ქართული მხარე ცხინვალს განაღმვითი სამუშაოების ჩატარებას სთავაზობს

„ქართული მხარის შეთავაზება ცხინვალს ერთობლივი განაღმვითი სამუშაობის ჩატარების თაობაზე დღესაც ძალაშია“, – ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ერგნეთში განაცხადა.

კახაბერ ქემოკლიძის თქმით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე ოსური მხარის წარმომადგენლებს არაერთხელ შესთავაზეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ომის შედეგად დარჩენილი საბრძოლო ნარჩენებისა და ნაღმებისგან. განაღმვით სამუშაოებში საერთაშორისო განაღმვითი ორგანიზაციებიც მიიღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ოსური მხარე შეთავაზებას არცერთხელ არ დათანხმდა.

ამ განცხადებით ქემოკლიძე გასულ კვირას მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც ოკუპირებულ სოფელ ავნევთან 22 წლის ახალგაზრდა ნაღმზე აფეთქდა. ოსური საინფორმაციო სააგენტოები წერდნენ, რომ ნაღმი ქართველებმა დატოვეს.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს შესაძლოა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული კომპეტენციები ჩამოერთვას
შემდეგი სტატია“მოსამართლეებს რუსთავი 2-ის გამართლებით შეუძლიათ გადაარჩინონ სასამართლო სისტემაც” – ბაჩუკი ქარდავა