პრემიერი – გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად

გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად – ამასთან, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატოსთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით, – ამის შესახებ მთავრობის საქმიანობის შესახებ პრემიერის წერილობით მოხსენების იმ ნაწილშია აღნიშნული, სადაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ ნაბიჯებზეა საუბარი.

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, საანგარიშო პერიოდში „საქართველო აგრძელდებდა შეუქცევად, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად“.

რაც შეეხება ნატო-სთან თანამშრომლობას, მოხსენების თანახმად, დინამიკურად ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების მეშვეობით.

„ალიანსმა შეიმუშავა 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. 2022 წლის აპრილში კი შემუშავდა საქართველოს 2022 წლის რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსია და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 5 სხდომა.

გაგრძელდა აქტიური მუშაობა ნატოს 2022 წლის სამიტზე საქართველოს დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად. ქართული მხარე მართავს აქტიურ კონსულტაციებს, რათა მადრიდის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ადეკვატურად იქნეს ასახული. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების პროცესში, რომელიც უნდა დამტკიცდეს მადრიდის სამიტზე“,- ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უმაღლეს ნიშნულზეა აშშ-სთან თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

„საქართველოსადმი აშშ-ის ურყევი მხარდაჭერისა და რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, აშშ-ის ინტერესისა და ჩართულობის მორიგი დემონსტრირება იყო 2021 წლის 19 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა „საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივას“, რითაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა“,- აღნიშნულია პრემიერის მოხსენებაში.

წინა სტატიაშიცარიელი ევროკავშირი რად გვინდა, თუ შიგნით სიმშვიდე არაა – მეუფე იაკობი
შემდეგი სტატიათბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს