პროკურორი – რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს ადამიანის მოსაკლავად უნდოდა, დადასტურდა

პროკურორის განმარტებით, მოსამართლემ დეკანოზის ბრალი მოტივის გამო გადააკვალიფიცირა და დაადგინა, რომ გიორგი მამალაძეს განზრახული ჰქონდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით.

როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ პროკურატურა გადაწყვეტს გასააჩივროს თუ არა განაჩენი მოტივის ნაწილში. პროკურორმა აღნიშნა, რომ დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძეს ციანიდი ადამიანის მოკვლისთვის სურდა.
„მოსამართლემ ჩათვალა, რომ მკვლელობა იგეგმებოდა შურისძიების მოტივით, შესაბამისად, გადაწყვეტილება არის შემდეგი – პატრიარქის მდივან რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა შურისძიების მოტივით. მთავარი არის, რასაც ვამტკიცებდით ამ დროის მანძილზე, რომ ციანიდი გიორგი მამალაძეს უნდოდა ადამიანის მოსაკლავად, დადასტურდა“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა – ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ, ასევე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალში. მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზს 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით უფრო მაღალმა სასჯელმა შთანთქა უფრო დაბალი და საბოლოოდ, გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშითორნიკე მამალაძე მოსამართლეს – მონა ხარ მოსამართლე, არაკაცი ხარ
შემდეგი სტატიაამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ საქართველოში სასამართლო არ არსებობს