ქადაგიშვილი – თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანით მოხდება არა გაყალბების პრევენცია, არამედ აღქმის დონეზე არჩევნების გაყალბების საკითხის მოწესრიგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი საბოლოო ჯამში შეჯერდა. პოზიციები მაქსიმალურად იქნა დაახლოვებული. მომდევნო პარასკევს დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. კანონპროექტი გაეგზავნება ეუთო/ოდირს შეფასებისთვის და საბოლოო შეჯერებისთვის. ყველა ის საკითხი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, ამ კონსულტაციების შედეგად შეჯერდა. ამ კოდექსით მოხდება არა პრევენცია იმის, რომ გაყალბება არ მოხდება, მოხდება აღქმის დონეზეც კი ამის მოგვარება. არავის უნდა დარჩეს რაიმე პრეტენზია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, ეს არის პერსონალური საკითხი, რომელიც ამ კანონპროექტის განხილვის პროცესთან არ არის კავშირში. ეს საკითხი გადაწყდება იმდაგვარად, როცა ახალი კოდექსი შევა ძალაში. ვინ იქნება ამ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ კომისიის თავმჯდომარე, ახალი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყდება. რაც შეეხება თამარ ჟვანიასთან დაკავშირებულ საკითხს, ვფიქრობ, რომ მის წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი როგორც ადამიანის, პიროვნების და ამასთან დაკავშირებით ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა გაიზიაროს”- განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა “ფაიზერთან” ახალი 1,8 მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტს სურს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდეს