პრემიერს, როგორც გამიგია, ასეთი გადაბრალებები ახასიათებს.“