ნათია მეზვრიშვილი : სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ვხელმძღვანელობდით, როდესაც პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით მივმართეთ

კარგად ვაცნობიერებთ, რომ შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული; სწორედ ლეგიტიმურობა და პროპორციულობა იყო ის მთავარი პრინციპები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს მივმართეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინადადებით, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას უყრიან კენჭს.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილების მთავარი მიზანი იყო ვირუსის გავრცელების შენელება და ამ გზით მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

„ყველას კარგად გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხებთან დაკავშრებით არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა. რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული. ამოსავალი, უპირველესი ლეგიტიმური მიზანი გახლდათ ვირუსის გავრცელების შენელება და შესაბამისად, ამ გზით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. რაც შეეხება პროპორციულობას, აქაც საკმაოდ თანმიმდევრული იყო ხელისუფლება. საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად პრეზიდენტს მივმართეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოვწურეთ ვირუსის გავრცელების პრევენციის სხვა ნაკლებად შემზღუდავი საშუალებები. ამიტომ, კითხვის ნიშნები, რამდენად თანმიმდევრული იყო ნაბიჯები ამ მიმართულებით, წესით, არ უნდა არსებობდეს. ჩვენ მას შემდეგ მივიღეთ დამატებითი ზომები, რაც შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციებით სიტუაციის კონტროლის ყველანაირი შესაძლებლობა და რესურსი პრაქტიკულად ამოვწურეთ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამეტს, ასევე ვირუსთან წინა ხაზზე მებრძოლ ექიმებს, პოლიციელებს და იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს.

„მინდა დავიწყო მადლობით პარლამენტის მიმართ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდეტის მიერ 2020 წლის 21 მარტს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, რამაც ჩვენ ყველას მოგვცა შესაძლებლობა იმისა, რომ თავიდან აგვერიდებინა საკმაოდ მძიმე შედეგები და მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ მაქსიმალურად შეგვეწყო ხელი ვირუსის გავრცელების შენელებისთვის. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს პრეზიდენტს. ასევე საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას ვუხდი იმ ექიმებს, პოლიციელებს და ყველა ადამიანს, რომელიც ვირუსთან ბრძოლის საქმეში პრაქტიკულად წინა ხაზზე იბრძვის. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მთელი ამ დროის განმავლობაში, არა მხოლოდ 21 მარტიდან, არამედ მანამდეც, მაღალი სამოქალაქო შეგნება გამოიჩინეს და ემორჩილებოდნენ როგორც მთავრობის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისე საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებს, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეგვენელებინა ვირუსის გავრცელება და ადრეული პრევენცია მოგვეხდინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის, კრიზისიდან გამოსვლა ყველა ქვეყანაში მძიმე და რთული იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილი: ახალა არის კონსოლიდაციის საჭიროება და არა პოლიტიკური სპეკულაცია და პოპულიზმი