რაც აქ ხდება, ძალიან შემაშფოთებელია – დიპლომატები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ

ბორდერიზაციის პროცესი გუგუტიანთკარში – ადგილზე დაახლოებით, 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა სამინისტროს წევრებთან ერთად ჩავიდნენ იქ, სადაც რუსი ოკუპანტები მავთულხლართებს ავლებენ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გუგუტიანთკარიდან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში, კაი კაარელსონმა.

„რასაკვირველია, ის, რაც აქ ხდება, ძალიან შემაშფოთებელია არა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში, რაც ანექსიას გულისხმობს, არამედ ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც. ჩემთვის რთულია საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან ყურადღებას საჭიროებს“, – აცხადებს კაი კაარელსონი.

რუსი ოკუპანტების ქმედებების გამო, რომ ადგილობრივების უფლებები ილახება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე, კარლო ნატალეც საუბრობს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილავენ.

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა იმედს გამოთქვამს, რომ სიტუაცია კონფლიქტამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდება.

„თანავუგრძნობ ყველა ოჯახს, რომელიც ამ ვითარების გამო დაზარალდა“, – განაცხადა ელჩმა.

უკრაინის ელჩმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ გამოცხადა მხარდაჭერა.

„უკრაინა ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გაიყვანონ საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან და სრულად შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები“, – განაცხადა უკრაინის ელჩმა.

banner
წინა სტატიაში18 აგვისტოს თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი სამგზავრო მატარებელი დაინიშნა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ განახლებულ პროგრამას, შესაბამისად, გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული