პროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, მის მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2017 17:50

პროკურორი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 27 თებერვალს დაიკითხება, მის მიმართ ბევრი შეკითხვა არსებობს

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ დრომდე, დუმილის უფლებით სარგებლობს და გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

„დაკავების შემდეგ, მას ხუთჯერ შევთავაზეთ დაკითხვა, თუმცა ყველა ჯერზე უარი თქვა ჩვენების მოცემაზე. გარდა დაკითხვისა, ბრალდებულს არაერთხელ მივმართეთ ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად. მას 14 თებერვალს შეეთავაზა ნებაყოფლობით მოეცა ხმის, ხელწერისა და ე.წ. დნმ-ის ნიმუშები, რაზეც უარი განაცხადა. შემდეგ უკვე სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არაერთხელ შევთავაზეთ თუმცა კვლავ უარი მივიღეთ“, – აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, თუ დაკავებული დეკანოზი ჩვენების მიცემაზე კვლავ უარს არ განაცხადებს, მისი დაკითხვა ორშაბათს, 27 თებერვალს მოხდება.

„დეკანოზი მამალაძე ორშაბათს დაიკითხება. საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, მის მიმართ არსებობს ბევრი შეკითხვა და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა თქმა უნდა, კვლავ უარს არ იტყვის დაკითხვაზე”, – აღნიშნა პროკურორმა.

ჯარჯი წიკლაური დაცვის მხარის ბრალდებას იმის შესახებ, რომ თითქოს გამოძიება დეკანოზის დაკითხვის პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს, სიცრუეს უწოდებს და აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს.

„ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება, რომ თითქოსდა ჩვენ პროცესს ვაჭიანურებთ, სიცრუეა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. არსებული ვითარების გათვალისწინებით, 24 თებერვალს, ბრალდებულს კვლავ შევხვდით ექსპერტიზისთვის ნიმუშების ასაღებად, რაც მისი ვალდებულება იყო, რომ მოეცა. ბრალდებული დაკითხვაზე უარის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა, მაშინ როცა ექიმმა მოგვცა თანხმობა, რომ მას საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეეძლო“, – განაცხადა პროკურორმა.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. მასთან გუშინ ხმის, ხელნაწერისა და დნმ-ის ნიმუშების ასაღებად, პროკურატურის გამომძიებლები იმყოფებოდნენ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს. ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მტკიცებით, მამა გიორგი მამალაძე შესაძლოა, უქმე დღეების გავსლის შემდეგ, ორშაბათსაც არ დაკითხონ.

news
ავტ.: news თებერვალი 25, 2017 17:50