პრეზიდენტი: სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს სახალხო არტისტ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

„სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეულ გივი ბერიკაშვილს უკანასკნელ გზაზე ხალხის დიდი სიყვარული და აღიარება მიჰყვება.

სიხარული, რომელსაც იუმორითა და ჰუმანიზმით გაჯერებული მისი თეატრალური თუ კინოროლები გვანიჭებდა არაერთ თაობას, ჩემი ბავშვობის საუკეთესო მოგონებათა რიგს ეკუთვნის.

ბატონი გივის აქტიური და მართალი სამოქალაქო პოზიცია იმავე ენერგიით იკვებებოდა, რითაც მისი შემოქმედება – ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულით. წინასაარჩევნო პერიოდში მისი თანადგომა განსაკუთრებით ძვირფასი და გამამხნევებელი იყო ჩემთვის.

ქართულ საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ მის ნათელ ხსოვნას“, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსახიობი კლინიკა “მედი ქლაბში” ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.

გივი ბერიკაშვილს 15 მაისს, 84 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა
შემდეგი სტატიაქრონიკული დაავადების მქონე 600 ათასამდე ადამიანი 30-მდე მედიკამენტს უფასოდ მიიღებს