პრეზიდენტს არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება მის ხელშია, კრიმინალებს თუ შეიწყალებს, არ უნდა შეწუხდეს ქართველი ერი ამისთვის პასუხს თუ მოსთხოვს – წულუკიანი

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით, და ვმსჯელობთ ფაქტებით, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ევროკავშირის პარლამენტი არ არის ის ორგანო, რომელიც იღებს გაწევრიანების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ქართველ ხალხს, ვინც თქვენ, ხანდახან რა თქმა უნდა, უნებლიეთ შეგყავთ შეცდომაში და წარმოაჩენთ ისე, თითქოს ევროკავშირის პარლამენტი წყვეტს წევრობის საკითხს. არა ბატონებო და ქალბატონებო, ევროკავშირის პარლამენტი არ იღებს გადაწყვეტილებას, ეს არის საკანონმდებლო ორგანოებისგან შექმნილი ასამბლეა საპარლამენტთაშორისო, რომლებსაც პირდაპირი გზით ირჩევენ ევროკავშირის ამომრჩევლები და სწორედ მათ ეძლევათ ხოლმე ასეთი ფორმით, როგორც ჩვენს პარლამენტში პირდაპირი გზით არჩეული დეპუტატები, ზოგს ასეთი აზრი აქვს, ზოგს ისეთი. სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე ევროპელი ამ ევროპარლამენტში, რომელიც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით, და ვმსჯელობთ ფაქტებით, მათ შორის დარწმუნებული ვარ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტმაც იცის და ბავშვმაც კი, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ეს იმდენად დიდია, რომ თქვენი არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი ეთერი ამის ჩამოთვლას არ ეყოფა. შესაბამისად, დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს, რომელიც ვერ გათავისუფლდება, ვიდრე არ მოიხდის იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდეგ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს.

პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის ასი პროცენტით მის ხელში, ამიტომ ველოდებით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი, თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც შეწყალება ჰქვია კრიმინალების, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს თუ ქართველი ერი მას ამისთვის მოსთხოვს პასუხს“, – განაცხადა წულუკიანმა.

წინა სტატიაშირუსეთმა მელიტოპოლსა და ხერსონში რუსული პასპორტების დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – კანდიდატის სტატუსს მხოლოდ უკრაინა და მოლდოვა თუ მიიღებენ და საქართველო ვერ მიიღებს, მოვითხოვ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას