ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2019 12:56

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. დღეისათვის კი საქართველოში სულ მოქმედი 749 537 ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობაა. აქედან, ყველაზე მეტი ქაღალდის პირადობის მოწმობას თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობენ – 175 914; შემდეგ მოდის იმერეთი 125 383; კახეთი – 80 007 და ქვემო ქართლი – 79 947.

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა”, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.

საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 1, 2019 12:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics