ბასილაია: ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე

ჩვენ ამ „კლოუნის“ განცხადებებზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ მთელმა ქვეყანამ იცის და ციხის ადმინისტრაციისთვისაც ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს, – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის თქმით, სააკაშვილი „ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტია, რომელიც ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს და მეორე მხრივ, უნდა, რომ ყველამ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე ვილაპარაკოთ“.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ღარიბაშვილმა ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, „სჯობს საქმეს მიხედოს, მათ ძალიან მალე მოუწევთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზით წასვლა“.

„ამავდროულად, მათ ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის და ქილიკობენ ციხეში მყოფ ადამიანზე, პოლიტიკურ ტყვეზე. ჩამოართვეს ზარის უფლება, არ აძლევენ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას და ღარიბაშვილი მოშიმშილე ადამიანზე ასე სამარცხვინოდ ლაპარაკობს“, – აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, შიმშილობის მე-19 დღეს სააკაშვილი დასუსტებული, თუმცა გამარჯვებისთვის შემართულია.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის ის ავანტიურისტი, რომელსაც ყველა მართავს საქართველოს წინააღმდეგ და ამას უნდა მიხვდეს პოლიტიკური კლასიც
შემდეგი სტატიაბუჩუკური – თუ პოლიტიკოსობას ინდულგენციად ვაქცევთ, რიგით მოქალაქეს რა პასუხს ვცემთ