ქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც

„მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება და კარგად დაიმახსოვრეთ ეს ამბავი“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი როდესაც ამბობს, არ ზის თურმე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დარბაზში და რატომ ლაპარაკობენ მასზეო, „ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა თუ როგორია „პოლიტიკური ინფანტილიზმი“.

“რას ჰქვია არ ზის. „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არსებობდეს, ყველაფერს აკეთებს იმიტომ, რომ საქართველოში არ არსებობდეს დემოკრატია, ყველაფერს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“ იმისთვის, რომ საქართველოში შექმნას რევოლუციური რეჟიმი და ის პოლიტიკოსები, რომლების ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე, „მომავლისკენ მახედებლები“, „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს თამაშობენ, სწორედ ამ პოლიტიკური ინფანტილიზმით არიან დაავადებულები და მერე უკვირთ, რატომ არ არის მათ მხარეს ამომრჩეველი.

არ არის ისე მარტივად საქმე როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ. აი, ამ დარბაზში ვინც არ ზის, მან საქართველოს კონსტიტუცია, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ რომ მოვიდა, აქცია სუპერპუტინისტურ კონსტიტუციად, და „ქართულმა ოცნებამ“ ის საქმე გააკეთა, რომ ჩვენ საუკეთესო ევროპული სტანდარტების კონსტიტუცია გვაქვს, დღეს სასამართლო გვაქვს, გვქონდა კი პროკურატურის ნოტარიუსი, საგნობრივად თქვით, რომელი კანონია მისაღების სასამართლოს მუშაობის გასაუმჯობესებლად, არ გვინდა ეს სიმბოლოები -მურუსიძე. უამრავი სიმბოლო გავთ შექმნილი, მოკლული, ნაწამები, იმ სიმბოლოებით შეირცხვინეთ ჯერ თავი, ვიდრე ჩვენ რამეს წამოგვაძახებთ.

ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი მეგობრები, კოლეგები ლობისტები და ა. შ. ხშირად გვეუბნებიან, რომ ის რომ ამ დარბაზში არ ზის „ნაციონალური მოძრაობა და მის ფეხს აყოლილი სხვა ოპოზიცია, არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად უნდა კრემლს. დღესაც გვეუბნებიან, ის რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, ყველაზე მეტად ახარებს კრემლს. ცოტა ღრმა ანალიზი გავაკეთოთ, რატომ მოქმედებს მიხეილ სააკაშვილი მუდმივად ისე, რომ შედეგი ახარებს კრემლს. 2008 წელს, 2020 წელს, 2021 წელს. რატომ არის ამ ადამიანის ყველა ქმედება საბოლოო ჯამში კრემლის სიხარული და მიხვდით ერთხელ და სამუდამოდ, რომ ეს არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც და, რა თქმა უნდა, ამას ხედავს საქართველოს მოსახლეობაც. ისევე, როგორც ყველა ავტორიტარიზმი მოდის კეთილი სიტყვით, რეფორმებით და ამთავრებს სრული ძალაუფლებით, და ამ ძალაუფლების ტკბობით და მერე საშინელებებით, და მერე აი ამ „სტოკჰოლმის სინდრომით“ იმორჩილებს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, აი ეს სურათი გვაქვს ჩვენ დღეს, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვერევით, ეს დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

წინა სტატიაშისააკაშვილის პირადი ექიმი: შესაძლოა, ზოგიერთმა ექიმმა გასინჯოს
შემდეგი სტატიაბასილაია: ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე