,,ქობულია სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის, ალბათ, ასეთი მეთოდი აქვს, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს”

region
ავტ.: region ივნისი 11, 2019 14:10

,,ქობულია სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის, ალბათ, ასეთი მეთოდი აქვს, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა კითხვაზე, რომელიც ქობულიას განცხადებას ეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზემოქმედებასა და ჩარევასთან დაკავშირებით.

ამასთან, გოცირიძის შეფასებით, ქობულიას განცხადება ნიშნავს, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია არსებობს.

„გიორგი ქობულია ახალ-ახალ სიახლეებს პორცია-პორციობით გვაწვდის. ალბათ, ასეთი მეთოდი აქვს, რომ საზოგადოებას არ დაავიწყდეს და ყველაფერს ერთბაშად არ გვეუბნება. ამიტომ, სჯობს, პირდაპირ, მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვას. რა განცხადებებიც მან გუშინ გააკეთა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ელიტური კორუფცია არსებობს, რომ ყველა გადაწყვეტილება რაღაც ჯგუფების სასარგებლოდ მიიღება. ბიუჯეტიდან მილიარდობით ლარი იფლანგება. მილიონობით და ასეულ მილიონობით კი არა, შვიდი მილიარდი მარტო გზებზე და ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა. აქედან, ერთი მილიარდი მოპარულია. ეს ერთი მილიარდი და კიდევ სხვა საბიუჯეტო სახსრები, ასევე სესხებით აღებული უამრავი ფული ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებულ პირებსა და კომპანიებზე ნაწილდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, ასე უნდა თქვას ქობულიამ პირდაპირ და არ ის, რომ რაღაცას კიდევ იტყვის, ან მოვა თუ არა პოლიტიკაში.

„მის მიერ გაკეთებული კარგი საქმე დღეს არსებული სინამდვილის საზოგადოებისთვის გამოტანა და ხალხისთვის თვალის ახელა იქნება. ქობულია უფრო თამამი უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

რაც შეეხება ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებას, რომ რაც უფრო პოლიტიზებული ხდება ანაკლიის პორტის პროექტის საკითხი, პროექტს დაფინანსების მეტი შანსი აქვს, რომან გოცირიძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტზე ქობულია ორაზროვნად საუბრობს, ასევე გაურკვეველია მისი განცხადება ფოთის პორტთან დაკავშირებით.

„ფოთთან დაკავშირებით მისი მინისტრობის პერიოდში იყო განაცხადი შესული და კარგია, რომ ნებართვა მას არ გაუცია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ორი წლის წინ ფოთის პორტის დირექტორის განცხადება, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს არა თუ ორი, ერთი ღრმაწყლოვანი პორტიც კი. ასეთი სულელური განცხადება ჰქონდა გაკეთებული და დღეს უკვე ღრმაწყლოვანი პორტის აშენება მოითხოვა. სინამდვილეში, ეს იყო ბლეფი, ქაღალდზე დაწერილი რაღაც დოკუმენტი შეაგდო, რომ ინვესტორები შეეშინებინა და ანაკლიის პროექტი ჩაეგდო. ფოთის პორტის კომპანიას რუსეთში შვიდი ტერმინალი და უზარმაზარი რუსული ინტერესი აქვს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი შეფასებით, ამ საკითხებზე ქობულიამ უფრო ღიად და ნათლად უნდა ილაპარაკოს.

„ახლა, ანაკლიის პროექტის ჩაძირვის ბოლო სტადიაში ვიმყოფებით“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, რომან გოცირიძემ.

region
ავტ.: region ივნისი 11, 2019 14:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,521
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics