რა მექანიზმებით ათეთრებს რუსულ მილიონებს საქართველოს საპატრიარქო და რა საიდუმლოს ინახავს სუსის ფაილები?! – ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი გეგუჩაძესთან

მილიონობით დოლარი, რომელიც რუსეთიდან, ფარული გზებით, საქართველოს საპატრიარქოს ფონდში ირიცხება, ძირითადად, გამდიდრებულ იერარქებზე აისახება. “რუსული შემოწირულობის” საკმაოდ საშიშ, რელიგით შეფუთულ პოლიტიკურ სვლებს, შესაძლოა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია დააკნინოს. რაც შეეხება იმ მილიონებს, რომელსაც ე.წ. “საპატრიარქო ფონდი” რუსეთისგან იღებს, სუსის ფაილებიდან ირკვევა, რომ საპატრიარქოს ფონდი საერთოდაც, არ არსებობს და ფულის გათეთრება საპატრიარქოს კი არა, პატრიარქის ფონდის მეშვეობით ხდება.

გარდა ამისა, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ 2014-15 წლების ფაილებში საუბარია, იერარქებისა და სხვა კონკრეტული პირების მონაწილეობით საპატრიარქოში არსებულ აგენტურ დაჯგუფებებზე, რომელსაც შორენა თეთრუაშვილი ხელმძღვანელობს და “ქრისტიანული მიზნებისთვისაც” იყენებს.

თუ, გავითვალისწინებთ იმას, რომ სასულიერო სემიანრია-აკადემიაში, საკონფერენციო დარბაზის არ არსებობის გამო, ღია ლექციები სასწავლებლის დერეფანში ტარდება და არც ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი არსებობს. ჩნდება კითხვა, თუ რას ხმარდება, ან სად ქრება ის 25 მილიონი ლარი, რომელიც (ყოველწლიურად) საქართველოს საპატრიარქოს ერიცხება და შემდგომ, საპატრიარქო განაგებს მას. მართალია, ამბობენ, რომ განათლებაში იხარჯება და გარკვეულ ნაწილს, დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე თანხას თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას ურიცხავს, თუმცა, ეს არც სემინარიისთვის საჭირო ინვენტარის არსებობაში ჩანს და მით უფრო, არც სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში არსებულ ვითარებაზე აისახება.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის მიერ, ქართული ეკლესიის 45 წლიან მმართველობაზე, გიორგი გეგუჩაძე “თაიმერთან” ინტერვიუში საუბრობს. თეოლოგი იხსენებს, 1977 წლიდან დღემდე, საქართველოს უახლესი ისტორიის ეტაპებს და ფაქტებით განიხილავს პატრიარქის როლს, როგორც პოლიტიკური, ისე, რელიგიური მიმართულებითაც.

 

– პირველ რიგში, ვისაუბროთ თეოლოგის პროფესიის მიმართ იერარქების დამოკიდებულებებზე: რატომ არ გაღიარებთ საქართველოს საპატრიარქო თეოლოგებად, როცა თქვენი სრული უმრავლესობა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული სემინარია-აკადემიის კურსდამთავრებულები ხართ?!

– დიახ, ეს პროფესია, უკვე დასაცინი და აბუჩად ასაგდები ხდება მათი მხრიდან. თავად, საპატრიარქოს სასწავლებელს მხრიდან გაცემულ დიპლომში დამოწმებულია თეოლოგია, როგორც პროფესია. გამოდის, რომ თავად საპატრიარქო არ სცემს პატივს თავისსავე დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომების ხარისხს, რადგან ისინი არ აღიარებენ იმ წოდებას, რასაც სასწავლებელი გვანიჭებს. შემდეგ კი დაგვცინიან, რომ “ესენი რა თეოლოგები არიან, ეკლესიას მხოლოდ სამი თეოლოგი ჰყავსო”. იგულისხმებიან ეკლესიის მამები: სვიმონ, გრიგოლ და იოანე ღვთისმეტყველები. თუ ასეა, მაშინ ბასილი დიდი ვინ იყო?! იოანე ოქროპირი ვინ იყო?! იოანე დამასკელი ვინ იყო?! მაქსიმე აღმსარებელი ვინ იყო?! ვინ იყვნენ ეს დიდი მამები, თუ არა ღვთისმეტყველები?!

იერარქიასთანდაპირისპირებულიადამიანები, არაერთგზის თავდასხმისა, თუ თავდასხმის მცდელობის ობიექტები გამხდარან. თქვენ, თუ გაქვთ მსგავსი შემთხვევები?!

რა თქმა უნდა,  ამ მხრივ, გამონაკლისი, არც მე არ ვყოფილვარ.  ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირების გამო, უამრავი მუქარისა, თუ დაშინების შეტყობინება მიმიღია სოციალური ქსელის საშუალებით.  მათგან უმრავლესობა ყალბი ექაუნთია. ყველაზე მეტად გამოვყოფდი ორ ფაქტს.  პირველი, ეს არის დაკავშირებული ვანისადა ბაღდათის მიტროპოლიტთან, რომელმაც 2021 წლის ივლისში ჩემი მოძებნა დაცემა დაავალა თავისივე ეპარქიის მღვდელსა და მარჯვენა ხელს, ყოფილმხედრიონელს,  ვინაიდან, მე ის ვამხილე საჯაროდ თავის ფარისევლობასა და ანტიქრისტიანობაში.  მღვდელმა დაიწყო ჩემ შესახებ ინფორმაციების მიძიება, თუსად ვიყავი და რას ვსაქმიანობდი. ის დაუკავშირდა რამდენიმე სასულიერო პირს, რომელთაგან ერთერთი  ჩემს მეგობარ სასულიერო პირთან მეგობრობს და სწორედ, მისი მეშვეობით გავიგე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მან გაიგო ჩემი ადგილსამყოფელი და ვიღაც, ქართველ კრიმინალს დაავალა ჩემი მოძიება დასამაგალითოდ დასჯაისე, რომ მხოლოდ, ეტლით გადაადგილება შემძლებოდა. ასევე გამოვყოფ მეორე ფაქტს, რომელიც უკვე სუსის ფაილებში გვხვდება. ფაილი2019 წლის 8 თებერვლით თარიღდება, რომლის თანახმად, ჩემ მიერ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის გამო, დეკანოზი შალვა კეკელია ეუბნება გიორგი ზვიადაძეს და იღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებას,  რომ ჩემი და კიდევერთი თეოლოგის საკითხი უნდა იქნეს გატანილი წმინდა სინოდზე, რომ აგვიკრძალონ ზიარება, ხოლო შემდეგ სინოდის გადაწყვეტილებას აცნობებენ საბერძნეთის ეკლესიასა და ეროვნულ თეოლოგიურ უნივერსიტეტს, სადაც ჩვენ ვსწავლობთ. მათი აზრით, ასე დაიცავენ ეკლესიის ავტორიტეტს. ეს უკანასკნელი ტერმინი, რას ნიშნავს, არ ვიცი. მათ, სინამდვილეში, ეშინიათ ძალაუფლების დაკარგვის. მე როდესაც ვაკრიტიკებ რომელიმე სასულიერო პირის ნათქვამს, ეს არარის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისთავში, ეკლესიის სწავლების წინააღმდეგ წასვლას გულისხმობს, რაც ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არ ხორციელდებავინმეს შეილება არ მოსწონდეს კონკრეტული ექიმი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისმედიცინის მტერია, ზუსტად ასევეა აქ. სამწუხაროდ, ჩვენმა იერაქრიამ ვერ გაიგოქრისტეს სიტყვები: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური“. ვერ გაიგეს ეს სიტყვები დამაქსიმალურად ცდილობენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, კონკრეტული სასულიერო პირისადმი მიმართული კრიტიკა, ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლად შერაცხონ.

– გადავიდეთ ძირითად საკითხებზე: რამდენიმე დღეში პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდება. ილია II-ს უკვე, კარგა ხანია, ჰყავს მოსაყდრე, შიო მუჯირის სახით. რამდენად კანონიკურად მოხდა მისი გამორჩევა და იყო, თუ არა ეს პატრიარქის მიერ, დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება?!

– საქართველო საპატრიარქო სრულად არის კონტროლირებადი რუსეთის საპატრიარქოს მიერ. იქ, დამოუკიდებლად ვერავინ მიიღებს გადაწყვეტილებას, თვით, პატრიარქიც კი, თუ რუსეთისთვის არ არის მისაღები. თვითონაც კარგად იციან, რომ შიო მუჯირის მოსაყდრედ გამორჩევა, ანტიკანონიკურია. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვათ, რომ მოსაყდრეს ინსტიტუტი, რაც საქართველოს ეკლესიაში არსებობს, მსგავსს ეკლესიის ისტორია არ იცნობს. ეს არის პირველი და უნიკალური, რადგანაც კანონების თანახმად, არ შეიძლება ერთ ქალაქში იყოს ორი ეპისკოპოსი. მეუფე შიო, როგორც პატრიარქის მოსაყდრე, ზის მცხეთა-თბილისის ეპარქიაში. ამ ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი არის ილია II, შესაბამისად, გამოდის, რომ აღნიშნულ ეპარქიაში ორმმართველობაა. ერთადერთი გამამართლებელი არგუმენტი, რაც მოსაყდრეობას ამართლებს, არის ის, რომ მოქმედი პატრიარქი, ან უნდა გარდაიცვალოს, ან უნდა გადადგეს, სხვა შემთხვევაში თანამმართველი ვერავინ ვერ იქნება, კანონიკურად აკრძალულია. ავიღოთ ბერძნული სტილის ეკლესიების მაგალითი. კერძოდ კი, კვიპროსის მთავარეპისკოპოსი რომ გარდაიცვალა, შემდეგ იქნა გამორჩეული და დასახელებული მოსაყდრე.

– რატომ მაინცდამაინც შიო მუჯირი?

– მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევას, წინ უძღოდა საქართველოში ილარიონ ალფეევის ვიზიტი (რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა მინისტრი). ალფეევი 2017 წელს სტუმრობდა საქართველოს, ხოლო მისი ვიზიტიდან ორ თვეში, 23 ნოემბერს, პატრიარქმა უკვე შიო მუჯირი გამოაცხადა მოსაყდრედ ისე, რომ აბსოლუტურად არავინ არაფერი არ იცოდა. შემდეგ, კულუარებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილარიონ ალფეევმა ჩამოიტანა მოსკოვის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქს, მის მოსაყდრედ, შიო მუჯირი უნდა გამოეცხადებინა. საკუთრივ, შიო მუჯირი არის დიმიტრი შიოლაშვილის კანდიდატურა. სუსის ფაილებშ წერია, რომ მეუფე შიოს არ აქვს დასრულებული ბათუმის სემინარია და დიმიტრი შიოლაშვილმა, ისე მისცა დიპლომი, ფაქტობრივად აჩუქა, შემდეგ, ამ დიპლომით წავიდა მოსკოვში, სადაც სწავლა თეოლოგიის მიმართულებით გააგრძელა. მოსკოვში ყოველთვის ხდება ადამიანების გადაბირება და სავარაუდოდ, რაღაცაში გამოჭერილი ჰყავთ, ამიტომაც მოსკოვისთვის მისაღები კანდიდატურაა შიო მუჯირი და თავისთავად ცხადია, რომ პატრიარქსაც მოსთხოვეს მისი მოსაყდრედ გამოცხადება. რამდენად უნდოდა ან, არ უნდოდა პატრიარქს ეს, ამაზე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ერთი ვიცი, რომ ილია მეორეს შიოს გადაყენებაც კი უნდოდა, მაგრამ მღვდელმთავრებმა არ მისცეს ამის უფლება, იმ მიზეზით, რომ ხალხი რას იფიქრებდა და ერს როგორ აუხსნიდნენ მუჯირის მოსაყდრეობიდან მოხსნას. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შიო მუჯირი არის რუსული პროექტი საქართველოში!

ცალკე განხილვის საგანია ე.წ. “მოსაყდრის” ინსტიტუტის ანტიკანონიკურობა, რომლის პრეცედენტი მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში არ არსებობს და ეს გადაწყვეტილება უხეშად არღვევს სხვადასხვა კანონს. მაგალითად: ანტიოქიის 23-ე კანონში ვკითხულობთ: “ეპისკოპოსს არა აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულის მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს რასმე ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება. საეკლესიო წესი, რომელიც ამბობს, რომ ეპისკოპოსის დანიშვნა არ შეიძლება სხვანაირად, თუ არა კრების მიერ და ეპისკოპოსთა თათბირის შედეგად, რომლებსაც აქვთ უფლება, გარდაცვლილის ნაცვლად აირჩიონ ვინმე ღირსი საყდრისა, მტკიცედ უნდა იქნეს დაცული”, ანუ, ამ კანონის თანახმად, მიტროპოლიტ შიოს მოსაყდრეობა ბათილია, ანტიკანონიკურია, არაძალმოსილია. ასევე, მოცემული 34-ე კანონი ხაზგასმით აღნიშნავს: “ყოველი ერის ეპისკოპოსები უნდა ცნობდნენ პირველს მათ შორის, აღიარებდნენ მას, როგორც თავს და თავიანთ ძალაუფლებაზე აღმატებული არაფერი მოიმოქმედონ მისი ნებართვის გარეშე. პირველმაც არაფერი მოიმოქმედოს სხვებთან შეუთანხმებლად, ვინაიდან, ასე აღესრულება ერთაზროვნება და განიდიდება ღმერთი სულიწმიდის მადლით”. პატრიარქმა კი რა გააკეთა?! ისე, რომ არავინ არაფერი არ იცოდა, 2017 წლის 23 ნოემბერს მიტროპოლიტი, შიო “მოსაყდრედ” გამოგვიცხადა. ეს გადაწყვეტილება ასევე არღვევს ნიკეის 1-ლი მსოფლიო კრების მე-8 კანონს და ქალკედონის მე-12 კანონს, რომლებიც გარკვევით ამბობენ, რომ ერთ ქალაქში ორი ან მეტი ეპისკოპოსი არ უნდა იყოს.

– ფაქტია, რომ საქართველოს საპატრიარქო და თვით, ილია მეორეც კი, არასდროს იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც რუსეთისთვის მიუღებელი იქნება…

– რუსეთისთვის ყველაზე დიდი იარაღი, საქართველოს ხელში ჩაგდებისთვის და კონტროლისთვის, არის საპატრიარქო, რომ ის, ჰყავდეს მორჩილებაში. შესაბამისად, მოქმედ პატრიარქს, საპატრიარქოში სჭირდება ისეთი კადრი, რომელიც სრულად გაატარებს მის ინტერესებს. ილია მეორეს 45 წლის განმავლობაში, ერთხელაც არ მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რაც რუსეთთან უთანხმოებაში მოიყვანდა მას. უფრო მეტიც, მე ვთარგმნე, მსოფლიო საპატრიარქოს არქიმანდრიტის, რომანოზ ანასტასიადისის ბრალდება, სადაც ის რუსეთის წარმომადგენელს პირდაპირ ბრალს სდებს, რომ “თქვენ არ აღიარებთ საქართველოს იურისდიქციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზეო” და ამის დასტურად, მან აღნიშნა პატრიარქის ტიტულატურა: “უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი “. რუსეთის ეკლესიას ყველა მის წერილში, პატრიარქის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობა ტიტულატურადან ამოღებული აქვს. ანუ, არ აღიარებენ საქართველოს იურისდიქციას ბიჭვინთასა და ცხუმ-აფხაზეთში. ამის პასუხად რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი პასუხობს: “აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი კათოლიკოსთან შეთანხმებით ხორციელდებაო”. ანუ, აფხაზეთში, რომ ქართული კვალი წაშლილია, ილორის წმინდა გიორგის ტაძარი, თუ სხვები, გამოდის, რომ ყველაფერი ილია მეორესთან შეთანხმებით ხორციელდება. გავიხსენოთ, ილია მეორესა და რუსეთის პატრიარქის შეხვედრა უკრაინაში. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: “ჩვენმა პატრიარქმა სთხოვა რუსეთის საპატრიარქოს, რომ ვინაიდან, ჩვენი სამღვდელოება ვერ შედის და ხელი არ მიგვიწვდება ჩვენს მორწმუნეებთან, რათა განვახორციელოთ ლიტურგია და ევქარისტიის საიდუმლო, შესაბამისად, გთხოვთ, რომ ეს რუსეთმა გააკეთოსო”. გამოდის, რომ ილია მეორემ პირდაპირ გადასცა იურისდიქციისთვის აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის ეკლესიას. ამ ყველაფერს კი ფუთავენ იმ იერით, რომ თითქოს იქ, ხალხი მწყემსის გარეშე იყო დარჩენილი, მაგრამ რეალურად ასე არ არის, რუსეთს არც ეკუთვნოდა იქ შესვლა. კანონიკურად, მსოფლიო პატრიარქთან მოლაპარაკებებიც კი მიდიოდა ამ საკითხზე, რომ სანამ საქართველო პოლიტიკური კუთხით დაიბრუნებდა კონნტროლს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, დროებით, გადასულიყო მსოფლიოს საპატრიარქო იურისდიქციაში და როცა საქართველო აღიდგენდა ტერიტორიულ მთლიანობას, შესაბამისად, იურისდიქციაც გავრცელდებოდა აფხაზეთსა და ცხინვალში, მსოფლიო საპატრიარქო ავტომატურად დაგვიბრუნებდა მას. ამისთვის ყველაფერი მზად იყო და ჩვენ სუსის ფაილებიდან ვიგებთ, რომ აღნიშნული საქმის ამგვარი წარმართვა, პატრიარქის ძმისშვილმა, დიმიტრი შიოლაშვილმა ჩაშალა და ეს იურისდიქცია, საბოლოოდ, რუსეთს გადაეცა. სხვათა შორის, დიმიტრი შიოლაშვილის არსებობა ეკლესიაში, არაკანონიკურია! გამომდინარე იქედან, რომ ნათესავის ხელდასხმას კანონიკა კრძალავს, მისი ეკლესიაში არსებობა კანონის ფარგლებს სცდება. გარდა ამისა, დიმიტრი შიოლაშვილი ცოლოსანი მიტროპოლიტი გახლავთ, რაც არ ხდება არც ერთ ეკლესიაში.

– საინტერესოა, როგორ ააწყო საპატრიარქო სისტემა ილია მეორემ და რა მეთოდები ჰქონდა მას საბჭოთა პერიოდიდან? უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ, ყველაზე კარგად, სად ჩანს, ილია მეორეს მორჩილება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ?

– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბჭოთა ხელისუფლებასთან პატრიარქს არასდროს პრეტენზია არ ჰქონია. ერთი ფაქტიც კი არ ფიქსირდება, რომ შესაძლოა მას საბჭოთა ხელისუფლებასთან რაიმე უთანხმოება ჰქონოდა. ილია მეორე, საბჭოთა ხელისუფლებისთვის გაგზავნილ ერთ-ერთ წერილში ამბობს: “ნებისიერ საკითხს თქვენთან შეთანხმებით განვიხილავ და ნებისმიერ განცხადებას თქვენთან შეთანხმებით გავაკეთებ”. ამის დასტურია ისიც, რომ როდესაც 1983 წელს მღვდელ-მონაზონი, თეოდორე ჩიხლაძე დახვრიტეს (თვითმფრინავის გატაცების გამო), პატრიარქს შეეძლო, წერილობითი ფორმით მიემართა, რომ მღვდელი გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ეს არ გააკეთა მან, რომ ხელისუფლებასთან არ მოსვლოდა რაიმე სახის უთანხმოება, რადგან ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო მღვდელ-მონაზვნის დახვრეტა!

იგივე, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, სადაც პატრიარქის ხელმოწერა არ გვაქვს! ანუ, აღნიშნულ აქტზე პატრიარქის ხელმოწერა იქნებოდა ანტისაბჭოური პოზიცია და ეს არ გააკეთა მან! სულ ყველაფერი, რომ დავივიწყოთ, ამაზე ღია დასტური რა უნდა იყოს, რომ ის საბჭოთა ხელისუფლებას ემორჩილებოდა?!

პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია (რომელიც მოსახლეობამ აირჩია) არ მოსწონდა პატრიარქს. ფოტოებზეც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასადმი. პირველ პრეზიდენტს არათუ, მხარს არ უჭერდა, როდესაც გამსახურდია საქართველოდან წავიდა, შობის წირვის შემდეგ, საპატრიარქოში გაიმართა დიდი ნადიმი, მაგრამ სიხარული არ იყო გამოწვეული შობის დღესასწაულის გამო, არამედ, პატრიარქს ულოცავდნენ, რომ ქვეყნიდან გააძევა ეშმაკი, რომელსაც ზვიად გამსახურდიას უწოდებდნენ. ამ სუფრის თამადა დანიელ დათუაშვილი იყო (ამჟამად, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტი), რომელიც პირადად ულოცავდა პატრიარქს. ილია მეორემ მხარი დაუჭირა მხედრიონს, შემდეგ, მისი ლოცვა-კურთხევით ჩამოიყვანეს ედუარდ შევარდნაძე, რომელთანაც იყო კარგად და სიამ-ტკბილობაში, მაგრამ როცა ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” მოვიდა შევარდნაძესაც უმტყუნა. ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობასთანაც”, რადგან ამ პერიოდში დაიწყო საპატრიარქოს ფინანსური უზრუნველყოფა. ბოლოს უკვე “ნაციონალურ მოძრაობასაც” უმტყუნა და 2012 წელს “ქართული ოცნების” მხარე დაიჭირა. არა მარტო საბჭოთა ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოს არც ერთ ხელისუფლებასთან მას უთანხმოება არ ჰქონია. პოლიტიკურ სვლებს და მის გაიძვერობას ფუთავდა “დიპლომატიით”, რომელსაც სამწუხაროდ და სავალალოდ, ერი ჯერ კიდევ ვერ ხვდება და ამას მის სიბრძნეს მიაწერენ. რაში გამოიხატება მისი ეს განათლება, გონიერება, უსაზღვრო სიბრძნე?! რაიმე სამეცნიერო ნაშრომი აქვს, წიგნები აქვს გამოცემული?! ქადაგებები რაიმე ღირებულს გვეუბნება, თუ რა?! აქვს გაზეპირებული ფრაზები, რომ “ქართველნო ერთად ღვთისაკენ”, “ცოდვილთაგან უპირველესი მე ვარ” და ა.შ.

– ჩვენ ხშირად გვინახავს, შენდობის კვირეულის დროს, მუხლმოდრეკილი პატრიარქი, რომელიც ერს პატიებას სთხოვს…

– აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუხლმოდრეკილი პატრიარქი ერს სთხოვს შენდობას, თუმცა, არასდროს არ აკონკრეტებს რის გამო ითხოვს შენდობას. ამბობს, რომ “მე ვარ ცოდვილი და მაპატიეთ”. ქრისტიანული აქსიომაა, თითოეული ადამიანი დაბადებისთანავე ვართ ცოდვილნი. ილია მეორე, რომ ითხოვს შენდობას, რის გამო ითხოვს?! ის ითხოვს შენდობას იმის გამო, რაც ერს დაუშავა?! თავი დავანებოთ მის სექსუალურ ორიენტაციას, პირად ცხოვრებას და ა.შ. პოლიტიკური კუთხით ვიმსჯელოთ: მან რა დანაშაულიც ჩაიდინა ერის წინაშე 30 წლის წინ, როცა ხერხემალში გადატეხეს ქვეყანა და დღემდე ვერ გამოვედით ამ მდგომარეობიდან, ამაზე მოიხადა ბოდიში?! შევარდნაძე, რომ ჩამოიყვანა და მთელი ერი დააჩოქა აეროპორტში, ამაზე მოიხადა ბოდიში?! ჯაბა იოსელიანს, რომ დაბადების დღეს ულოცავდა და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, ამაზე მოიხადა ბოდიში?! აგვისტოს ომის შემდეგ (რუსეთისგან ამდენად დიდი აგრესია მივიღეთ მთელმა ქვეყანამ, რომელიც დღემდე გრძელდება და უკვე, ორ საუკუნე ნახევარია ამ აგრესიის მსხვერპლნი ვართ), პატრიარქი რას აკეთებს?! გეტყვით რასაც აკეთებს: შემდგომ წლებში გაკეთებული განცხადებებით (ირიბად) ხელისუფლებას ადანაშაულებდა ომის დაწყებაში: “კაპიტანმა უნდა იცოდეს, გემი როგორი სვლით წაიყვანოსო”, ანუ, აქ, უკვე ხელისუფლებას სდებდა ბრალს აგვისტოს ომის დაწყებაში, რასაც შემდგომ უკვე “ქართული ოცნებაც” იმეორებდა.

https://www.youtube.com/watch?v=DibnN3QUUZg

გარდა ამისა, აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე ჩადის მოსკოვში და იქედან აკეთებს განცხადებას, რომ “პუტინი არის თბილი და ბრძენი კაცი და ის დაალაგებს ურთიერთობებს ჩვენ შორის. ეს უთანხმოება, გარეშე ძალების ზემოქმედების შედეგია” და ამ დროს, მე არ ვიცი რა სინდისით და ნამუსით შეუძლია (მას, ან ნებისმიერ პრორუს მღვდელმთავარს), რომ უწმინდესისა და უნეტარესის, კირიონ კათოლიკოსის წინაშე ილოცონ. კაცი მოკლულ იქნა, თავად რუსებისგან, რადგან ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიას ითხოვდა. იგივე, ამბროსი ხელაია, იგივე ილია ჭავჭავაძე. ამბროსი ხელაიამ “გენუის” საერთაშორისო კონფერენციაზე 1927 წელს წერილი გააგზავნა და პირდაპირ ითხოვა, რომ “სასწრაფოდ გაყვანილ იქნეს რუსეთის ჯარები საქართველოდანო” და ეს გააკეთა კომუნისტების პერიოდში. დღეს არ გვყავს კომუნისტები, მაგრამ ოდესმე, ილია მეორეს უთქვამს ან ქადაგებაში, ან სიტყვით გამოსვლაში, ან ინტერვიუში, ოდესმე სადმე უხსენებია, რომ რუსეთი ოკუპანტია?! არათუ, საქართველოსთან მიმართებაში, არც რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშრებით არ გაუკეთებია საპროტესტო განცხადება. საპროტესტო კი არა, განცხადებაც კი არ გაუკეთებია ამასთან დაკავშირებით და შემდეგ თქვა, რომ “ზოგიერთ ქვეყანაში ომიაო!”. ის კი არ უთქვამს, რომ რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და იქ, უდანაშაულო ხალხი იხოცება! ქართველი გმირი ბიჭები, რომ იხოცებიან უკრაინის ომში, გამოდის ხოლმე პატრიარქი და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. არსად არ ამბობს, რომ ისინი, რუსულ აგრესიას ემსხვერპლნენ. პატრიარქი ამბობს, რომ: “მათ მოყვასისთვის გასწირეს თავიანთი სიცოცხლე”.

– თქვენ გაიხსენეთ 30 წლის წინანდელი, რამდენიმე ფაქტი საქართველოს უახლესი ისტორიიდან. პატრიარქის რა წვლილს ხედავთ აღნიშნული პროცესების ამგვარად განვითარებაში?!

– იქედან გამომდინარე, რომ პატრიარქის ავტორიტეტი, მისი ტახტზე ასვლის პირველივე დღიდან იყო ძალიან დიდი, იმიტომ, რომ მას ეს ავტორიტეტი შეუქმნა “კა.გე.ბე”-მ და ამაზე ათწლეულები მუშაობდნენ, მის ერთ სიტყვას შეეძლო აბსოლუტურად შეეცვალა პროცესები. მას, რომ მხარი დაეჭირა გამსახურდიას ხელისუფლებისთვის, მხედრიონი ვერ იპარპაშებდა და ვერ გააკეთებდნენ იმას, რაც გააკეთეს. პატრიარქისგან ლეგიტიმაცია ვისაც ექნებოდა, სწორედ, ის იქნებოდა ხელისუფლებაში. იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის მაშინაც და დღესაც, პატრიარქი ყოველთვის დიდი ფიგურა იყო, რომლის სიტყვასაც, ყოველთვის ჰქონდა წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. სამწუხაროდ, პატრიარქმა არჩევანი ისევ და ისევ კრემლის დაკვეთაზე გააკეთა და ეროვნულ ხელისუფლებას მხარი არ დაუჭირა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის აქტზე, მისი ხელმოწერა არ გვხვდება. ეს იყო პირდაპირი “სიგნალი” იმისა, რომ პატრიარქი გამსახურდიას არ უჭერდა მხარს და ის იდგა ამბოხებული ძალების მხარეს, რომლებიც რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ.

პატრიარქმა 1990 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა განჩინება:
„საგანგებო ბრძანება, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე – ძმათა კვლა“.

თითქოსდა იმედისმომცემი განჩინებაა, რომ მშვიდობა ჩამოვარდებოდა ქვეყანაში, მაგრამ ეს სინამდვილეში აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული, რომ მოსალოდნელ გადატრიალებაში მას არ გამოეყენებინა ძალა, ვინაიდან 1992 წელს, როცა ხუნტამ შეიარაღებითა და სისხლისღვრით დაამხო ეროვნული ხელისუფლება, პატრიარქმა ეს ბრძანება გააუქმა.

https://www.youtube.com/watch?v=vxQU88SlQ-Q

– ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვხედავთ, რომ პატრიარქი არაერთი “დამსახურებით” იწონებს თავს… ანუ, გამოდის, რომ ეს გადაჭარბებულია?!

– მხოლოდ ერთი კუთხით გამოვყოფ ამ საკითხს: ვამბობთ, რომ პატრიარქი აშენებს ტაძრებს. ოდესმე ვინმეს უნახავს, პატრიარქი ფიზიკურად მუშაობდეს ტაძრების აღმშენებლობაზე და ამგვარად იღებდეს მონაწილეობას?! (ახლა ღრმად მოხუცია და ბუნებრივია, თვითონ ვერ მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ ვგულისხმობ წინა წლებს). არავის! მივა რომელიმე ბიზნესმენი და ეტყვის, რომ “უწმინდესო, ჩვენ “აქ” უნდა ავაშენოთ ტაძარი”, პატრიარქიც დასახავს ჯვარს და ლოცვა-კურთხევას მისცემს. ეს არის ღვაწლი?! ეს, ყველას შეუძლია გააკეთოს!

ხშირად გვსმენია: “პატრიარქმა ააღორძინა მღვდელ-მონაზვნობის ინსტიტუტი და ამის გამო, განსაკუთრებული მადლიერება მას”. რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს! აქ, უნდა დავაკვირდეთ, რა არის ხარისხი?! სამღვდელო და სამონაზვნე დასში ხარისხი არის კატასტროფულად დაბალი, აბსოლუტური განათლების გარეშეა სამონასტრო ფენა (ეპისკოპოსები, მიტროპოლიტები, დაბალი რანგის სასულიერო პირები).

ზოგადად, ადამიანის მონასტერში წასვლა, ერთადერთი მიზეზით უნდა ხდებოდეს, ქრისტეს სიყვარულის გამო. შესაძლოა, ვიღაც მართლა წავიდეს ამ მიზნით (მონასტრული ცხოვრებისათვის), მონასტერში მისული კი ყველაფერს პოულობს ქრისტეს გარდა.

სამღვდელო და სამონაზვნე ფენის სიხარულის მთავარი მიზეზი უნდა იყოს ქრისტე და არაფერი სხვა, მათ კი, არააქვთ რა ქრისტესთან მყოფობის შინაგანი გამოცდილება, არააქვთ რა ეს სიხარული, ამის გამო, მოწყინებაში ჩავარდნილნი მატერიალურ კეთილდღეობაში ჰპოვებენ სიხარულს, შვებას. სწორედ, ამიტომ ხარჯავენ ასობით ათას დოლარს მანქანებში, მილიონობით დოლარს რეზიდენციებში და ა.შ. სამღვდელოება და მონაზვნობა, რომ იკრიბება, მათი დიალოგის საგანი არ არის ქრისტე და ეკლესიის სწავლება, არამედ, ვინ სად იყო სამოგზაუროდ, ვის რა მოდელის და რამდენი მანქანა ჰყავს, ვის რომელი ჯიშის ძაღლი/კატა ჰყავს და სხვა.

პატრიარქის დამსახურება ჩემთვის იცით რა იქნებოდა?! ნაცვლად, ამდენი ახლად აშენებული ეკლესიისა, რამდენიმე ძველი ნატაძრალი, რომ აღედგინა. რა დამსახურებებზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა 21-ე საუკუნეში ჩვენს თვალწინ ინგრევა მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – გელათი. ყოველდღიურად, ყოველი წვიმის დროს, ნელ-ნელა ირეცხება ფრესკები!

იგივე, ზნეობრივი მდგომარეობის კუთხით, სადაც არის აბსოლუტური გარყვნილება. ის, რაც ნორმალურმა ადამიანმა, ფანტაზიაშიც კი შეუძლებელია წარმოიდგინოს, სწორედ, ის აღესრულება ეკლესია-მონასტრებსა და სამღვდელოებაში! სუსის ფაილები გადავსებულია მსგავსი შინაარსის მასალებით! სად ჩანს აქ მისი სწორი მოღვაწეობა, მისი “დამსახურებები?!”

წმინდა წერილი ამბობს: “ხე ნაყოფით იცნობაო”. ნაყოფი რა არის, რომ პატრიარქის მოღვაწეობამ და “დამსახურებებმა” გამოისხას სწორი რწმენის ნაყოფი?! მე პირადად ვერ ვხედავ, რადგან მოსახლეობის უმრავლესობას, ვისაც მრევლი ჰქვია, სახარებაც კი არ აქვს წაკითხული.

– ფაქტია, რომ პატრიარქის პიროვნებასა და კულტს, საქართველოს ეკლესიაში ფესვები მყარად აქვს გადგმული. როგორ ფიქრობთ, გაზვიადებულად იფუთება ეს ყველაფერი?!

– ეკლესიაში ცენტრი არის ქრისტე და ყველაფერი ხდება ქრისტეს გარშემო. ქრისტიანული ცხოვრების გვირგვინი არის ზიარება და ზიარება რა არის?! ეს არის ქრისტეში განღმრთობა და მასთან მყოფობა, ცოცხალი ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. ზიარება ეს არის წინასახე, წინა გემოს ხილვა იმ სასუფევლისა, რომელიც მეორედ მოსვლის შემდეგ იქნება. ცენტრი არის ქრისტე და მის გარშემოა ყველაფერი გაერთიენებული და შემოკრებილი – ეს არის ჭეშმარიტი რელიგია. ჩვენთან რა ხდება?! ქრისტე გადაწეულია გვერდზე და ცენტრი არის პატრიარქი. ანუ, ქრისტოცენტრულის ნაცვლად, პატრიარქოცენტრული გახდა ჩვენი ეკლესია. აი, სწორედ, ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რა უბედურებებიც ხდება დღეს ჩვენს ეკლესიაში. სადაც საზომი არის ილია მეორე და არა ქრისტე, სწორედ იქ ხდება ის დანაშაულებები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ილია II-მ, მთელი თავისი ქარიზმა, გარეგნულობა და შნო მოახმარა იმას, რომ ქრისტე ჩაენაცვლებინა ეკლესიაში და საქართველოს ეკლესია პატრიარქოცენტრული გამხდარიყო, ნაცვლად ეკლესიის ისტორიული დანიშნულებისა და ისტორიული მისიისა, რომელიც უნდა იყოს ქრისტოცენტრული. თუ, არ არის ქრისტე, იქ, ეკლესია არ არსებობს!

პატრიარქმა საკუთარი თავი ერს წარმოუდგინა მხსნელად. უამრავ ფრესკაზეა ის გამოსახული და არაერთი ხატია შექმნილი. ხატი, ცოცხალი ადამიანისა! თან, დაუკვირდით ამ ფრესკებზე როგორ არის გამოსახული: წმინდა გიორგი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და ასევე, სხვა ქართველი ეროვნული წმინდანები, პატარა მოცულობით არიან გამოსახულები, თუმცა, ილია მეორე სრული დიდებით არის წარმოდგენილი. ეს უკვე ირიბი, ან პირდაპირი მინიშნება იყო ერისთვის, რომ ის იყო მთავარი გადამრჩენელი. მისი უამრავი ფოტო გვხვდება, როცა პატრიარქი ზის სავარძელზე. ჩვეულებრივი ფოტოა, მაგრამ რა ხდება უჩვეულო?! უკან, მკრთალად შარავანდედი ადგას! არაერთ ფოტოსურათზე ჩანს ეს. ანუ, თავიდანვე აჩვევენ ერს, რომ ეს არის ცოცხალი წმინდანი. როგორ შეიძლება ილია მეორეს ვუწოდოთ ცოცხალი წმინდანი, რომელმაც უზარმაზარი კედელი აღმართა თავის რეზიდენციასა და მრევლს შორის?! როდესაც მილიონი ლარის ღირებულების ბრონირებული ავტომანქანით გადაადგილდება და მიდის სამებაში, რომლის ეზოც სავსეა მოწყალების მთხოვნელი ადამიანებით! მაშინ, როცა პატრიარქის (და ნებისმიერი ქრისტიანის) პირდაპირი მოვალეობაა, რომ სოციალური მსახური უნდა იყოს!

– ქრისტიანული თვალსაზრისით, რა წვლილი მიუძღვის რუსეთს, საქართველოს ეკლესიის ჩამოშლაში?

– კარგა ხანია, რუსეთის ეკლესიას, აღარ მოვიხსენიებ ქრისტიანულ ეკლესიად. იმიტომ, რომ რუსეთის საპატრიარქო აბსოლუტურად ჩაფლულია რუსეთის პოლიტიკის სამსახურში. მაგალითისთვის ავიღოთ, თუნდაც, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რომელიც არასდროს დაუგმია რუსეთის ეკლესიას, არამედ ამ პროცესებს აფასებს, როგორც წმინდა ომს და ბომბებსაც კი აკურთხებენ. იგივე გააკეთეს საქართველოში 2008 წელს.

რაც შეეხება, რუსეთის ეკლესიის დამოკიდებულებას საქართველოს საპატრიარქოსადმი: რუსეთს პოლიტიკურად სჭირდება, რომ საქართველო მისი გავლენის ქვეშ იყოს, ამისთვის კი სჭირდება, რომ საპატრიარქო ჰყავდეს გავლენის ქვეშ. იმიტომ, რომ საპატრიარქოს მეშვეობით აკონტროლოს პოლიტიკური პროცესები საქართველოში. მე ყველაზე მეტად, საპატრიარქოსთან და პირადად, პატრიარქთან იმის გამო მაქვს პროტესტი, რომ ქვეყანა რუსული მიმართულებით მიჰყავს. ილია II-ს იმდენად დიდი ავტორიტეტი აქვს, მოსახლეობა მის სიტყვას აბსოლუტური კრიტიკისა და ანალიზის გარეშე იღებს, რაც განაპირობებს იმას, რომ პატრიარქი თავისი სიტყვით და ძალით, პოლიტიკურ სურათს ქმნის საქართველოში. შესაბამისად, პატრიარქი არის რა პრორუსული ორიენტაციის (კომუნისტების მხრიდან დანიშნული, რასაც შევარდნაძეც აღიარებს ერთ-ერთ ინტერვიუში), მას ქვეყანა მიჰყავს რუსული მიმართულებით. საკუთრივ სინოდში, სრული უმრავლესობა, არის პრორუსული: მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, რომელიც “გერეოს” აგენტების სიაშია მოხსენიებული და სუსის ფაილებში ვკითხულობთ, რომ რამდენიმე ათასი დოლარის სანაცვლოდ, რუსეთის სპეც-სამსახურებს აწვდიდა ინფორმაციას ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.

– საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებში გვხვდება “რუსული გავლენებით” დასათაურებული ფაილიც…

– სუსის მიერ 2014 წლის 2 დეკემბრით დათარიღებულ ფაილებში გვხვდება “რუსული გავლენების” ქვეშ მყოფი უამრავი იერარქის ჩამონათვალი: მიტროპოლიტი, ანანია ჯაფარიძე (მოქმედი მღვდელმთავარი), ფსევდონიმით “კონსტანტინე”; ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი, გიორგი შალამბერიძე, ფსევდონიმით “მუშკუდიანი”; მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი, იგივე “კახელი”; თავად, ილია მეორე, ფსევდონიმით “ივერიელი”; ასევე, დეკანოზი, გიორგი ხარატიშვილი, ფსევდონიმით “ჟოზეფინა”; ასევე, რუსული გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიება, პატრიარქის მდივან-რეფერენტი, შორენა თეთრუაშვილი; მიტროპოლიტი, სერაფიმე ჯოჯუა, რომელსაც რუსეთის საპატრიარქოსთან აქვს, ძალიან ახლო ურთიერთობა (რუსეთის ტერიტორიაზე აკურთხა რამდენიმე ტაძარი და თვლის, რომ საქართველოზე უფრო მეტი სულიერება რუსულ ეკლესიაშია); ასევე, აღნიშნულ ფაილებში იხსენიება, მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძე; მიტროპოლიტი, გერასიმე შარაშენიძე; მიტროპოლიტი, იობი აქიაშვილი, სამარცხვინო, რომელიც მართლმადიდებლური სამყაროს გადარჩენაში, ყველაზე დიდ როლს, რუსეთის ეკლესიიდან ხედავს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ამბობდა, რომ ეს იყო კურთხევა ღვთისა და ის ბომბები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოში ჩამოცვივდა, იყო კურთხეული; ფაილებში ასევე, ხსენებულია ეპისკოპოსი, გიორგი ჯანდელიანი; მიტროპოლიტი ანტონი ბულუხია, რომელიც 1982-87 წლებში რუსეთში სასჯელს იხდიდა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ, გრიგოლ ბერბიჭაშვილთან ერთად. ფაილებშ წერია, რომ მას მრავალი ბიზნესი აქვს მაღაზიებისა და რესტორნების სახით და გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს, კერძოდ კი, არალეგალური სპირტიანი სასმელები შეაქვს რუსეთში და ყიდის, მის ბიზნესზე კონტროლი არ ვრცელდება; ასევე, მოხსენიებულია პატრიარქის ძმისშვილი, მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, რომლის უახლოესი მეგობარი და დამფინანსებელი არის შალვა ბრეული, ცნობილი “კრემლისტი”; მოხსენიებულია ასევე, გრიგოლ კაცია, რომელსაც რუსეთში აქვს ყველაფერი მიღებული; ასევე, იაგუდიელი ტაბატაძე, რომელზეც სუსის ფაილებში წერია, რომ 2000-2002 წლებში ჩრდილოეთ ოსეთში, კავშირი ჰქონდა ნარკობიზნესით დაკავებულ პირებთან; რუსული გავლენების ქვეშ იხსენიება, აწ გარდაცვლილი, სერგი ჩეკურიშვილი ნეკრესელი მიტროპოლიტი; ასევე, შიო მუჯირი; ანდრია გვაზავა; დავით მახარაძე; ასევე, იხსენიება ალექსანდრე გალდავა და ეს ყველაზე დიდი შოკი იყო ჩემთვის, ნამდვილად არ ველოდი და მასზე წერია, რომ ის მეგობრობს პუტინის მოძღვართან ტიხონ შევკუნოვთან და 2014 წელს მას მასპინძლობდა კიდევაც საქართველოში და მისი მოწვევით, რუსეთში აპირებდა წასვლას; ასევე, ეპისკოპოსი, ვახტანგ ლიპარტელიანი არის მოხსენიებული რუსული გავლენების ქვეშ მყოფად, რომელიც შორენა თეთრუაშვილთან ერთად, ცდილობდა შეექმნა სამღვდელოების რაღაც ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა პროდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ. ის თანამშრომლობს რუსეთის ფედერალურ სამსახურთან; ასევე, იხსენიება დეკანოზი ბიძინა გულია, რომელსაც შორენა თეთრუაშვილის დავალებით, რუსეთში უნდა ჩაეტანა თურქეთის რელიგიის მინისტრის მიერ 2014 წელს საქართველოს სამთავრობო წრეებში ჩატარებული შეხვედრების ამსახველი ვიდეომასალა; ასევე, იხსენიება მოძრაობა “დავითიანი”, რომელიც სრულად შორენა თეთრუაშვილს და მის გავლენებს ემორჩილება და ა.შ.

საპატრიარქოში რუსული გავლენების ერთ-ერთი მაგალითია მთავარეპისკოპოს ზენონ იარაჯულის საქმეც. საპატრიარქომ, მეუფე ზენონს არ აპატია ის, რომ მან მხარი დაუჭირა ალექსანდრიის საპატრიარქოს, როცა იქ მოსკოვის საპატრიარქო უკანონოდ შეიჭრა და დააარსა თავისი ეპარქია. უმთავრესი კი, რაც მისი დასჯის მიზეზი გახლდათ, ეს იყო მისი მხარდაჭერა კიევის ეპიფანესადმი, როცა მეუფე ზენონმა ლონდონში ის სტუმრად მიიღო და საერთო პარაკლისი აღასრულეს.

სუს-ის ფაილების თანახმად, მთავარეპისკოპოსი ზენონი არის აბსოლუტურად ამორალური პიროვნება და მისი სასულიერო პირობა არ შეიძლება, ის უნდ ადარჩეს მხოლოდ მონაზვნის წოდებით და აეყაროს ყოველგვარი პატივი, მაგრამ რეალურად, ის თავისი ცხოვრების ამორალური წესის გამო არ დასჯიდა. ასეთებს, საპატრიარქო მხოლოდ აწინაურებს და ასე იყო ზენონიც დაწინაურებული დღემდე, ვიდრე, არ გაიყო მისი და შიოს გზა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის ანტიკანონიკურია და ეპისკოპოსმა ზენონმა ეს თავისი წერილით დაადასტურა კიდეც.

გარდა ამისა, ილია მეორის ხელმოწერით გამოვიდა ბრძანება, რომ ეპარქიაში არყოფნის გამო, მას ჩამოერთვა ბრიტანეთის ეპარქია და შეუნარჩუნეს დმანისი. პარადოქსი ისაა, რომ ეპისკოპოსი ზენონი, რომელიც (როგორც გავრცელდა ინფორმაცია) ბრიტანეთს ჩაბარდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის საბაბით, ის ფიზიკურად იმყოფება ბრიტანეთში და ვერ ჩამოდის დმანისში, საპატრიარქომ კი ჩამოართვა იმ ეპარქიის მმართველობა, სად არის ფიზიკურად და შეუნარჩუნა იმისი, სადაც არ არის.

და რა იქნება შემდეგ?! სავარაუდოდ, სინოდოს სხდომაზე, რომელიც ალბათ ოდესღაც გაიმართება, ზენონს ჩამოართმევენ დმანისის ეპარქიასაც და შეიძლება გაუშვან პენსიაზე და დაატოვებინონ სინოდი, შედეგი კი იქნება ის, რომ შიოს ზენონის სახით ერთით ნაკლები “არა” ექნება მომავალ საპატრიარქო არჩევნებში.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა მოიწვია რამდენიმე მღვდელმთავარი და ისე განიხილეს ზენონის დიდი ბრიტანეთის ეპარქიიდან ჩამოცილების საკითხი. ხელმომწერთა შორის არიან ისეთები, რომელთა გვერდში დგომის იმედიც ჰქონდა ზენონს. შიო ასე, ნელ-ნელა დაერევა ე.წ. “პროდასავლელ” ეპისკოპოსებს და ყველას მიხედავს, რადგან მათ არ აქვთ ერთობა და იმის გამო, რომ საკუთარი სკამი შეინარჩუნონ, ნებისმიერს გაწირავენ.

აქვე დავამატოთ, რა ბრალითაც ჩამოართვეს დიდი ბრიტანეთის ეპარქია ზენონს, ზუსტად იმავე მუხლით შეიძლება თავად შიოს და მიტროპოლიტ ნიკოლოზის დასჯაც, რადგან კანონის თანახმად, ეპისკოპოსს არ აქვს უფლება 6 თვეზე მეტი ხნით დატოვოს ეპარქია. შიოს სრული ტიტულატურა არის ასეთი: “სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტი”. როდის იყო ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ეპარქიაში?! ან მიტროპოლიტი ნიკოლოზი, რომლის სრული ტიტულია “ახალქალაქის, კუმურდოს, კარის და სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი”, როდის იყო ეს უკანასკნელი სამხრეთ ამერიკაში თავისი სამღვდელმთავრო პასუხისმგებლობის განსახორციელებლად?! ამიტომაც ვამბობ, რომ ზენონი დაისაჯა არა იმიტომ, რომ ეპარქიაში არ არის, არამედ იმიტომ, რომ მხარს უჭერს კიევის ეპიფანეს.

– როგორც ვიცი, სუსის ფაილებში, ასევე საუბარია, რუსულ ფინანსებზე, რომელიც საქართველოს ეკლესიას უკავშირდება…

– დიახ, იქ, საუბარია, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიაში მიტროპოლიტ, გიორგი შალამბერიძესა და ამავე ეკლესიის მღვდელთმსახურ, დეკანოზ, იოანე რევიშვილის საქმეზე. 28 მილიონი ევრო, რომელიც შემდეგ იზრდება და ხდება 50 მილიონი, რაც ვინმე მანუჩარის მეშვეობით უნდა გადმოირიცხოს საქართველოში. იცით, რა მაქინაციები ჩაატარეს მათ იმისთვის, რომ ეს თანხა მიეღოთ?! ამ საქმეში ფიგურირებს მონაზონი, ვინმე, ისაია ცეცხლაძე, რომელიც სუსის ფაილებში, არაერთხელ არის ნახსენები და აბსოლუტურად ამორალურ პიროვნებად ხასიათდება: იმისთვის, რომ თანხა მიეღოთ, რაღაც სამშენებლო ფონდიც კი დაარეგისტრირეს. 2015 წლის 31 მარტით დათარიღებულ ფაილში წერია: “ოპერატიული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ მოსკოვიდან აქტიურად ხდება თანხების ჩარიცხვა საპატრიარქოს ფონდში”. იმავე წლის 22 აპრილის ფაილიდან ვიგებთ, რომ ვინმე ს.ჯ.-ს სიტყვებით, მოსკოვიდან მანუჩარმა აცნობა, რომ ურთიერთობა დაამყარეს პირდაპირ “იმასთან” და აქტიურად ხდება თანხების ჩარიცხვა საპატრიარქოს ფონდში. ისაია ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ “საპატრიარქოს ფონდს დიდი ხანია შეუძლია ელექტრონული გზით ნებისმიერი თანხის მიღება”. ანუ, ეს თანხა, რომ გადმოერიცხათ რუსეთიდან, ანგარიში მოსთხოვეს, ამისთვის დაარეგისტრირეს, თითქოს, სამშენებლო კომპანია, სადაც გარკვეული პრობლემების გამო, თანხის ჩარიცხვა ვერ მოხერხდა, შემდეგ მოითხოვეს ელექტრონული ანგარიში, რაც აღმოაჩნდა საპატრიარქოს და ამ თანხების ჩარიცხვა ხდებოდა ეტაპობრივად იქ. 2015 წლის 1-ლი მაისით დათარიღებული ფაილიდან კი ირკვევა, რომ “რუსეთიდან რამდენიმე ათეული ათასი დოლარის გადმორიცხვის საქმეში ჩართულნი არიან შორენა თეთრუაშვილი და ლაშა ჟვანია, რომელიც ამჟამად ისრაელში საქართველოს ელჩია. იმავე წლის (2015) 7 აგვისტოს ფაილიდან ვიგებთ, რომ მანუჩარმა საპატრიარქოს ფონდში დიდი ოდენობით თანხა (1 200 000 დოლარი) ჩარიცხა. კიდევ უფრო მეტად საინტერესო კი ის არის, რომ აღმოჩნდა, საპატრიარქოს ფონდი საერთოდ არ არსებობს და სინამდვილეში არის პატრიარქის ფონდი. წარმოგიდგენიათ, ფულის გათეთრების რა მექანიზმები მოქმედებს საპატრიარქოში?!

– ამ ყველაფერში, ხედავთ, თუ არა, პატრიარქისა და ზოგადად, შიოლაშვილების დინასტიის პასუხისმგებლობას?

– რა თქმა უნდა! სწორედ, რომ პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხია ეს ყველაფერი. მოსკოვის საპატრიარქოს ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეექმნა თავისი სათვისტომო და ამის სანაცვლოდ, სთხოვეს, რომ შექმნილიყო ქართული ეპარქია, სადაც 2014 წლის სინოდის სხდომაზე, გამოარჩიეს მღვდელმთავრად არქიმანდრიტი, დემიტრი თეთრუაშვილი, რომელიც შემდეგ არ აკურთხეს. სულ გამოარჩიეს ოთხი კანდიდატი, აქედან სამი აკურთხეს მღვდელმთავრებად, დემეტრე თეთრუაშვილი კი არა. მე-9 წელია საკითხი ღიაა.

– რატომ არ აკურთხეს?

– ეს მოხდა რუსეთის უშუალო დავალებით, რომელსაც არ აწყობდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ყოფილიყო ქართული ეპარქია, რადგან იქ, ქართული ეპარქია, თავისთავად ცხადია, მრევლს არ გამოკვებავდა რუსული იდეოლოგიით, რადგან მამა დემეტრე ანტირუსული განწყობის მქონე სასულიერო პირია და ასეთი კანდიდატურა, მით უმეტეს, არ აწყობდა რუსეთის ეკლესიას. მას დააბრალეს საშინელი ცოდვა, ჰომოსექსუალიზმისა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, მარტივად, სიტყვიერად. დღემდე ითხოვს დემეტრე თეთრუაშვილი, რომ განიხილონ მისი საქმე, რადგანაც კანონის მიხედვით, თუ არსებობს რაიმე დანაშაული, რომლის თანახმადაც არ შეიძლება ადამიანი იყოს ეპისკოპოსი, არ შეიძლება იმავე ადამიანის მღვდლობაც. იმიტომ, რომ ეპისკოპოსი და მღვდელი ერთსა და იმავე ძღვენს შესწირავს, ერთსა და იმავე მსახურებას აღასრულებს. შესაბამისად, მამა დემეტრე, თუ ასეთია, მღვდლობიდანაც უნდა განიკვეთოს და დარჩეს მონაზვნის სტატუსის მქონედ, ხოლო, თუ არ არის, მაშინ უნდა აღსრულდეს სინოდის დადგენილება. მით უმეტეს, რომ კანონი კრძალავს გამორჩეული ეპისკოპოსის სამ თვეზე დიდხანს დაყოვნებას. წლების განმავლობაში, მამა დემეტრე წერილებს უგზავნიდა საპატრიარქოს და ითხოვდა მისი საქმის გამოძიებას და არასდროს სინოდს ამ თემაზე არ უმსჯელია. ერთხელ იმსჯელეს, შექმნეს კომისია, რომელსაც უნდა გამოეკვლია დემეტრე თეთრუაშვილის საქმე და შედეგები, სინოდის მომდევნო სხდომისთვის უნდა გაეცნო. კომისიის თავმჯდომარედ კი დაინიშნა, ჰომოსექსუალობაში ბრალდებული, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, რომელმაც, არც ის იცოდა, რომ კომისია შექმნა სინოდმა და არც ის, რომ თვითონ იყო ამ კომისიის თავმჯდომარე.

– როგორ შეიძლება საქმის კურსში არ ყოფილიყო?!

– იცით რა ხდება?! სინოდის სხდომა, რომ მთავრდება ხოლმე, მღვდელმთავრები ხელს აწერენ, არა დადგენილებას, არამედ, ცარიელ ფურცელს, შემდეგ ეს ფურცლები მიდის შორენასთან და ის წერს იმას, რაც იმ კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. აღნიშნული სინოდის სხდომიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტი ეკითხება ანანია ჯაფარიძეს, თუ “რა ეტაპზეა დადგენილება, რომლის კომისიის თავმჯდომარეც ხართ და რომელიც დემეტრე თეთრუაშვილს უკავშირდებაო” და მისი პასუხი იყო: “არც კომისიის შექმნა ვიცი, არც თავმჯდომარე რომ ვარ ის არ ვიცი და საერთოდ, ვინ არის დემეტრე თეთრუაშვილი, არც გამიგიაო”. რა აბსურდში ცხოვრობენ, რომ სინოდის სხდომას ესწრებიან იერარქები და არც იციან დადგენილებების შინაარსი. სხვათა შორის, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, არასდროს არ აწერდა ხელს “ცარიელი ფურცლის” ბოლოში. ალბათ, იცოდა რა მექანიზმიც მოქმედებდა ამ მიმართულებით.

– რადგანაც ახსენეთ მეუფე პეტრე, აქვე გკითხავთ, როგორც თეოლოგს: როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანი იყო მიტროპოლიტის დასჯა?!

– კართაგენის მე-12 კანონი პირდაპირ განაჩინებს 12 ეპისკოპოსის შეკრებას ბრალდების განსახილველად, თუ შეუძლებელია დიდი კრების მოწვევა. უფრო შორს მიდის კართაგენის მე-15 კანონი და ამბობს: “ეკლესიის მსახურად განჩინებული თითოეული დასის წარმომადგენელი, თუ გასასამართლებელი გახდეს და გვერდი აუაროს საეკლესიო სამსჯავროს, ასეთს, უნდა აეყაროს პატივი”. ჩვენ კი რას ვხედავთ? უმძიმეს ცოდვაში ბრალდებული პატრიარქი არ იწვევს დიდ სასამართლოს, სადაც მოითხოვდა ბრალდების დამტკიცებას. პატრიარქს სურს, საზოგადოებას საქმის ვითარება იმგვარად გააცნოს, რომ ის არის ცილისწამების მსხვერპლი. დავუშვათ, ეს ასეა და მეუფე პეტრე არის ცილისმწამებელი, მაშ, რა უშლის ხელს პატრიარქს, მოითხოვოს ბრალდების დამტკიცება? იცის რა, რომ ბუნებაში ასეთი რამ არ მომხდარა, როგორ დაამტკიცებს მეუფე პეტრე თავის ბრალდებას და, ამ შემთხვევაში, ხომ ათასმაგად გაიზრდება მისი ავტორიტეტი, რომ ღრმად მოხუცს, რომელიც ლამის ნახევარი საუკუნეა, ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელია, ასეთ მძიმე ცოდვაში დასდეს ბრალი და როგორ შერცხვება მეუფე პეტრე და მისი სიმართლის მხარდამჭერები. მაგრამ არა, პატრიარქმა ყველაზე მეტად იცის, რომ ეს არის სიმართლე და ამიტომ, არ იწვევს საეკლესიო სასამართლოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონი მას ავალდებულებს კრების მოწვევას. აპელირება იმაზე, რომ შეუძლებელია სასამართლოს გამართვა, რომ ის (მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილის თქმით) უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული, არის სრული სიცრუე. მას ავიწყდება, რომ ასეთივე სასამართლო უკვე მოუწყვეს მეუფე პეტრეს, როდესაც პირადად პატრიარქმა (და არა სინოდმა) ის განაყენა. მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი სასჯელის მრავალგვარობაც კი არღვევს მოციქულთა 25-ე კანონს, რომელიც წმ. წერილზე დაყრდნობის საფუძველზე განაჩინებს, რომ არ შეიძლება ერთი დანაშაულის გამო “ორ-გზის შურისგება”. პატრიარქმა კი არათუ ორი, არამედ ოთხი სასჯელი დაადო მეუფეს, კერძოდ: განაყენა მღვდელმოქმედებიდან, ჩამოართვა ეპარქია, გამოიყვანა სინოდის შემადგენლობიდან, განამწესა მონასტერში მოსანანიებლად. მეუფე პეტრეს სინოდიდან გაძევება ანტიკანონიკური გახლდათ სხვა მხრივაც. კერძოდ, გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო კენჭისყრის საფუძველზე, აქ კი გადაწყვეტილება პირადად პატრიარქმა მიიღო. ამას ადასტურებს მეუფე ანტონის და მეუფე ზოსიმეს კომენტარები. მეუფე ანტონმა ტელევიზიაში განაცხადა: “პირადად ვეხვეწებოდი პატრიარქს, არ მიეღო ეს გადაწყვეტილება “, ხოლო მეუფე ზოსიმემ ჟურნალისტის კითხვაზე, უჭერდა თუ არა მხარს მეუფე პეტრეს გაშვებას, პირდაპირ განაცხადა: “ჩემთვის, რომ ვინმეს რაიმე ეკითხა, მე პირადად არავის განყენებას არ დავუჭერდი მხარს”. აქედან გამომდინარე, პატრიარქმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, კენჭისყრის გარეშე მიიღო, რაც სჯულის კანონის თანახმად, არაძალმოსილია, უკანონოა!

– მეუფე პეტრეს საჯაროდ, არაერთხელ უთქვამს, რომ მზადაა საეკლესიო სასამართლოს წინაშე წარსდგეს…

– რა თქმა უნდა, მიტროპოლიტი პეტრე დღესაც, ამ წამსაც მზად არის, წარდგეს საეკლესიო სასამართლოზე, სადაც დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მანამ კი, თანახმად მე-2 მს.კრების მე-6 კანონისა, ის დადებს წერილობით პირობას, რომ ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, თავად დაისაჯოს იმ სასჯელით, რომელიც ბრალდებულს ელოდა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში. მე, რომელსაც მჯერა მისი სიმართლის, ვაცხადებ იგივეს. თუ მიტროპოლიტი პეტრე ვერ დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მზად ვარ, მეც მივიღო იგივე სასჯელი, თუნდაც ეს იყოს განკვეთა და უზიარებლობა ვიდრე სიკვდილამდე. ჩვენ ყველა, მოვითხოვთ საეკლესიო სასამართლოს!

– დაბოლოს, რუსეთის მხრიდან, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ერთმორწმუნეობა მითია, თუ რეალობა?!

– ჩემთვის რუსეთის ეკლესია არ არის ქრისტიანული ეკლესია. ის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტეს ქადაგებასთან. ქრისტემ მისი ცხოვრების წესით გვიჩვენა ადამიანების მსახურება, მან მოიტანა მშვიდობა დედამიწაზე. რუსეთის ეკლესია ვერ იქნება ქრისტიანული, რადგან, ნაცვლად ქრისტეს სწავლებებისა, ის დგას კრემლზე და აბსოლუტურად მიუყვება რუსეთის პოლიტიკის იდეოლოგიას. რუსეთის საპატრიარქო კრემლის პოლიტიკას არაფერში არ ემიჯნება. ამას მოწმობს უკრაინასთან მიმართებით განხორციელებული ქმედებები, მანამდე კი, საქართველოსთან მიმართებაში. ორ საუკუნე ნახევარია ჩვენ გვიპყრობს რუსეთი და გვაქვს უთანხმოება მასთან, ათეულობით ბრძოლა გამოვიარეთ. თავი დავანებოთ პოლიტიკას და ვიმსჯელოთ საეკლესიო კუთხით: 1811 წელს გაგვიუქმეს ეკლესიის დამოუკიდებლობა, რომლის აღდგენისთვისაც საუკუნეზე მეტი დაგვჭირდა და 1917 წელს, როცა კირიონ კათოლიკოსის ხელმძღვანელობით დაიწყო ე.წ. “ავტოკეფალისტების მოძრაობა”, რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლები მაშინ რას ამბობდნენ?! “მოკალით კირიონი, მოკალით ავტოკეფალისტები და დასრულდება საქართველოს ეკლესიის საქმეო”.

საქართველოს ეკლესია მოციქულთა მიერ არის განათლებული და ქრისტიანობა პირველივე საუკუნიდან იქადაგებოდა ჩვენთან. სად იყო რუსეთის საპატრიარქო, როცა საქართველოს ეკლესია არსებობდა?! XI საუკუნის ცნობა, ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის შესახებ საუბრობს. სად იყო რუსეთის ხსენება, რომელმაც 1590 წელს მიიღო დამოუკიდებლობა?! არსად არ იყო! ეს ხალხი გამოდის და პირიქით, ჩვენს მიმართ აქვთ პრეტენზიები.

რაში გამოიხატება რუსეთის ერთმორწმუნეობა?! იმაში, რომ ავტოკეფალია გაგვიუქმეს?! იმაში, რომ ავტოკეფალისტების სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ?! ყველა ეროვნული ადამიანი, ვისაც საქართველო და ქვეყანა უყვარდა, ზოგი დახვრიტეს, ზოგი გადაასახლეს, ქუთათელი მიტროპოლიტი კი ცემით მოკლეს! უამრავი ეკლესია-მონასტრები დაგვირბიეს! ისტორიული წყაროები ამბობენ, რომ ურმებით გაიტაენს ხელნაწერები და დაწვეს! შესაძლოა, რუსებს არ უყვარდეთ ქართველები, მაგრამ რა დააშავა შენობამ, ტაძარმა, რატომ უნდა დაანგრიო ის?!

საქართველოს ისტორია, სრულ კავშირშია ქრისტიანობასთან. რუსეთი რას აკეთებდა მთელი თავისი მოღვაწეობით, განსაკუთრებით, ტრაქტატის შემდეგ?! 1801 წელს საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ცდილობდა, რომ ერისთვის ისტორია მოეკლა, რომ თავისი წარსული დავიწყებოდა ხალხს და ასე გამხდარიყო მისი “მფარველი”. აქედან გამომდინარე, ერთმორწმუნეობა, რა თქმა უნდა მითია! იმიტომ, რომ თუ საღი გონებით შევხედავთ, ქრისტიანულ სწავლებასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის რუსული იდეოლოგია, რომელიც ე.წ. “წმინდა რუსეთის” შესახებ გვიქადაგებს. რამდენიმე თვის წინ, მსოფლიოს წამყვანმა თეოლოგებმა, ოფიციალურ ერესად შეაფასეს ე.წ. “რუსკი მირის” (წმინდა რუსეთის) შესახებ სწავლება. ჩემთვის სამწუხარო და სავალალო ის არის, რომ საქართველოს ეკლესიაც გაჰყვა რუსეთს ამ გზაზე.

მახსოვს, 2016 წელს, როცა აკადემიის სტუდენტი ვიყავი, სინოდის დადგენილებაც გამოვიდა და სიაც გამოქვეყნდა, რომ ჩვენი ეკლესია მიდიოდა კრეტის წმინდა დიდ კრებაზე. ამის შემდეგ პატრიარქი მოულოდნელად ხდება ცუდად, მიჰყავთ საზღვარგარეთ (ჩეხეთში). როცა “ჩამოდის” (მაშინ სემინარიის საერთო საცხოვრებელში ვიყავი), ერთ-ერთი სასულიერო პირი ყველას გვაფრთხილებს, რომ უწმინდესი მობრძანდება სიონში და ყველანი უნდა დავხვდეთ. პატრიარქი შემოდის სიონის ტაძარში, შებრძანდა საკურთხეველში, ეამბორა ხატებს, მობრუნდა და თქვა ასეთი რამ: “ხვალ არის წმინდა სინოდის სხდომა, ვილოცოთ, რომ ყველაფერმა ჩაიაროს მშვიდობით”. ამ დროს, ყველამ ვიცით, რომ პატრიარქი არის უცხოეთში სამკურნალოდ წასული და ბუნებრივად, როცა პატრიარქი უცხოეთიდან ბრუნდებოდა, ყოველთვის საუბრობდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ა.შ. იმ დღეს, არაფერი არ უთქვამს, პირდაპირ თქვა ის, რაც აღვნიშნე. შეიკრიბა მეორე დღეს სინოდი, რომელმაც შეცვალა 10 დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება და ჩვენი ეკლესია არ წავიდა კრეტის კრებაზე. ეს იყო პირდაპირ რუსეთის დავალება, რადგან მას არ სურდა, კონსტანტინოპოლის სიძლიერე, როგორც იერარქთა შორის პირველისა, რომ პირველ საყდრისად დადასტურებულიყო და მეორე გამოვლინება იმისა, რომ რუსული გავლენები ჩვენთან მყარად არის ფესვგადგმული, ეს არის უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი, რომელსაც საქართველოს ეკლესია დღემდე არ სცნობს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარებას ამართლებენ იმით, რომ თითქოს, ამით შემდეგომ რუსეთი აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის ავტოკეფალიების დამოუკიდებლობას, რაც არის სრული სისულელე, იმიტომ, რომ საეკლესიო კანონით, ერთ დამოუკიდებელ ქვეყანაში არ შეიძლება ორი დამოუკიდებელი ეკლესია იყოს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც, შესაბამისად, აფხაზეთსა და ცხინვალს ცალკე არავინ აღიარებს. მსოფლიოს საპატრიარქოს ძალიანაც, რომ უნდოდეს, მაინც არ აქვს უფლება მისი ავტოკეფალია აღიაროს. უწმინდესი ბართლომეუსის სიტყვებია, რომ: “თუ მომიწვევს საქართველოს პატრიარქი, ჩამოვალ საქართველოში, სადაც მიმითითებთ იქ დავდგები და ვიტყვი, რომ აფხაზეთი საქართველოაო”. აკეთებს იგივეს რუსეთის ეკლესია?! რომელ ერთმორწმუნეობაზე გაქვთ საუბარი, ქრისტიანების სისხლით ვერ გამოძღა რუსეთი, ჯერ საქართველოში და ახალ უკრაინაში!

ავტორი: მზეკო ჟვანია

https://www.youtube.com/watch?v=xG6KGXQbkKk&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიდანილოვი: შემდეგი 2-3 თვე გადამწყვეტი იქნება
შემდეგი სტატია“ვუერთდებით ზელენსკის მოწოდებას, საქართველოს მთავრობამ გაუშვას მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ”-სანდუ