პუტინი – დასავლეთს შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, მაგრამ ნატო-მ არ მოისურვა ჩვენი გაგონება – რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას, ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის განმარტებით, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში რუსეთმა დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების გაფორმებისა და სამართლიანი დიალოგისკენ მოუწოდა, თუმცა როგორც კრემლის ლიდერი აღნიშნავს, ნატო-ს ქვეყნებმა არ გაიგეს მათ მოწოდება.

„გილოცავთ დიდი გამარჯვების დღეს! სამშობლოს დაცვა, როდესაც წყდებოდა მისი ბედი, ყოველთვის წმინდა იყო. გულწრფელი პატრიოტიზმის ასეთი გრძნობით მტერს ებრძოდნენ მოსკოვთან და ლენინგრადთან, კიევთან და მინსკთან, სტალინგრადთან და კურსკთან, სევასტოპოლთან და ხარკოვთან. ასეა ახლაც, ამ დღეებში თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს, რუსეთის უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ ვამაყობთ გამარჯვებულების დაუძლეველი, ბრწყინვალე თაობით და იმით, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და ჩვენი მოვალეობაა მათი ხსოვნის დაცვა, ვინც გაანადგურა ნაციზმი, ვინც მემკვიდრეობით გადმოგვცა, რომ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გლობალური ომის საშინელება არ განმეორდეს. ამიტომ, საერთაშორისო დონეზე არსებული ყველა უთანხმოების მიუხედავად, რუსეთი ყოველთვის გამოდიოდა თანასწორი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერით. სისტემის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის.

გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ გაგვეფორმებინა უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმება, რუსეთი მოუწოდებდა დასავლეთს სამართლიანი დიალოგისა და გონივრული კომპრომისული გადაწყვეტის ძიებისკენ ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებით. ყველაფერმა ფუჭად ჩაიარა, ნატო-ს ქვეყნებმა არ მოისურვეს ჩვენი გაგონება. ეს იმას ნიშნავს, რომ სინამდვილეში, მათ ჰქონდა სრულიად განსხვავებული გეგმები და ჩვენ ამას ვხედავდით. ღიად მიმდინარეობდა დონბასში მორიგი სადამსჯელო ოპერაციისთვის მზადება, ჩვენს ისტორიულ მიწებზე შეჭრა, მათ შორის, ყირიმში. კიევში საუბრობდნენ ბირთვული იარაღის შესაძლო შეძენაზე. ნატო-მ დაიწყო აქტიური სამხედრო მოცვა ჩვენს სიახლოვეს მდებარე ტერიტორიების, აქედან გამომდინარე, იქმნებოდა ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი საფრთხე, მათ შორის, უშუალოდ ჩვენს საზღვრებთან. ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ შეტაკება ნეო-ნაცისტებთან, ბანდეროველებთან, ვისზეც აშშ-მ და მისმა კომპანიონებმა დადეს ფსონი, იქნებოდა გარდაუვალი. ვიმეორებ, ჩვენ ვხედავდით, როგორ ვითარდებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურა, როგორ დაიწყეს მუშაობა ასობით უცხოელმა მრჩეველმა, მიმდინარეობდა ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდება ნატო-ს ქვეყნებიდან, საფრთხე იზრდებოდა ყოველდღიურად. რუსეთმა პროაქტიულად უპასუხა აგრესიას. ეს იყო იძულებითი, დროული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სუვერენული, ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყნის მხრიდან“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

წინა სტატიაში“არ ვიცი, მიმართეთ პენიტენციურს” – ღარიბაშვილი სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე
შემდეგი სტატიარუსებმა “აზოვსტალის” ქარხანაზე შტურმი განაახლეს