გიორგი ვაშაძე – მოვუწოდებ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, უარი თქვან გაყალბებაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მმართველი გუნდის მხრიდან შედეგების გაყალბებით გამოწვეული ოპოზიციის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება და მათი მოთხოვნა შესრულებამდე ძალაში დარჩება.

ვაშაძე მხარდამჭერებს პროტესტის გამოხატვის მიზნით, 8 ნოემბერს 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე იწვევს, ხოლო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს კი მოუწოდებს თანამდებობები დატოვონ და უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა.

„ჩვენი მხრიდან პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. პირველ რიგში, ყველას მინდა მოვუწოდო, თითოეულ მოქალაქეს გამოვიჩინოთ ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და 8 ნოემბერს, 15:00 საათზე ყველანი შევიკრიბოთ რუსთაველის გამზრიზე, პარლამენტის წინ და ერთად გამოვხატოთ პროტესტი მოპარული ხმების გამო.

საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია ფაქტობრივად, სარჩელებს არა თუ არ აკმაყოფილებს, არცერთი სარჩელი არც კი, განუხილავს. ისინი გადაწყვეტილებებს არ გვაძლევენ იმ მიზნით, რომ ვერ მოხერხდეს აღნიშნული სარჩელების დროულად გასაჩივრება სასამართლოში. ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს მაინც მივყვებით, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ჩვენ ამ გაყალბებულ შედეგებს არცერთ შემთხვევაში არ შევეგუებით და გავაგრძელებთ პროტესტს. საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კი, მოვუწოდებ, დაწერონ განცხადება, დატოვონ საკუთარი თანამდებობები და ნუ აწერენ ხელს, უარი თქვან გაყალბების იმ უზარმაზარ მექანიზმზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩამოაყალიბა, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ სოლოლაკში ბიზნესცენტრის მიმდებარედ მომხდარ სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატია“ახლა კოვიდია, თუმცა საპროტესტო ტალღა ვერ გაჩერდება, გამორიცხულია”