პრემიერ-მინისტრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პრემიერმა ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სასამართლოს დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას, ასევე – მიმოიხილეს სასამართლოს საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელი სხვადასხვა ღონისძიებები.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობის ზრდას და დაიგეგმა გარკვეული მატერიალურ-ტექნიკური ხასიათის აქტივობები, მათ შორის მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის დანერგვა; ასევე – საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის მუშაობის ეფექტურობის ზრდასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სასამართლოს ადამიანის უფლებათა დაცვის კონსტიტუციური ფუნქციის სრულფასოვნად შესრულებაში დაეხმარება.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესის სამზადისთან დაკავშირებული საკითხები, რომლის გამართვა 2017 წლის ივნისში ბათუმში იგეგმება.

პრემიერ-მინისტრისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმექსიკაში 300 ადამიანის მკვლელობაში ყოფილი მერი დაადანაშაულეს
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნოდ გამოირჩეოდით აგრესიით და სიძულვილით, ასევე აპირებთ?” -ტუღუშმა კობახიძეს მიმართა