პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიულ პროექტს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა პროექტის მიმდინარეობის დინამიკაზე იმსჯელეს და პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

ასევე, განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებული ინტენსიური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს დაუდასტურა მზადყოფნა, საქართველომ კვლავაც შეიტანოს წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველო აფასებს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან და სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია