პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ სმოლენსკის კატასტროფის დღეს დონალდ ტუსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული შეხვედრის ამსახველი კადრები გაავრცელა

პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა 2010 წელს გადაღებული ვიდეო, რომელიც დონალდ ტუსკის, ვლადიმერ პუტინისა და სერგეი შოიგუს შეხვედრას ასახავს. კადრები სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს მომხდარი ავიაკატასტროფიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ტრაგედიის ადგილასაა გადაღებული.

დონალდ ტუსკი მაშინ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემირ-მინისტრის, ხოლო სერგეი შოიგუ რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრის თანამდებობებს იკავებდნენ.

ვიდეოკადრების გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღის ადრე პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა გამოცემა Gazeta Polska-სთან ინტერვიუში 2010 წელს დონალდ ტუსკსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული “საიდუმლო შეხვედრის” შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება შეხვედრის ვიდეოჩანაწერს ფლობდა. მაჩერევიჩმა აღნიშნა, რომ დონალდ ტუსკს აქამდე არასდროს უხსენებია საჯაროდ, რომ მსგავსი შეხვედრა შედგა.

ჩანაწერში ჩანს, რომ რუსული მხარე პოლონეთის მაშინდელ პრემიერს ავიაკატასტროფის დეტალებზე ესაუბრება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მტკიცებით, ვიდეოჩანაწერში გაჟღერებული მონაცემები განსხვავდება პოლონეთისა და რუსეთის საგამოძიებო კომისიების მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებული ანგარიშებისგან.

შეგახსენებთ, პოლონეთის ხელისუფლებამ სმოლენსკის ავიაკატასტროფის ხელახალი გამოძიება დაიწყო. სექტემბერში გამოქვეყნდა განმეორებითი გამოძიების შუალედური შედეგები. პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, პოლონური და რუსული მხარეების მიერ აქამდე გამოქვეყნებული ანგარიში გაყალბებული იყო.

თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და სხვა მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, 2010 წლის 10 აპრილს რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან განიცადა კატასტროფა. პოლონეთის დელეგაცია კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე დასასწრებად მიემგზავრებოდა.

თვითმფრინავში მყოფი 96 ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის შსს-ის ავიაკატასტროფების გამოძიების სახელმწიფო ავიაციის კომისიამ ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზად ეკიპაჟის შეცდომა დაასახელა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ყველა სისტემა კატასტროფამდე ნორმალურად მუშაობდა.

https://youtu.be/kaYCbffhnYQ

 

banner
წინა სტატიაშიდაშავებული სამხედროები ინგოროყვას კლინიკასა და კლინიკა „ტრავმატოლოგში“ გადანაწილდებიან
შემდეგი სტატიაცესკო: სამართალდამცავები შესაძლო დარღვევების ვიდეომასალით უნდა დაინტერესდნენ