პოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ მომხდარ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს
დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს.
მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს,
თბილისში, სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე
საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენიმე გასროლა
განახორციელა.
სამართალდამცველებმა ა.რ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში
მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6
გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. დაკავებული ჩადენილ
დანაშაულს აღიარებს.
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციისთვის მიკუთვნებულ ბიულეტენებს საეჭვოდ ცნობდნენ და აბათილებდნენ- ბურდული
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უარი თქვან გაყალბებაზე