პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

„ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით. დღეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება. ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს, ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებით და პრაქტიკით. ზოგიერთი დღეს ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი.

დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის. კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება. არავის, თუნდაც ძალიან მდიდარ ქვეყნებს, არ აქვთ არც მზა გამოყოფილი ფინანსური რესურსები, არც სასწაულმოქმედი კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეძლო და ერთ-ერთმა პირველმა მიმართ საერთაშორისო საფინანსო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს. ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება კრიზისი დაძლევის გეგმა. ამ დღეებში მთავრობისგან ამ გეგმის პრეზენტაციას ველოდებით და მაქვს მოლოდინი, რომ იგი უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. სოლიდარობისთვის ყველა მზად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როდესაც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ