რაკეტების მულიაჟი, ყალბი დაკრძალვები – პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ინტერენტ-ფეიკები

პალესტინა-ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავების ფონზე ინტერნეტში ყალბი ან არა ბოლომდე სიმართლის შესაბამისი ვიდეოები ვრცელდება, რომელიც შემდეგ მედიაშიც ჩნდება. “ბიბისის” მონიტორინგის სამსახურმა ასეთი ფაქტები შეისწავლა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბინიამინ ნეთანიახუს მთავრობის წარმომადგენელმა ოფირ გენდელმანმა საკუთარ “ტვიტერზე” რაკეტების სროლის ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით, რომ “ჰამასის” ბოევიკები ისრაელის დასახლებულ რაიონებს ესვრიან. “მათგან მესამედი, 250+ ღაზას სექტორში დავარდა და პალესტინელები მოკლა” – დაწერა მან. თუმცა ვიდეო, რომელიც გენდელმანმა გააზიარა, სირიაშია გადაღებული, ასადის ძალების ოპერაციისას, ქალაქ დარვაში, 2018 წელს. “ტვიტერში” პრემიერის წარმომადგენლის პოსტს “მანიპულაციური” უწოდეს და უარყვეს, კომენტარებში დაურთეს იმის დამადასტურებელი ვიდეოები, რომ კლიპი სირიაშია გადაღებული. კრიტიკის შემდეგ გენდელმანმა ვიდეო აიღო.

“ებრაელი ჯარისკაცის” ვირუსული “ტვიტი” ფეიკია

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა სკრინშოტები, რომელიც თითქოსდა ისრაელის არმიის ჯარისკაცმა გამოაქვეყნა ტექსტით “ჩვენ უბრალდოდ ვაღმერთებთ მოკვლას” და “ახლახანს ჩამოვაგდე ბავშვებზე ბომბი” .

ეს ფეიკია, რომლის დამზადება უფასო პროგრამებით არის შესაძლებელი. გვერდი, რომელიც ფეიკებს ავრცელებს, აშკარად პალესტინელებს უჭერს მხარს.

ღაზაში “მოგონილი დაკრძალვაც” ფეიკია 

ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში 2020 წელს გავრცელდა, მაგრამ სულ სხვა მიზეზით.
რამდენიმე პროისრაელური მომხმარებლის გვერდებზე გამოჩნდა ვიდეო, სადაც, როგორც ისინი ამტკიცებენ, ყალბი დაკრძალვის ცერემონია იყო გადაღებული. ღაზას სექტორის პალესტინელები ყალბ დაკრძალვას აწყობენ, თითქოსდა ისრაელის არმიის ავიაშეტევის შემდეგ დაღუპულების საჩვენებლად, რომ ამით საზოგადოებრივი მხარდაჭრა მოიპოვონ – ვიდეოს გამოქვეყნებისას წერდენენ.

კერძოდ, ის გამოაქვეყნა ისრაელის შს მინისტრის ერთ-ერთმა მრჩეველმა. ვიდეოში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანს მიაქვს დაფა, რომელზეც რაღაც ნივთი დევს. უცებ სირენების ხმა ისმის, ისინი გარბიან, ასევე, დგება და მირბის მათი “მკვდარიც”. “ბიბისიმ” გაარკვია, რომ აღნიშნული ვიდეო 2020 წლის მარტში გავრცელდა. მაშინ მას თან ახლდა იორდანელი მოზარდების ისტორია, რომლებიც გამოგონილი დაკრძალვებით კარანტინის აკრძალვებისთვის თავის დაღწევას ცდილობდნენ.
ვიდეო, ისრაელის გულშემატკივრებმა ასობით გააზიარეს ჰაშტეგით “Palywood” (პალესტინის ჰოლივუდი).

ალ-აკსის მეჩეთში ხანძარი არ ყოფილა 

“ტვიტერში” ისლამისთვის წმინდა მეჩეთში ხანძრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პალესტინის მომხრე ინტერნეტ მომხმარებლებმა ვიდეოჩანაწერი მასობრივად გააზიარეს, ისინი ხანძრის გაჩენაში ისრაელს დებდნენ ბრალს. ვიდეო ნამდვილია, თუმცა, იგივე მოვლენა გადაღებული სხვა კუთხიდან აჩვენებს, რომ ცეცხლი უკიდია არა მეჩეთს, არამედ, მის გვერდით მდგარ ხეს.
ალ-აკსის მეჩეთის კომპლექსი ისლამში მექასა და მედინას შემდეგ მესამე წმინდა ადგილია, თუმცა ტაძრის მთა, სადაც ის მდებარეობს, იუდეველებისთვისაც წმინდაა.
ვიდეოში ხანძრის ფონზე ისმის მამაკაცების გუნდი როგორ მღერის ანტიპალესტინურ სიმღერას. იწვოდა არა მეჩეთი, არამედ მის გვერდით მდგარი ხე. ხანძრის მიზეზი არ არის დადგენილი. ხე მაჩეთიდან 10 მეტრში იდგა, მეჩეთი არ დაზიანებულა.

რაკეტები ღაზაში

კიდევ ერთი პოპულარული ვიდეო რაკეტებით, აღმოჩნდა, რომ “ჰამასის” კონტროლ ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე კი არ არის გადაღებული, არამედ გალილეაში. თვითონ რაკეტები, სავარაუდოდ, მულაიჟია.
ვიდეოში აღბეჭდილია სატვირთო მანქანა, რომელსაც, თითქოსდა ღაზას სექტორში რაკეტები გადააქვს. მის ფონზე ბავშვის ხმა ისმის.

ორიგინალურ პოსტში, რომელიც აშშ-დან, პროისრაელური აკაუნტიდან არის გამოქვეყნებული, წერია: “ჩვენ ისევ ვხედავთ, რომ “ჰამასი” მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცოცხალ ფარს, ისე იყენებს იმისთვის, რომ ებრაელები დახოცოს… მათ იციან, რომ ისრაელი იმის რისკით, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ დახოცოს, მათ არ უპასუხებს”.

“ბიბისიმ” გამოარკვია, რომ ვიდეო “ფეისბუქზე” 2018 წლის 25 ნოემბერს არის გადაღებული წარწერით, რომ ის ჩრდილოეთ ისრაელშია გადაღებული, გალილეაში. 

ორგანიზაცია Bellingcat-ის ექსპერტი არიკ ტოლერი თვლის, რომ ვიდეოზე აღბეჭდილია რაკეტის მულიაჟები, რომელიც სამხედრო მანევრებზე გამოიყენება. აკაუნტიდან მოგვიანებით ვიდეო წაშალეს და ბოდიშიც მოიხადეს.

 

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიბატონი ტარიელ ნაკაიძე ან დატოვებს ევროპულ საქართველოს, ან დატოვებს პარლამენტს, ეს უკვე მისი გადაწყვეტილება იქნება – ბობოხიძე
შემდეგი სტატიანატო მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მოსკოვს ალიანსთან შეხვედრა არ სურს